კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ივნისი 2025 21:17

 

 

 

შესავალი

 

1

სამებით ღმერთმან, არსებით ერთმან

მომცეს მე სწავლა თქვენდა შემკობად!

2

გიძღვნა ქებანი: მწადს აქ ებანი,

დავითის დავით ვჯდე მუსიკობად.

3

მესმა ზევსური: რა ვნახე, ვსური,

რომ სიტყვა მეთხზნეს მეფისა ძნობად,

4

მუნ გულისხმობით თვით გულის ჴმობით

კარი სიბრძნისა სულელთა ცნობად.

5

შემოკრბით, ბრძენნო, ათინელთ ძენო,

თამარს ვაქებდეთ მეფედ ცხებულსა,

6

კრიტს, ალაბს, მაღრიბს, ეგვიპტეს, მაშრიყს,

ჩინეთ-მაჩინეთს, თარშის ქებულსა!

7

რომელნი ელნით, რომელნი ელნით

თავს სოგრატისებრ სწავლით გებულსა,

8

ვარსკვლავთ-მრიცხველნო, სხვათ ბრძენთ მკიცხველნო,

ვერ ძალ-გიცთ ქებად, თავს ჰყოფთ ვნებულსა.

9

ძე ადამისი, მსგავსად ამისი,

ვისცა ეხილვონ, მამცნონ, სად არი?

10

ღმერთმან სამოთხით მოგვცა სამ-ოთხით

ეთერ ბრწყინვალე, მზეებრ სადარი;

11

აღმოსავლეთით და დასავლეთით,

სამხრით ჩრდილომდის ჰპოონ, სად არი

12

ზესკნელ-ქვესკნელით და გარესკნელით,

უკანასკნელით უფსკრულთ სადარი?

 

თავი 1

 

13

ვიწყო-ღა ქებად, ძვილ შეკადრებად:

მსმენელთ ვაუწყო ქვეყნის მპყრობელი,

14

მჴნე, ლმობიერი, ქველი, ძლიერი,

ჰაეროვანი, მტკიცედ მფლობელი,

15

შარავანდ-გმირი, ორგულთ გამგმირი,

მტერთა ქვესკნელად დამამხობელი,

16

რიტორი, ბრძენი, მეფეთა ძენი,

ასპარეზთა ზედ მსპარაზნობელი.

17

დავითისადა დავით ისადა,

ეფუცა უფალს სიტყვა-მტკიცედა:

18

"ნაშობნი შენნი, შენ მიერ შენნი,

დავსვა მსაჯულად საყდართა ზედა".

19

ესე მისით-ა, ესე მისითა

კურთხევით უფლებს ძალთა შემწედა.

20

ა ქამით მორჩი! აქა მით მორჩი

სატუხელებრსა, ართუ არედ-ა.

21

არ იონათან, არიო ნათან,

ვინ ქმნა მას ზედა ზეთ-მცხებელობა;

22

დაცხრა, დაყუდნა, მისგან განცუდნა

უგმილთა ბორგით ზარ-მცემელობა.

23

დავით ძლიერი, მჴნედ საშინელი,

უფლებს და მთავრობს ურჩთ-შემწველობა.

24

ვგონებ მაქსიმედ: ჩემთვის მაქს იმედ -

მისგან სჯულისა დამბეჭდველობა.

25

ჴმობს ღმერც ხალისად, ა მერცხალისად

ჴმა-ტკბილ-მჴმობარედ იადონისად;

26

ნაძვი ლიბანით, სარო ერმონით, 

ფინიკად ზრდილი ენაგდიმისად,

27

ნერგად ვარდისად იერიქოსად -

სხვამც რა ვაჴსენო მსგავსად ამისად?

28

ასაფიც არი ა საფიცარი,

დამამტკიცარი წინასწარისად!

29

ბოლოქ-ბოლოქად, მყის სასალუქად

ბრძენი რიტორებს მისთვის სამოთხით:

30

"მირონ-გუნდრუკად, შტაჴსად, კასიად,

თაფლად, მანანად, სძედ თქვეს სიპოხით,

31

ოქროდ სემურად, მურად ქამურად,

ალვად, კინამოდ, სარდა-სარო ხით.

32

ნარგიზ-ლავროტი, ია-მაკროტი

მისთვის ამსგავსეს, რომ არს სამოთხით".

33

გავსილო ამით, ჰგავ, სილოამით

შეცოდებისა ბიწთა წარმრღვნელად

34

ვმოწმობ სულებსა დას-დასულებსა,

სამარადისოდ სჩნდე განუხრწნელად.

35

მჴნე ხარ ასური, მჭვრეტთა ასური,

ალვის ხე-ტანი რტო-განფენილად.

36

გხედვენ რა ღამით, მოსრნე რაღამით,

მიწევნულ იქმნენ თვით სიკვდიდ-ქმნილად.

37

მზრდელ არს მონათა: ზეცით მონათა

ივლისის მზემან ზედ ლომსა ჯდომით.

38

ტომნი და ერნი, ყრმანი და ბერნი

ადიდებდიან შვებით და ხლდომით.

39

არიან მჴეცნი, მთანი და ბორცვნი,

მაღნარნი, ველნი მისთვის შევრდომით.

40

შემუსრავს, შეფქვავს, თხემსა ვის ერქვას 

ჭურად ჩაფხუტი, ორგულთ მიწდომით.

41

თამარ მეფესა, მტერთ სისხლ-მჩქეფესა,

უკვდავთ წყაროსა, ცის სამყაროსა,

42

სხვათა მძლეველსა, თვით უძლეველსა,

კისკასად მქცევსა, ტანად საროსა,

43

მზედ სახოვანსა, თვით ახოვანსა,

ერთგულთა ჴსნილ-ჰყოფს, მტერთ ესაროსა.

44

მნედ მისთვის ვიყო, სული განვიყო,

უფალსა ჩემსა რამც გამყაროსა!

45

აქვს მას დაბეჭდვით, სმენით და ხედვით

"სიბრძნის დასაბამ-- შიში უფლისა".

46

ნათელი, წრფელი, უხრწნელ-მყოფელი,

შემწყნარებელი დავრდომილის-ა.

47

ცუდ-ყვნის მან მტერნი, ორგულთა ერნი,

საჴმილმან ვით ქმნის ძალი ცვილისა.

48

მოსე და არონ თხემსა დაარონ

მას ალაბასტრი ნელსაცხებლისა.

49

უსწრო ხარანით, - გაიხარანით! -

მწიკვლისა მკლებ არს, არ დამმატ ის-ა.

50

მსგავს ა მანტისა, არ ამანტისა,

უფროს მტკიცეობს ანდამატისა,

51

უფალთ მთავარი, მჭერ სამთავ არი

სამსაჯულოსა სრულად მათისა;

52

სწორად არს მზისა, კირჩხიბსა ზისა,

მთა ვერად სწორავს არარატისა.

