კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ივნისი 2025 04:18

 

 

 

იონჯასავით მწვანე და ნორჩი

ცა დაუკბილავს ღობის მარგილებს

და, როგორც ნედლი სიმინდის ფოჩი,

ნაწვიმარ ყანის სუნთქვა მაგრილებს.


შუა ყანაში ჩუმად მივდივარ, 

სახეს მისუსხავს მსხვილ-მსხვილი ცვარი

ამ ყანის მადლით გამოზრდილი ვარ,

რომ არ მიყვარდეს, სირცხვილიც არი.


დაჟანგულია მწუხრისფრად ყორე,

მოჰკიდებია ხავსი ობივით,

გადაფერდილა ჯმუხი საღორე,

ბეხრეკა ხეზე ზურგმიყრდნობილი.


იქ, მდინარესთან, ფერდობის დაბლა,

ხევმა გაიღო ჩქამი ქურდული - 

ეს დაბორკილი ცხენია ალბათ,

ჯაგებში მიდის ფრუტუნ-ფრუტუნით.


სურნელოვანი ნიავი მლოკავს

და ცისკრის სუსხით შევითრთვილები,

სოფელს კი თეთრი აცვია ჩოხა,

ალვის ხეების თეთრი ქილებით.


საკინძესავით ჩახსნილ შარაზე,

როგორც წვრილი-წვრილი ღილკილოები

ჩარიგებულან ელნათურები,

წითლად მღვივანი კვირტის ტოლები.


შეჭაღარავდა სიშავე მთისა,

ნისლმა ძნასავით დაშლა ინება

და ალიონმა ნიშანი მისცა

მამლების პირველ გაშაირებას.


შუკას ნისლებით უბე აევსო,

ხეებს მოორთქლავს ნისლის ფთილები,

თითქოს ამთქნარებს ბებერი ეზო

ფართოდ დაღებულ ჭიშკრის კბილებით.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