კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ივნისი 2025 04:28

 

 

 

უგზოობისგან გზებმა დამიცვა,

მეც მსიზმრებია რაც კი გზებია,

და ქვეყნად გარდა ჩემი თავისა

სხვა არაფერი არ მიძებნია.

უგზოობისგან გზებმა დამიცვა,

მოვსინჯე რაც კი გზა და ფონია,

და ქვეყნად გარდა ჩემი თავისა

სხვა არაფერი არ მიძებნია.

უნდა მივსდიო ამ გზებს, ხეობებს,

უნდა მივსდიო, მივყვე ბოლომდე,

ცაო, ღმერთები თუ არსებობენ,

აქ, ამ მიწაზე უნდა ცხოვრობდნენ!

რას დამავალებს, რას მეუბნება

სული მომავლის, სული წარსულის,

ეს იდეუმალი წიგნი ბუნების

მზისა და მთვარის ყდაშიჩასმული.

ჰა, ცისარტყელას ჭრელი ზონარით

ჩანიშნულია კარგი ამინდი

და როგორც ბავშვი ძუძუმწოვარი,

ვარ მხიარული და მიამიტი.

თვითეულ ბუდეს, აფეთქებულ კვირტს

და ღრუბელს, მიწამ ცას რომ ასტუმრა,

სიხარული შობს, სიხარული ზრდის

და სიხარული უდევს სასთუმლად.

ცა - დედამიწის სიხარულია,

სითბო - სიცივის სიხარულია,

სროლა - სიჩუმის სიხარულია,

როგორც დღე ღამის სიხარულია!

სიხარულია სიცოცხლის დედა,

ჩვენი ცხოვრების ძირი, სათავე.

შეხე ჩიტები ლხენას თუ სევდას

მხოლოდ სიმღერით გამოხატავენ.

ო, სული შენი მადლისმფენელი,

თქვი, როდის უნდა ასახიერო,

ო, უსმინარო ყოვლისმსმენელო,

ო, უხილავო ყოვლისმხილველო.

მივდივარ სწორად თუ არ მივდივარ,

ვცდები ამ გზებზე თუ არა ვცდები,

სალამურივით შენს ტუჩს ვკიდივარ

და თითებივით მამღერებს წლები.

შენი წყალობის მოხარული ვარ,

საფლავის კარიც სიბრძნის კარია

და ყოფა მაინც სიხარულია,

მიხარია თუ არ მიხარია.

და არ ასვენებს სურვილი ძებნის,

გზები მიხმობენ, გზებზე ვიზრდები,

და ჩემს ოთახში გაჩრილან გზები,

როგორც კაპარჭში დასტა ისრების.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