53

მადლისა პური, სიბრძნის სადგური,

მჴედარი ღმრთისა სამ-ხატოვნისა; 

54

უზვერლებითა, სურნელებითა

მსგავს არს წმიდისა სამირონისა.

55

ყნოსა შროშანთა, მღერა შროშანთა,

ჴმანი ცუდ-იქმნეს საფირონისა,

56

ქვეყნისა ზღვარი - ჩრდილო და ბღვარი

დავლონ, ვის ძალ-უც მისებრ პოვნისა?

57

ზირაქს კრონოსით, ზინონს ენოსით

სწავლა დაებმის, ბრგვნილ-ჰყოფს ენითა,

58

ამათ ძალითა რომ ათძალითა

ორღანო უძნონ, ებან ებნითა.

59

უთრუთ-საამით ზაალსა ამით

განქიქებულ-ჰყოფს ძლიერებითა.

60

სალიმ და თური, ძლით უკეთური,

როსტომ, ვერა ვცან, სწორავს თუ რითა?

 

თავი II

 

61

ძირით მისისა იესესისა

შვილი მართალი იშვა ცხორებად,

62

ქალწულ-წმიდისა წილჴდომილისა

საქართველოსა მეფედ წოდებად,

63

სვეტად სჯულისად, ზღუდედ სულისად,

აგარის ერთა ცეცხლთა მომდებად!

64

ახალი ფასი ა ხალიფასი

მრავლად მოერთმის თავთა მონებად.

65

იკითხვენ, სწერენ, თაყუმსა სჩხრეკენ,

რამლს ჰკრვენ, არჩევენ ბედთა მათთაგან:

66

"ჩვენ რომ გვესმისა, წყაროდ გვესმისა 

სამოთხის წყლისა ცხოველისაგან".

67

ვთქვა მე აწ ვითა, რომ იქმნეს წვითა

მნათობნი მძაფრად სხივთა მისთაგან?

68

ხედვენ მზერითა: "სწორავს მზე რითა?" -

ფიცვენ: "მიჰრიდა თვისთა სხივთაგან!"

69

დოვლათ-სვიანად სუფევს მზიანად,

შვიდთა მნათობთა გარმოზღუდვითა.

70

განათლდა არე მისით, ვით მთვარე,

როს განჴმულ იყვნეს ცანი ჴომითა.

71

ხილვა მეფისა მჭვრეტელთ ეფისა-

თვალნი მაღნიტზე ფოლადობითა.

72

ლხინად გვეყოფის, არ გაგვეყოფის!

არს მიწყივ შვებით და განცხრომითა.

73

მჴედრად ქველობით, უძლეველობით,

სახედ უსწორო ანაგებითა,

74

უფლად სპასპეტთა, თვით ქალაქპეტთა,

აქვს-ღა გოდოლნი ანაგებითა.

75

მშვილდთა მაზრაკა უქმნა მტერთ რაკა

გულსა უწყალოდ ანაგებითა.

76

ცუდ-ჰყოფს მისანსა ტილისმისანსა

ხრიზმოსთ კითხვითა, ანა გებითა.

 

თავი III

 

77

აღვძრნა ბაგენი, ბრგვნილად მაგენი

გულისხმის-ყოფით შესხმად ქებისა

78

მაღლისა, მჴნისა, ბრძენთა სეხნისა,

აღმოთქმად ვიწყო ნეტა რებისა?

79

გოლებრ მწთოლვარე, არად მკმოლვარე

სამართლად ღირსი ნეტარებისა. 

80

არა სთნავს რისხვა. გესმის? -არი სხვა:

ნამდვილ ჩვეული მოწყალებისა.

81

ესა მართალი: ე სამართალი

ხეს შეიქმს ჴმელსა წყალმომდინარედ.

82

აქვს მას ტრიონი სანატრიონი

საწმისისაგან სამოსად გარედ.

83

აწ ესე ლომი, თვით ე სელომი

მისთვის აღეგო კეთილ-საჴმარედ.

84

წყლად არს გეონი, ვინ ლეგეონი

პირდაყოფილ-ყო უქმად, მედგარედ.

85

აქვს სასოება მას, სათნოება,

სარწმუნოება სიყვარულითა.

86

მადლთა ტალანტი, სავსედ ბალანტი

შეუკრებიეს თვით სურვილითა.

87

ქველის საქმითა ვკვირობ აქ მითა,

რაც ოდენ მესმის იდუმალითა.

88

უსხეულონი ზეცისა ძალნი

მისთვის იშვებენ სიხარულითა.

89

აფთონს ბრძავს, ათენს, ესრეთ გაათენს

წყვდიადსა ნათლად სხივნი მზისანი.

90

კაცმან სულელმან და უსულელმან

ვერ გულისხმა-ყოს ზრახვა მისანი;

91

ფშვის და სურნელობს, თვით მომცემელობს

ჩვენდა სიბრძნესა მადლნი ღმრთისანი!

92

ვისცა შეჰრისხდა, ნამდვილვე მიჰხვდა

მას სალმობანი სიკვდილისანი.

93

ბრძანონ სამალად, არ თუ სამალად:

"ელი ამო სით, ეს რომ არა მით?

94

მასთანა შორად, - ართუა შორად! -

ელია-მოსით, ესრომ-არამით.

95

ქველად ჭერითა, რისხვით, ჭერითა

ელი ამ ოსით, ესრო მარ ამით.

96

მასარ ა რითა? მას არ არითა,

ელ ია-მოსით. ეს რომ ა, რა მით?"

97

ვით ვუძლოთ ქებად, შესხმად, დიდებად

თქვენდა, მსაჯულო სიმართლისაო?!

98

ჰმთავრობ და უფლებ, ათავისუფლებ

პყრობილთა, ბრძმედო სიწმიდისაო.

99

მენანდარ გიცნობს, ოქრო-ჴმად გიძნობს,

სამუსიკოო ზირაქისაო.

100

არსება გმზეობს: მის მიერ გმზეობს,

წიაღი გელის აბრამისაო.

 

თავი IV

 

101

ხარ უკვდავება! ვით უკვ დავება?

რაც ძალ-მიც, ქებად ვიწყო მწადენი:

102

ტურფა სახითა ცხოვლადსა ხითა

მოყმე, მჴნე, უხვი დაიბადენი.

103

სიბრძნისა სირად, სწავლისა სირად

გარე მოგეთხზნეს რიტორთ ბადენი.

104

აწა მეთავსა: აწამე თავსა

ღვაწლი, ვინ უწყის, თუ რაოდენი.

105

ზეცით ხარ ნათლად, ბრწყინვალედ სანთლად,-

ჩვენ თქვენად ქებად სიტყვა რათ ურთით? -

106

მსრველ - ბარბაროზთა, მძლედ - სარკინოზთა

ჩაფხუტ-ჯაჭვ-ჭურით, ოროლითურთით!

107

ისაკებრ პირმშობ კურთხევით, ნიშობ

მელქიზედეკის ლოცვით ზედა-მთით.

