|
სამსართულიან სასახლეს არ აშენებდა არავინ, არ გაუმართავთ გარშემო ხუთი მაღალი კარავი, არც ორ წელიწადს წკრიალი არ გაისმოდა ამწეთა, არც ბულდოზერი - თვრამეტი მთვრალივით არ ბარბაცებდა. არ ხმაუროდდა ეზოში ავტომანქანა ცამეტი, არ მოუზიდავთ ასშვიდი ტონა ქვიშა და ცემენტი. არ გაუხსნიათ თორმეტი სახელოსნო და დუქანი, არ ჩამოსულა რაჭიდან შვიდი რაჭველი დურგალი. არავის მოუტანია ფიცარი ათას ოთხასი, არ ტრიალებდა თექვსმეტი მღებავი ჩვიდმეტ ოთახში. არ ჩაუყრიათ ეზოში თვრამეტი ძირი ადესა, არც ინგლისური ბულდოგი მოუყვანია ნათესავს. ვერ შენიშნავდით აივნის კუთხეში თერთმეტ იადონს, ან ორი ბარი სად იყო, ან სამი საბილიარდო?! არ ციმციმებდნენ ფოთლები პალმის და ფორთოხალისა, არც ცხრა ჩეხური ჭაღი და არც რვა თურქული ხალიჩა. არ გაუშლიათ დარბაზში ხუთი ფინური მაგიდა. არ გუგუნებდა სუფრული ღირსეულ მოამაგეთა. არ დაქანცულა თოთხმეტი მეზობელი და მსახური, არ დალეულა ორ დღეში ორასრვა ლიტრი კახური. არც შარიშური ისმოდა მწვანე ბაღთა და ბაღჩათა, და არც სამსართულიანი სასახლე არსად არ ჩანდა. |
