კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ივნისი 2025 05:05

 

 

 

გინდა, არ გინდა -

დაგიბრუნებს ბავშვობას ძალით,

როს წააწყდები ცალხაზიან

რვეულში ნაწერს:

- შემოდის სახლში გაწრიპული

მეზობლის რძალი

და ბებოსაგან ნათხოვრობს საცერს...

გამოაქვს ბებოს საცერი და

გაატანს დინჯად,

გახედავს ბაბუს 

(თან ბაბუას პულოვერს არღვევს):

- “სახლში რომ არ აქვთ საცერი და 

არა აქვთ ქვიჯა,

რა ეცოლებათ ამნაირ ბალღებს!...”

ბრუნდება ისევ მეზობელი,

საყვარლად ხმელი

და ბაბუ, როგორც ბებო ამბობს,

თვალებით სინჯავს...

... დაკიდებს საცერს საკიდარზე

თავისი ხელით

და ბუჯერიდან წაიღებს ქვიჯას!..

... ვკითხულობ ნაწერს,

აღარც ბებო, ცომი და ვარცლი,

აღარც მეზობლის წრიპა რძალი -

უფლის ნახატი...

... სიცოცხლე, როგორც

წყლის ნაყვა და

წყლის ზიდვა საცრით...

სიკვდილი, როგორც

შეწერილი გადასახადი!..

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ვასილ ბესელია  • • •   ვასილ ბესელიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