108

ესავისითა ეს ავი სით ა, -

მაუწყონ მთქმელთა, - თუცა რათ ურთით?

109

ვისცა უგმირეს, მისთვის უგმირეს

არს ეს ყოველთა თვით-მპყრობელთასა,

110

ღმრთისა სამ-მზისა, ვინ ზესთ სამ ზისა-

ეთერთ, სამყაროთ და ღრუბელთასა.

111

ზღუდეთა კარი, მადლთა ფუტკარი

უტკბესად სძისა გოლეულთასა.

112

შემუსრავს ბაალს, მოლოქს და ქამალს,

ასტარტის კერპსა საძაგელთასა.

113

მჴედრობს უნესა: გულად უნესა

სათნოებისა ჭური რჩეული.

114

ე საც ერია, მეხებრ ერია,

რაზმნი შეიქმნეს სულ-დალეული.

115

ქმნის რა ნავარდი, მყის განავარდი,

ფერობს, ვით ვარდი თვით დაცვარული.

116

იჴმარნის მკლავნი, ჴაფად მომკლავნი,

აღმტაცებელნი, გრიგალ-ქარული.

117

მტერთა მახვილნი იქმნეს, ვით ცვილნი,

მახითა მითვე, რომელ დაარწყვეს,

118

ექმნა წარმართსა და ერსა მართსა

განსახრწნელ, რომელ სრულ პყრობილ იყვნეს.

119

რა მარზაპანთა და სპათა მათთა

შეჰრისხდა ლომი, თვით ნანვად იწყეს.

120

მაშინ დავით, მათ მაშინ დავით მათ

მრჩობლად სხეულთა სული განიყვეს.

121

იყვის რა ზმითა, ურიცხვ რაზმითა

გულის-მდებელად თვისთა სპათათვის,

122

გორგასლიანი, დავითიანი

დროშა იახლის მსრველად მტერთათვის.

123

არ ვეჭვ, ეგზომი ბრძოლა და ომი

სხვასმცა ძალ-ედვის მისგან მიმართ ვის?

125

მებრძოლთა გუნდნი ყოვლად ყვნის ცუდნი

ჴმა როსტომითა უმჴნე ძალთათვის.

126

ვჴმობ ვამეყ-ვისსა, ართუ მეყვისსა,

როს იავარ-ყო იამან ქვეყნით,

127

აღმოფხვრა სული - ძე და ასული:

რაც უყო, თქმევად ვის ძალ-უც ენით?

128

ვნახეთ ა სერი: მაზედა სერი -

მჴეცნი, მფრინველნი უწყლად მისევნით!

129

ექმნა უწყალოდ, თვით ქმნა უძალოდ

მეფე გლახაკებრ ძონძთა მოფენით.

130

თვით სულ იმონა კიდე ლიმონა,

მით გამოსცდიდა ლომისა მკლავთა:

131

ალაგა მითა - ა ლაგამითა

ცქაფად იჴმარნეს ეტლთა მბრუნავთა.

132

ვინ რისხვით უჴმო, უტყვ-იქმნეს, უჴმო

შიშით და ძრწოლით მომრთმევად თავთა.

133

ბნელ-ჰყოფს ყოველთა ქვეყნის მპყრობელთა

ვით მზე დაჰფარავს სხვათა ვარსკვლავთა.

134

აბჯარ-ჴრმალითა, ვეფხებრ მკრჩხალითა 

მეხ ექმნა მტერთა ცით მოსალოდნი.

135

მიჰხვდეს სიბრმესა, დაჴდეს სიღრმესა

ორგულთა ერნი, ვითარცა ლოდნი.

136

აქარავანი ა ქარავანი

მეგობართაგან მათთვის საწოდნი.

137

ვადიდებ ჴელსა ბრძენსა, არ ხელსა,

რომ სცა მათ ნიშნად ბოლოდ საცოდნი.

138

ხარკე ისარი! ხარ კეისარი,

სიმდიდრით ლაღი ჯიმშედ-მფლობელი.

139

მოსიმახოსა მოს იმახოსა

მახვილი, თქვენთა მტერთა მწყობელი.

140

ჯაღაც ისეფქევ, მოსრვით ისე ფქევ,

ბრჭალი ჰქმენ მათზედ მეოტ-მპყრობელი.

141

პვირ მამენდ მეხი ავად რა ჰმეხი,

ორგულთა ექმენ დასამჴობელი.

142

კვერთხი მეფეთა, დიდ ჴელმწიფეთა,

თვით გაქვს გებალით: სხვამც რად ეკვეთოს?

143

ჯაჭვ-საჭურველნი ძნელ-სასურველნი,

მით სარკინოზნი მყის დაეკვეთოს;

144

ჴრმალი ლესული, მასზედ მჴნე სული

ბარბაროზთ მსრველად მყის წარგემართოს,

145

მკლავნი ძლიერნი, გმირთა მძლიერნი,

რისხვით მათ ზედა რომ მოგემართოს!

146

შესამოსელნი, შესამკობელნი

გმოსიან ტანსა ოქრო-ნემსულნი,

147

გვირგვინ-სკიპტრანი, ბისონ-მიტრანი

ძოწეულითა თანა-შექსულნი.

148

გაქვს-ღა პორფირთა შთაცმა, პოდირთა 

სამარაგდონი ერთგან ექსულნი

149

დიადიმითა: დიადი მით-ა,

ზეგარდამო გაქვნ წმიდად ექ სულნი.

150

ვიტყვი ხვასროსა, იმა ხვასროსა,

ერეკლესაგან ტყვედ შეპყრობილსა,

151

პირველ მყოფისა მის მეუფისა

სპარსეთად ძელის წარმყვანებელსა!

152

სთქუთ-ღა ესეცა: "მსგავსად ესეცა

უღმრთოთა შეიქმს თვით-ოტებულსა.

153

ა მოთხე მისთვის, ამო თხემისთვის

ნათანით ვსძღნობდეთ ნელსაცხებელსა!"

 

თავი V

 

154

თუ ვუქო სრანი, მე ამის რანი? -

გალავანისა შემკულობანი,

155

მტილ-სამოთხენი, თვალთ სამოთ ხენი,

ზედ ავაზანთა შექმნულობანი,

156

კართა სტოვანი, ერთა სტოლანი,

იპოდრომისა განჴმულობანი,

157

საჴმრად ლანკანთა, თანად პინაკთა,

ბადაჴშნით ჴელ-ყვნეს შექმნულობანი.

158

ტახტ-საჯდომელნი მკამკამებელნი,

სარდიონითა ხურუმზს შემკულნი,

159

მისაყრდნობელნი ძნელ-საცნობელნი,

სამოთხით ნაძღვნი, თვით უდნობელნი.

160

ოქრო-ვეცხლებრივ ბრწყინავს, ცეცხლებრივ,

კედელ-ყურენი ფიქლით ძერწილნი,

161

ბივრილიონნი, ლიგვირიონნი 

ურთიერთობით შორის შთათხზილნი.

