ნიკომ პატარა ციგით ბევრი ისრიალა თოვლზე; მერე გაწითლებულმა და გახარებულმა მამასთან მიირბინა და უთხრა: „ - უჰ, მამიკო, რა კარგია ზამთარი, ნეტავი სულ ზამთარი იყოს!“
- შენი სურვილი ჩემს უბის წიგნაკში ჩაწერეო, - სთხოვა მას მამამ. ნიკომ ჩაწერა.
დადგა გაზაფხული. ნიკომ პეპლებს ბევრი სდია, ბევრი ყვავილი მოკრიფა და ლამაზი კონები შეკრა; მერე მამასთან მიირბინა და უთხრა: „რა მშვენიერია ეს გაზაფხული, ნეტავი სულ გაზაფხული იყოს!“ მამამ ნიკოს ეს სურვილიც თავის უბის წიგნაკში ჩააწერინა.
მოვიდა ზაფხული. ნიკო და მამამისი ყანაში ერთად წავიდნენ. ბავშვი მთელი დღე დიდ სიხარულში იყო; ხან
ძნის კონებს ზიდავდა, ხან წყალში ბანაობდა, ხან მარწყვს კრეფდა და ხან მწყრებს დასდევდა. საღამოს რომ მამასთან მივიდა, უთხრა: „უჰ, დღეს რამდენი ვისიამოვნე! რა კარგი იქნებოდა, რომ მუდამ ზაფხული ყოფილიყო!“
ეს სურვილიც ნიკოს მამამ უბის წიგნაკში ჩააწერინა .
დადგა შემოდგომა. ბაღები მწიფე ხილით აივსო; ვენახებში ჩამწიფებული მტევნები ვაზებზე დნებოდა. ნიკომ რთველში ბევრი აკიდო აჭრა და საღამოთი მამას უთხრა: „შემოდგომა ყველა დროს სჯობნებია!“
მაშინ მამამ უბიდან წიგნაკი ამოიღო და ნიკოს წააკითხა ყველა იმისი ჩაწერილი სიტყვა.
ნიკო აქედან ცხადად მიხვდა, რომ თავის რიგზე ყოველი დრო კარგი ყოფილა.