კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ივნისი 2025 12:05

იყო ერთი დიდებული ხელმწიფე. როდესაც დაბერდა და სიკვდილის ჟამი დაუდგა, დაუძახა თავის ერთადერთ მემკვიდრეს და უთხრა:

- შვილო, ხომ ხედავ, დღეს არა, ხვალე მოვკვდები, ფეხი სამარეში მიდგას, ქვეყანა შენს ხელთ უნდა მოექცეს. წადი და ყველა მხარეში თითო სახლი აიშენე, რომ გაჭირვება იქნება, თუ სხვა რამ, თავი იქ შეაფაროო.

შვილმა გაუგონა მამას, დაუხანებლად ადგა, წაიღო ფული და წავიდა. თავის სახელმწიფოში, სადაც კი მოეწონა ადგილი, მთა იყო, გორა, სოფელი თუ ტყე, მშვენიერი სახლები ააშენა. როცა ყველგან მორჩა სახლების აშენებას, დაბრუნდა მამასთან.

მამამ ჰკითხა:

- რა ჰქენი, შვილო, ააშენე ყველგან სახლები, როგორც გითხარი, თუ არაო?

- ავაშენე, - უპასუხა გულდამშვიდებით შვილმა, - სადაც ან მთა, ან კორდი მომეწონა, ყველგან მშვენიერი სასახლე დავდგიო.

- ვაჰ, შენს მტერსა, შვილო, შენ ის სახლები არ აგიშენებია, რაც მე გითხარი. ცარიელი სახლები გაჭირვებაში კაცს ვერ შეიფარებს. მე ის გითხარი, წადი, ყველგან თითო პატიოსანი კაცი დაიმეგობრე, შეიყვარე და შენი სახლი ის იქნება-მეთქი. სადაც კაცს კარგი და პატიოსანი მეგობარი ჰყავს, ის იმისთვის სახლიც არის და ბანიცო.

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  ქართული ხალხური ზღაპრები • • •  ქართული ხალხური ზღაპრები

შეიძლება დაგაინტერესოთ