162

გვირგვინოსანსა, პორფიროსანსა

უჴდების პყრობა სკიპტრისა ჴელსა.

163

ჟამი დილისა მოწმენდილისა

განბრწყინვებულ-ჰყოფს წყვდიადსა ბნელსა.

164

მიჰხვდეს მისრულნი, მისთვის მისრულნი,

თვისთვის მისრულნი საქმესა ძნელსა.

165

მე თუ კვლად გაქო, ვიცი, კლვად გაქო

სხივთა ნათელი გვამსა უხრწნელსა.

 

თავი VI

 

166

წყლად გთქვა ნილოსად, უსასყიდლოსად

სამოთხით ჩვენდა ქანდაკებულად,

167

ოქროდ ოფასად, ძნიად საფასად

ყოვლად ყოვლითურთ ბიწშეუხებლად.

168

სიწმიდის ბრძმედსა თვით განსაწმედსა

გამოდნობილხარ ბიწშეუხებლად,

169

თვალად ალმასად, - გავნოს ალმა სად? -

საფუძველთ ზღუდედ წახნაგებულად.

170

ვინც იწყოს რიცხვი, იქმნას ურიცხვი

გოარი მათგან დანათვალითა;

171

რიყე თვალისა სწორ-ნათალისა,

წყალნი მგზებარობს შიგან ალითა,

172

ჩანს მარგალიტი, - ართუა ლიტი! -

ოდენ ბურთისა საბურთალითა.

173

აქვს ზარდაჴშანი მას, ბადაჴშანი

ლუსკუმებრ მათთვის დასაკრძალითა.

174

იაგუნდისა სხვა რა უნდისა?

ჯამები იყვის ლალ-ფირუზისა,

175

იყვის ჭურჭელთა სხვათ უცხოფერთა

სიმრავლით დება, თვით ურიცხვისა.

176

ბევრად ძეს გორი, ერთა საგორი,

ზოდი ოქროსა მისგან თლილისა.

177

ისმის მგოსანთა, ვით საფირონთა,

ჴმანი ებნისა და წინწილისა.

178

ეგრეთ ინახის შორის ინაჴის,

ვით მზე სამყაროს მანათობელი,

179

მთვარის მშვენობით, ცისკრის მთენობით,

სხივ-მკრთოლვარებით მკამკამებელი,

180

ედემს დარგული სამოთხის გული,

ციერთ უმაღლე, ქვეყნის მპყრობელი, -

181

გვამცნებს სრულებით ღმრთისა სრულებით

ჩვენთვის მარტივად სჯულისმდებელი.

182

გუნდ-მწყობრი, დასი მას ბევრ-ათასი

ჰყავს დიდებულთა, დიდგვარ თავადთა.

183

იოსებს თვალად, დიდს სამფსონს ძალად,

სჯობს ნებროთს გულად ნაყოფი მსთვადთა,

184

ცუდ-ჰყოფს, ვით ცვილთა, ლიქნა-სიცბილთა,

მზირთ სიბორგილით, საბრჴით ძმაცვადთა.

185

მისთვის მოვსწყდები, შევირაცხები

მსხვერპლად: ვემსგავსო ცხოვართა კლვადთა.

186

მზე--მთოვარითა! ცა-ვარსკვლავითა!

შუქნი მიუხვმან მის ელვისათა.

187

მამის ძედ არი სამგზის ნეტარი,

მეტრფე საქმეთა სახელისათა,

188

თვით ბჭეთა ბჭედი, მტკიცე ბეჭედი,

მეწდე სიტყვათა სიმართლისათა,

189

ერთა შემცველი, მტერთა შემწველი

თანად შიშითა სასჯელისათა.

190

სახედ ელვისა! სახედველისა

მჭვრეტთა ვერ უძლეს განცდად სხივისა.

191

მო, ე კალმითა! მოეკალ მითა,

რომ უქმად სდეგით ხატვად სახისა.

192

მისთვის წამალნი, სჯობს, რომ წამ ალნი,

თვარ იქმნეთ თვისთვის მზახნი ახისა.

193

მან იოსებსა - არ ი ოსებსა! -

სიტურფე ართო, თვით მსგავსი მის-ა.

194

ალვის ხე-ტანი, მსგავსად შემტანი,

აქვს კოწოლთ-დაყრით კვიპაროზისა.

195

დასწვავს სრულობით ჯავარ-სრულობით

მზეთა, საჴმილად ეშყი უგზისა.

196

სტავრა და ნახლი, არ ბილწ-ჴელ-ნახლი,

მოსიეს ტანსა მჭევრსა ზეზისა.

197

ვით მზე ღალიად, ეგრეთ მალიად

მორბედად შავსა ტაიჭზე ზისა.

198

არ გასტეხს ფიცსა, თვით დანამტკიცსა:

ჰე-ჰედ იყოსა ანუ თუ არად?

199

ძლევა მარჯვენით მოიმარჯვენით

უფლისა მიერ ჭურად და ფარად.

200

ექმნა ქუხილად, თვალთა წუხილად

რაზმთა ურიცხვთა, მეხ-გრიგალ-ქარად.

201

ერი რჩეული, ნიჭთა ჩვეული,

 მისგანვე იქმნეს კეთილ-საჴმარად. 

 

თავი VII

 

202

ვარდო უფრჭვნილო, ცვრით განბანილო,

ნერგო სვიანო, დავითიანო,

203

ვინ კისკასია, სურნელ-კასია,

ბალასნად კმოლავ და ვით იანო!

204

ვინ ხარ? ან თრაკი? - ქვეყნად ანთრაკი,

უცხოდ აგებულ- ანაქვსიანო,

205

გონება-ვრცელო, კვლა ცნობა-გრძელო,

მოთმინებაო იობიანო!

206

ბანაკად საღმრთოდ, ერ საზეპუროდ

ხარ ღმრთისმეტყველთა მათ ჭურვილთაგან.

207

ექმენ საჴმილად: იყვნეს ახმილად

მზირნი ფარულად შორს ქალაქთაგან;

208

მწარედ ლმობილნი, ეგრეთ ცნობილნი

უღონო იქმნეს თვისთა სლვათაგან;

209

გულ-დრკუ-ხენეშნი, განმრყვნელნი ეშვნი,

აქიტოფელ ჰყვენ განზრახვათაგან.

210

ატიკულისა, პატრიკულისა

ხედვის უფალ ხარ სიწლოთ-სიჴშოსა.

211

უთქვამთ ებელთა მეძიებელთა

შენთვის პროკლეს და [იამვლი]ხოსა:

212

"არვეთა ვსებით არ ვეთავსებით

სიბრძნისა ზღვასა თამარ-პირმშოსა!"

213

ზინონ, ზენანი, მოგვთა ზენანი

მეუფედ გჴმობენ პერიპატოსა.

214

იმ ალვისა ხედ იმალვი სახედ, 

მჭვრეტთა შემწველ-ჰყოფ მით მოტყინარედ;

215

კვლა ეს ხეული არე სხეული,

ლმობით პატიჟად ექმნების მწარედ.

216

ეგე ენიად: ე გეენიად

ექმნა და მათ იქმს სრულ ქვე-მდებარედ.

217

მწირი და მსხემი, ეგრეთ დამსხემი,

ქებისა ვიქმენ თქვენთვის შემკადრედ.

218

მოხველ განრომით მტერთაგან, რო მით

სიმჴნითა აზმნობ მძლედ მორკინალი,

219

სწავლის მოძღვარი, საშვებლის ბღვარი,

გზა სიწმიდისა, ცხოვრების თვალი.

220

ჰყოფს ანეულსა, მყოფს ან ეულსა

არ ოდეს ბიცად ერქვნისა ძალი.

221

ჰხედავ: გაქვს მოჴშო. ვაი, თუ მოჴშო

წყალობის კარი ტკბილად მზრახვალი!

222

რა მოიზარდე, თვით მოიბლარდე

ნათლითა ყოვლის მპყრობელისათა.

223

იროიკ, ბოღრატ, პარმენიდ, სოგრატ

უფლად გთქვეს ზღვისა და ჴმელისათა,

224

ფილოსოფთ რვისა გარდატვიფრვისა

მხედველ ხარ მსგავსად ებელისათა.

225

ექმენ ედილად ყრმათა, ე დილად,

განმბანელ შვილთა ემბაზისათა.

 

თავი VIII

 

226

გიჴმობ მანასებრ, გიწოდ მეუფებრ,

სიტყვით შეგითხზავ ქებას ჯეროვნად.

227

ნათლად მნთებარე, წინამდებარე

სხივ-მომცემელობ ელვა-ცისკროვნად.

228

ძალ-გულად მჴნეო, სვე-ბედით ქვეო,

ასპიტ-ცემულ-ჰყოფ მტერთა, ახოვნად

228

მყის მოამდოვრებ, მათ შეიქმ ცხოვრებ

უჯეროდ მზახთა მდელოთა ძოვნად.

229

ლომს ძლიერება, მზეს ბრწყინეალება,

მუშკს სურნელება შენგან მიეცა;

230

ყანდაარს შაქარ, მაღრიბს ოქროს ქან,

ბარანს მარგალიტ- სადაფი ეცა,

231

ქვეყნის მნათენი, მოკამათენი,

ბაზიყად გექმნეს სურვილით რეცა.

232

წმიდათ მემწყობრე, მათთან მოსაგრე,

ზეცისა ძალთა ხარ მოდასეცა.

233

ვხედავ მა რტოსა გაშლით მარტოსა,

გვართა მთავრობით ზესთ საჩინოსა,

233

კაცთ-მოკვდავისა დამკოდავისა,

შეიწრებისა არ-მომთმინოსა

234

სწავლის ებგური, უცხოთ სადგური,

ნავთ-საყუდლითა სწორავ ნილოსა,

234

სიბრძნის უფსკრული, ენა-რიტორი,

მსგავს ხარ მთისა მის ეტონეოსა.

235

თქვენ ინდოეთი, კვირინ-გუთეთი,

არიელ-ფოტელ- გერგესეველი,

236

შიშველ-მართალი, ციდამტკაველი,

აბაშ-შაბაში, ღვედკეც-ეველი,

236

ბასრი, ბარანი, ვრახმან-ერანი -

გაქებს, გადიდებს ძნობით ყოველი!

237

არდამი ვარდა, გლახ, დამივარდა

ენა მართლის თქმად ვეღარ მგებელი.

 

თავი IX

 

238

ძირმტკიცედ გოდლად, ზედ კართა ზღურბლად

ცის კამარათა სჩანხარ ზესთ მდეგად.

239

ორგულთა მოსწყლავ, ძირითურთ მოჰსხლავ,

ერთგულთ ექმნები ფარად და ზურგად.

240

ურჩთა ედომით ცეცხლად ედო მით

შერისხვა თქვენი სრულ დასადაგად;

241

საჴმილთ არმური სწვავს მათ, არ მური

გუნდრუკად ერთმის ოქროსა რიგად.

242

გვრიტთა მართვისა თვარ აქვს მართ ვისა

თქვენებრ სურვილი მეუღლობისა?

243

წარ-თუ-წირულ ვართ, არ განწირულ ვართ,

რადგან თქვენ გპოვეთ მზედ უფლობისა.

244

მადლის მუშაკთა ექმენ ხორშაკთა

მაგრილობელად სხეულებისა.

245

მთა შეუძრველი, კლდე შემმუსრველი,

ლოდი ხარ მტერთა დაბრკოლებისა.

246

თვალი ხარ ბრმათა, თვით მზრდელი ყრმათა,

მშიერთა პური, უსახლთ სართული,

246

მამა ობოლთა, მსაჯული ქვრივთა,

შიშველთ სამოსლად მონიჭებული,

247

მოხუცებულთა, შრომით რებულთა

სიმტკიცის კვერთხად მისაყრდნობელი!

248

მოგვფენ სიბრძნესა, წერილთ სიღრმესა

თვით განგვიმარტებ მადლთა მთხრობელი. 

249

მან უცოდველმან, ყოველთ მხედველმან,

ზესთ-არსმან ზესთა თვითებისამან,

250

მიუწვდომელმან, დაუწყებელმან

ნათელმან ერთმან სამებისამან:

251

მამისა ნიჭმან, სულისა ნიშმან,

ძის თანა სწორად განსაზღვრებულმან -

252

გქმნა ცისკრად დღისად, მთიებად მზისად:

ვარსკვლავად ცისად, თვით უბინდომან.

253

ჰფუცა მონამა: ზეცით მონამა

მანანა ჩვენთვის მწყერ-მარხილებით;

254

გვცა სრა სრულებით, სავსედ სრულებით--

თვალ-გოვარებით, ოქროს მილებით.

255

მისგან ბოძება - ართუ ბოძება -

მრავლად ვიხილეთ ტკბილის გულებით,

256

ჩვენთვის მთმობელად, დასათმობელად

სანუკვრად ვპოვეთ ესმარ-ხილებით.

257

აწყა რომითა ა წყარო მითა,

ეს მოგვენიჭა ქრისტეს მიერად:

258

იტყვის იგავსა, ართუ იგ ავსა,

ზირაქის მსგავსსა, გულისხმიერად,

259

მტკიცედ და მკვეთრად; მისგან უკეთრად

ნეტარ ვინმც იქმნა, ანუ თუ დარად?

260

მისრულ მისრულა, მისრულ მისრულა,

გული როს მქონდა სალმობიერად.

261

სჭვრეტენ შეფრფინვით მნათობნი, ვინ ვით,

ხვეჭით და ნდომით, სულ-წასრულებით;

262

ეტყოდეს გულსა მისთვის დაგულსა: 

"რადგან დაებით, ბარე სულ ებით!"

