კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ივნისი 2025 21:26

 

 

 

ქარი მთებზე ჯირითობს,

ქარმა ჯანღი დაწეწა,

ჩადგა ღამე ხევებში,

ფრთები მძიმედ დაკეცა.

თალხი ბინდი ჰკიდია

ტყის კენწერო წვერებზე,

ტყდება ელვა დროულად,

ავდრობს ბებერ სერებზე.

ქოხის თავზე იბნევა

ქვიმის კრიალოსანი,

შორით მოჩანს კერასთან

შავი მადილოსანი.

გადალეულ დედის გულს

დღეს ჯანღებმა აუწყეს,

თურმე იმის ობოლას

დანით გული გაუპეს.

ერთადერთი ნუგეში

ბალახივით გადახმა,

თითქოს ტყიურ მოზარედ

ყმუის მგელი გადაღმა.

ავდარია ქედებზე,

დედის გულშიც ქარია,

ბოღმა ცრემლად ნაჟური

თითქოს ნიაღვარია.

ჭირნახული ღაწვები

ჯავრმა უნდა დაადნოს,

მთაში ქისტი გოგონა

აღარ მოვა არასდროს.

ღამე დაყუდებულა

ქოხის მიწნულ კარებთან,

დედას ბოღმა აწუხებს

ცრემლი ბზინავს თვალებთან.

ავდარია ქედებზე,

ქოხთან ქარი ხრიალებს,

დედის შავი მანდილი

კლდოვან ქიმზე ფრიალებს.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - ადამ ალვანელი  • • •  ადამ ალვანელის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