კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 24 მარტი 2026 05:01

 

მთარგმნელი: გრიგოლ აბაშიძე

 

ლამაზ ქრისტიან ქალზე ვლოცულობ,

ის ჩემი ხატი და ტაძარია,

სად მუსულმანი, სად ხატზე ლოცვა, 

ჩემზე იტყვიან: რამ გადარია?!


უმშვენიერეს კერპის წინაშე

გაფენილია ჩემი ფარდაგი,

სალოცავის წინ, ტურფა კერპის წინ,

დაცემული ვარ, როგორც ქადაგი.


მე მის მონასტერს მივადექ დილით,

დავაკაკუნე კარზე მორჩილად.

მითხრეს: „ჯერ ბერად ვინც არ შემდგარა,

ამ მონასტერში არ შემოჭრილა“.


ჯვარი ვიწამე, ჯვარში სატრფოს ვჭვრეტ,

ჩემი არსება მას ემონება,

ჩემი ბერობა ყველამ გაიგო,

რამ ამირია ასე გონება?!


მესმის მონასტრის ზარების ჟღერა, 

როგორც დავითის საგალობელი,

სასახლეში ვარ. თუ მონასტერში,

რა ზეიმია, რა სამყოფელი!


მისი სახება - ჩემი ხატია,

მზე არი მისი სახის სახატე,

მზე ბრწყინავს მხოლოდ მისი სახისგან,

მე მის ხატს შევცქერ და შევღაღადებ!


გულის სისხლით ვარ ნაზიარები,

ჯერ კიდევ სისხლის ჭიქა სველია,

ჩემი თვალები ტაძრად ქცეულან

და სატრფოს ხატი შიგ ასვენია.


ორმოც წელიწადს მორწმუნე ვიყავ,

სარწმუნოება ვიცვალე გვიან,

რჯულზე ფარულად ხელი ავიღე,

ჯერ თუმცა კიდევ მორწმუნე მქვიან.


ქააბას რწმენა რად დამნგრევია,

მიჯნურს გონება აგრე შემშლია?!

სატრფომ ნუგეშად მითხრა: „ნიზამი,

საუნჯე მხოლოდ ნანგრევებშია!“

შეიძლება დაგაინტერესოთ