263

თავს აბარებდენ, არა, ბარე ბდენ,

მყის გლოვად იწყეს ალვა-რგულებით.

264

წამწამს ისროდის, განესისროდის

მზენი ლახვართა მისთა სრულებით.

265

არს შვენიერად, არ-ქვეყნიერად -

ანგელოზთ სახედ დასახებული,

266

მეფედ გებული, ლაღად შვებული,

თვით მხიარული, სამ-დიდებული,

267

მორჩი ალვათა. აკრთობს ელვათა

არეთა მთენი, ცისკრის კრებული.

268

მართებს, რომ ცამცა ჰქონდა მასცამცა

სახლად სამყოფად განჩინებული!

269

სჯულისა ლარი, ქვეყნის სალარი,

გამდიდრებული ფრიად ყოვლითა!

270

უწყნის ყოველნი ჟამნი და წელნი,

შეყინვა ნივთთა ცით მომგრგვლებითა;

271

ქვეყნის უფალი, მჭვრეტთ სატურფალი,

საყნოსლად მათთვის სურნელებითა.

272

თვით ლომი გმირი: ნუთუ ეგ მირი

თქვენ ჰგონოთ მისებრ ძლიერებითა?!

273

მტერთ არე წყალი და ნაბერწყალი

მიჰფინის ჴმათა მისთა არმურმან;

274

განძვინვებულნი, ცნობა-ვნებულნი

მეხდატეხილ ყვნის მკლავმან ძლიერმან;

275

სრბით სლვა უჯეროდ, ძნელ-გასამრჯელოდ

უქმნის რისხვამან კვლავ მის მიერმან.

276

ეცის ვის ის რა, გულსა თვით სისრა

მყის განაწონის მან სახიერმან. 

277

საფარველ ერთა, საძლეველ მტერთა

მარტივად ბრწყინავს თვალი სოფლისა,

278

გონება-ვრცელი, ყოვლ-განმხედველი,

ქრისტესთვის მთხევი თვისთა ოფლისა;

279

ნიჭთა მთხრობელი, წინა-მსწრობელი,

მადლით სპეტაკი უფროს თოვლისა,

280

მისთვისვე ქმნილი, თვით განკუთვნილი,

უფლადცა მხედი ნივთთა ყოვლისა.

281

ცნობისა სვეტი, ხვეჭით საჭვრეტი,

სიმაღლედ, სივრცედ, სიგრძედ და სიღრმედ,

282

სჯულის ფიცარი ძნელ-საფიცარი,

მადლთა ბარძიმი ერთა განსაწმედ,

283

მზე დაუვალი, მყის დაუვალი,

არს შვიდი მნათი მას ზედ მოწამედ

284

წმიდად აქვს სული დასთა-დასული

სამყაროს ნათლად, არა თუ ღამედ.

284

მისგან ვითხოვო, ართუ ვითხოვო,

რათა სცეს სწავლა თბესა მცონარსა.

285

თვით აუარო: არა უარო

ქვეყანად ყოვლთა უფალთ-მთავარსა:

286

სამ-სახეობით, სამ-სახეობით

ჰხადის უფალსა და მაცხოვარსა.

287

ა ბანაკებით აბანაკებით

მკვირცხლად გვახილვებს მებრძოლთა ერსა.

288

ვხედავთ: სფეროთა სამისფეროთა

საქმეთა მქნელად ვალს სიფიცხენით;

289

ცის საქანელნი გარდმომდენელნი

მადლისა ცვართა ექმნეს მას ზენით.

290

თვით მის აქაზის ნაცვლად აქა ზის

ახოვნებისა სვეტნი მტკიცენით.

291

ონორის დუქსა პირს ავად უქსა

მყის შერისხვითა, მსწრაფლ სიმკვირცხენით.

292

დრო შამოიგდო: დროშა მოიგდო,

მტერნი დაჴოცნის აოჴრებითა,

293

ბუკ-ტაბლაკობით საარაკობით

მედგრად იბრძოდის გამწყაზრებითა;

294

განცბუნებულნი, განწბილებულნი

უღონოდ შექმნნის აბჯართ აჴდითა.

295

გამეხებული, გამარჯვებული

იყო, იშვებდა ფუფუნებითა.

 

თავი X

 

296

ვაქებდეთ, ერნო, ყრმანო და ბერნო,

საუნჯედ ჩვენთვის მონიჭებულსა

297

ქრისტეს მჴედარსა, მჴნე-ახოვანსა,

პირად-პირადად განშვენებულსა,

298

ნათლად ბნელისა გარფენილისა,

ეთერთა ელვად დასახებულსა,

299

სიწმიდის ვაზად, არ-ბილწად ავზად,

ნათლის ემბაზად დაარსებულსა!

300

ღმერთმან და ძემან, ღმრთისა სიბრძნემან,

ყო ეს უაღრეს სულთა ყოველთა,

301

ნათლად ცხორებად, არ განშორებად

ზეცისა ძალთა, გუნდთა ცხოველთა.

302

მნედ ტარიგისად, ვითარ იგი სად

ცხორებდა ჩვენთვის ქვეყნად ქვე-ველთა,

303

აღაგო სახლად, სწავლის თან-სახლად

ასურვა ენა მისი მსმენელთა.

304

ვთქვა ფინიკელნი, არ აფრიკელნი -

მათ ქმნეს წერილთა მოგონებანი.

305

კატამანეთო, იამანეთო,

მისდა მყის ცუდ-ჰყვენ მოგონებანი.

305

გიჴმობ რომელთა, გიცნობ რომელთა,

ყურნი მომიპყართ, მო გონებანი!

306

მისთვისღა ქებით ხარ, განქიქებით

ბიწი ვინ ჰპოონ, მოგონებანი.

307

ანდიბან მოგვმან, გრძნებითა მბორგმან

მისნობით ჴელ-ყო ზაკვით ზღაპრობა;

308

ეშმაკს ევედრა, სული შეჰვედრა,

მით ექმნა სრულად მათთან საგრობა.

309

თქვენგან ქურუმთა მყის აქ ურუმთა

მოლითა ცუდ-ყვეს ბომონთ-მოთხრობა.

310

ძეგლად სჯულისად მართლ-მსაჯულისად

დავით გიწოდა თვისად მკვიდრობად.

311

დაწერა ქვითა და წერაქვითა,

ანდამატისა ცვილ-მყოფელითა:

312

"მჴნედ ასაკისა, პავასაკ ის-ა

წმიდათა თანა მომრეწელითა".

313

ტყორცა ისრისა მიკვირს, სისრისა

მერკვირისაებრ უსჯულთ ვლენითა;

314

სარკინოზთ ერთა სხეულთ აერთა

ოროლი მორფსა შიგან წევნითა. 

315

არაბ აშია! არ აბაშია -

მეფე მორწმუნე, ჴმელთა ნათელი;

316

გულთა და სულთა თვით მათ დასულთა-

ებრ ბრწყინვალე ჰყოფს მადლთა სანთელი,

317

ალვა მოზარდი: სოგრატ, მოზარდი

ქებისა პოვნად, ვითა სულელი.

318

საბასრო მის ა საბას-რომისა

მგმობარი, თავთა დრკუდ განმსწავლელი.

319

მაჰმადის სჯულსა გარდალაჯულსა,

ბილწად საქიქელ- საბასრობელსა,

320

სიძვა-მრუშებით, არა-წმიდებით,

ჩუკნა-ლირწებით სჯულთა მპყრობელსა,

321

თვით მეზღაპრესა, ცუდ ფეღამბრესა,

ღმრთისა არ-მართლად მქადაგებელსა,

322

ეც მოსეს ხითა, არ მოსესხითა,

მას ღმრთისა მიერ საძაგებელსა.

323

თქვის სიტყვა მჭევრი, ართუ დუხჭირი,

მოსაქცეველ ყვნის წარმართთა ერნი.

324

მათ სატუხელნი, ძნელ-საწუხელნი,

სჯულნი შეუქმნის თავისა მტერნი.

325

მისცის ყოველთა, ვინც იყო ველთა,

ადიდებდიან ყრმანი და ბერნი.

326

მისთვის უგბილად, განსალიგებლად

შეიქმნეს მდედრად სხვანი ძლიერნი.

327

შვიდ წვალებითა, შეცვალებითა

იყვნეს ძველითგან შობის დღის მზმელნი

328

სადუკეველნი, ფარისეველნი, 

მცნებათა სჯულსა არ-კმა-მყოფელნი,

329

წერილთ მომპოვნნი, თვისით მომგონნი,

სხვანი დღითი-დღე ნათლის მღებელნი,

330

ნაზარეველნი, ხუთ-ოსინელნი

მისგან შეიქმნეს პირდაყოფილნი.

331

მაკედონიოს, დრკუ საბელიოს

შეცდომით ჰგმობდეს სულსა წმიდასა.

332

მანი ვინმე ცით იტყოდა რეცით

გარდმოტანასა ჴორცთა მისთასა,

333

სამუსატელსა და მომფსვეტელსა

პირს დაუყოფდა წვალებათასა.

334

სომეხთ მეფენი, მტერთ სისხლ-მჩქეფენი,

ღმერთმა არ ღირს-ყვნა უფლებათასა.

335

უცხოთ-მოყვარე, გლახაკთ-მოწყალე,

მსჯელი მსჯავრისა და სამართლისა;

336

აღბორგებითა, აღშფოთებითა

ძმაცვათა შორად წარმდევნელ ის-ა,

337

შვიდის კრებისა დამტკიცებისა

დამბეჭდველ გვექმნა მათგან თქმულისა.

338

მან ყო არიოზ და ევნომიოზ

საბელიოზით შორს ჴვებულისა".

339

ვით ქვიშა ზღვისა, ცვარი წვიმისა

ვერვინ აღრაცხოს თან თოეულად,

340

ეგრეთვე ქება, მსგავსად ჴსენება

მისი ვერ უძლონ თითოეულად;

341

სიმჴნითა ბრძნობა და გულოვნობა

ამრავალწილა უსაზღვრეულად;

342

აღმოსავალით და დასავალით 

მთანი და ბორცვნი ჴმობს უფლეულად:

343

"მაშინვე ნახი თვით ეს ვენახი,

კეთილ-განსხმული, სორექთ-მომრთმელი,

344

ლეღვისა, ღვისა, კუროს-თავისა

წილად მურტისა გამომღებელი,

345

ნამისა ცვრითა გამობუტკვითა

ნორჩთ ქანდაკებით მსთვად სასთვლებელი,

346

კეთილ-ნუჟრობით, ცუდ რიჟ-რაჟობით

მჭვრეტთ სატრფიალოდ დასასლბობელი".

 

თავი XI

 

347

თქვა შემოქმედმან, ყოველთ მოქმედმან:

"ვქმნე კაცი ხატად და მსგავსად ჩვენდა".

348

ღმერთმან ღმერთთამან ძველმან დღეთამან,

ვინ თანასწორად სულსა ავლენდა,

348

არვისგან არსმან, თვით დამაარსმან,

სამებით სრულმან თვით იმოქმედა,

349

ნამდვილ ღმრთაებით საბაოთებით

ნივთთ-შექსულობით წარმოადგენდა.

350

მისცა ყოველი; არ უყო ველი,

თვით მის მიერვე დაემონოდეს.

351

უბრძანა ხისა კეთილ-სახისა

დაცვად ნაყოფი, ჭამად არ ოდეს

352

უწყოდა ღმერთმან, მან სახიერმან:

თუ ჭამდეს, თვალნი აეხილვოდეს.

353

ურჩ-ექმნეს ღმერთსა, უსმინეს მტერსა:

მათ მზე წყვდიადად შეეცვალვოდეს.

354

როს ენა შვიდი, მათთვის დამშვიდი,

საზრახველ იყო სულთა ყოველთა -

355

ასურთა, ინდთა, რომთა და სინდთა,

ბერძენთა, სპარსთა, აგ-მაგუგელთა,

356

მაშინ-ღა ნებროთ ჭკვით სამისებროთ

გოდოლი ჴელ-ყო შენებად ველთა,

357

თვით გარდმოიჭრა, სული გაიჭრა,

სატანჯველთ მიჰხვდა სასტიკთა, მწველთა.

358

მცხინვარებითა ღმრთაებისითა

ფერი იცვალა თაბორს დიდებით:

359

ელია მოსით ნათელ-შემოსით

იახლნეს, სხვაც-ა სიმტკიცის კლდებით.

360

ძრწოლით ხედვიდეს, განიზრახვიდეს,

ვითარცა შეჰგავს მონათ რიდებით,

361

ჴმა ზეგარდამო, მყის ყოვლად ამო,

მამისგან ესმა ძედ საწოდებით.

362

ერთ აღიფრტვინვეს, თვით დაიდრტვინვეს,

უმადლოდ ექმნეს ქველის-მოქმედსა.

363

აღბორგნეს ჯერკვლად, აღშფოთნეს ჯერ კვლად,

კიცხვით ბასრობდეს მას შემოქმედსა.

364

ვინ იბანს ჴელსა, მე ვგონებ ხელსა!

ღმრთის სისხლსა წყლითა ვინ განიწმედსა?

365

სულისა საღსრად დასული საჴსრად

ღვაწლს აღასრულებს წინასწარედსა.

366

როს მესა მესით, თვით მესამე სით,

დაჯდეს განკითხვად სულთა ყოველთა,

367

ოხრვიდენ ზღვანი, გრგვინვიდენ ცანი,

ზარი გამოჩნდეს ცეცხლთა შემწველთა,

368

მსწრაფლად-ღა სტვირი ძნელ-დასაყვირი

წარმოადგენდეს სულთა ყოველთა,

369

მაშინ გალხინოს, თვით მიგავლინოს

თქვენ უოხჭნოთა მათ საშვებელთა.

370

ქრისტეს სასძლოსა ვინმცა ასძლოსა

განწმედით ქმნილსა, განბრწყინვებულსა?

371

თვით მას ედემსა, ნათლად მიმდემსა,

პირველვე შენთვის სახლად გებულსა,

372

სასუფეველსა ყოვლად ცხოველსა,

საფუფუნებლად თქვენთვის დასხმულსა,

373

ვხედავ ჯეროვნად, მარად სამოვნად

შენდა განკუთვნით განმზადებულსა.

 

თავი XII

 

 374

თუცა ვიტყოდი, უწყი: ვიტყოდი,

ენამცა ბრგვნილად დამეყბედოსა.

375

ვის უთხრნე ჭირნი, ძნელ-დანამჭირნი,

ანუ სხვა ვინმცა მეიმედოსა?

376

შეგეფეროდა, გმირო, ქველო-და,

სრულ ჴმელთა ფლობა სამეუფოსა!

376

მა ლეგეონსა მალე გეონსა

დაანთქემდ უყსა საუფსკრულოსა.

377

შენ, გონიერო, გულისხმიერო,

თვით მეცნიერო, მეფევ ძლიერო,

378

მიუჴდომელო, მიუწვდომელო,

მიუთხრობელო, წრფელ-სახიერო,

379

განათლებულო, განახლებულო,

განბრწყინვებულო, მზეო ციერო,

380

გალაღებულო, გალომებულო,

კვლა გოლიათო, გულ-ლმობიერო!

381

მე, მონა შენი - მე, მონა შენი,

ვგონენ ყოველნი შენთვის შექმნულად.

382

ნეტარ ხარ ყოვლად წმიდად და ცხოვლად,

ძალად და გულად, თვით არ დაგულად.

383

ნესტორად მძლეობ, არათუ ლეობ

დიმიტრის მიერ ძალ-შეზღუდულად.

384

აწე რისხვითა აწ ერი სხვითა

გზით წარევლინოს უკუნ-ქცეულად.

385

მე, გლახ, რა გიძღვნა? თქვენგან წარირღვნა

ყოველი ბიწთა მომახველობა.

386

ვინა იშვების, სად აღიზრდების.

რომ ჰქონდეს თქვენებრ ჭკვა-მხედველობა?

387

მოიმუშაკენ, ღვაწლით მოიმკენ

სათნოებათა მჭელეულობა.

388

ხარ სიბრძნის ვაზი, ნათლის ემბაზი,

სულისა ქნარი, ღმრთის მხილველობა.

389

მეფევ მაღალო, ქცევა-მდაბალო,

ლომისა მსგავსო ძალად და გულად,

390

ალვისა რტოო, ყოვლად მარტოო,

მჭვრეტთ სასურველო მოსარხეველად,

391

ვარდზედ გაშლილო ყორნისა ბოლო,

ქმნილო სურნელთა მოსაფრქვეველად,

392

შუქთა მფენებო, თვით განმთენებო

ზე-სამყაროსა, მერმე ქვე-ველად!

393

თქვენთვის დიდებით, ცუდ მიდ-მოდებით 

სიტყვა შევკრიბე უნდო რამ ენით:

394

ჴამს შემეწია, თვით შემეწია

მუსიკ-მგოსანით, მესტროლაბენით,

395

არ მექმნა გული ესრეთ დაგული

ცრემლთა ნაკადთა მიწყივ დადენით,

396

სიბრძნის არდაგი, საჴმილთ არ დაგი,

წელთა მომერტყა სწავლის ბადენით.

397

პირველ წერანი და საწერანი

პალამიდისგან მოპოვნებულ არს.

398

სიტყვის-მგებლობა, ძნელ-საგებლობა

ზინონისაგან შემოღებულ არს.

399

ტილისმ-მოგვობა, არ-ცუდ-მბორგობა

აპოლონისგან დამტკიცებულ არს.

400

მასთან ასკლიპოს ვეღარ მუსიკობს,

თვით ქებად თქვენდა განლიგებულ არს.

401

წიგნნი - მეფეთა, ქება ქებათა,

ეკლესიასტე, სარამა გრძნისა,

402

დავით-იგავნი,- ვინ თქვა იგ ავნი? -

სიბრძნე დიდისა სოლომონისა,

403

ლევიტელთ, რიცხვთა, მსაჯულთა, ნეშტთა,

ეზრა-ეზდრასი და ზირაქისა,

404

მათთან ვრახმანი გძნობდეს რვა ჴმანი,

ვერა დამატონ ქება ძალისა.

405

ცეცხლი ბნელისა გარესკნელისა,

და წამლიანი მატლი ღრჭენისა,

406

მოსრვა ნეფხვითა, ძნელთა სეტყვითა,

თოვლით, წვიმითა ღვარ-ნაფშვენისა

407

ორგულთ ეწიოს, ვერ განეწიოს, 

ურჩი ვინც იყოს ტახტის თქვენისა,

408

ღელე გლოვისა ექმნას გლოვისა,

ჟამნი მოუჴდეს ცრემლთა დენისა!

409

ტურფად შვენება, გამოჩვენება

თქვენი დააჭნობს ყოველთ ყვავილთა,

410

გიჴმობს ენა მით სწავლის ენამით

წყლად წყაროდ, მრწყველად ბორცვთა და ველთა.

411

ახალო რომო, შენთვის თქვეს, რომო

უფროს იქმნესო მყოფთა ყოველთა.

412

ვნატრი ელადსა, თვით მას გელათსა,

სად რომ დაკრძალვენ წმიდათ სხეულთა.

413

ვფიცავ მე მაღლით, რომ თქვენის გაყრით

ჰკლებოდეს ჟამსა დღეთა ჩემთასა.

414

სულნი და გვამნი და ძვალნი ჩემნი

ქარქვეტებრ ჰქმნოდეს ძალთა მისთასა.

415

მექმნა გლახ-გული, ყოფა და სული

მძაფრ მწყდრად-მდებარე მორფ-სხეულთასა,

416

ვერ ვაგებ თქმითა, რომ ვარ სულთქმითა

უსიტყველითა უფროს სხვათასა.

417

ჴელ-ვყავ საქმესა, ძნელსა რასმესა,

უგუნურობით, თვით სულელობით,

418

ქებასა გრძელსა, სათქმელად ძნელსა,

ვერ ვუძლე, ვიქმენ ენა-ბრგვნილობით.

419

შესხმა-მკობანი, მუსიკობანი,

ვუწყი, ვერ გიძღვენ თქვენ საფერობით,

420

მაგრა, ვით წვლილნი ქრისტეს მითვლილნი,

მექმენ მადლობის შემწირველობით.

შეიძლება დაგაინტერესოთ