კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ივნისი 2025 06:49

 

 

332

 

სახით სიტყვა-შვენიერო, სხიო, მზეთა-მზის სახეო,

ვეძებე და შენი მზგავსი მე აქ ვერცადა ვნახეო;

გეაჯები, ნუ გამწირავ, მოვჰკვდე, შენ კერძ დამმარხეო,

ჯოჯოხეთში ნუ ჩამაგდებ, მიწყალობე სამოთხეო!

 

333

 

ვამე ჩემო საესავო, ტკბილო ცხოვრებისა წყარო,

გავეყარე შენს სახესა, ვა, თუ ვეღარ შავეყარო!

აწ შენვე გთხოვ, შენ შემყარო, ვინც გარდასთენ ცა-სამყარო,

მასაც გვედრებ, ვინც გამყარა, მისი ჯავრიც ამამყარო!

 

334

 

საყვარელო, სახით თქმულო, უსასყიდლო მარგალიტო!

ვის გადარო, ჩემთვის მკვდარო, მზევ, მზეთა-მზის მაგალითო!

გევედრები შემიბრალო, თავს მომჭრიან მანგალითო,

ოდეს სული ამომგლიჯონ, შენკე მისწი მანგანითო!

 

335

 

მტანჯვენ, სთმეო: აწ ვით დაგთმო, ვით უმანკოვ ტრედო, გვრიტო?

შენ, შარბათი, ვით დაგღვარო და ძიმწარის წვენი ვხვრიტო;

ბნელსა ვზივარ, გეაჯები სასინათლო ამიხვრიტო,

ამოვსძვრე და გამოვიქცე, მოვიდე და შენა გჭვრიტო.

 

336

 

შენ იესო, წყემსო ჩვენო, ჩვენთვის სისხლის დამანთხეო!

ვით ცხოვარი ვარ წყმენდილი, ნუ დამკარგავ, მომნახეო;

ჩემზედ მხეცთა უხილავთა ნუ მოუშვებ შერისხეო,

მარცხნივ თიკანთ განმარიდე, მარჯვნივ კრავთან შემრაცხეო!

 

337

 

სამკურნალოს ცვარ-ცხებულო, სნეულთ წყლურების შემხვეო!

სნეულება განმიკურნე, მო, სალბუნი მომაცხეო;

გამაგონე ხმა საყვირთა, ამოიღე ხმა მჭახეო,

ვით ლაზარეს დამარხულსა "აღდექ" - თავსა დამძახეო!

 

338

 

ჩვენ ცხოვართა, წყემსის კვერთხო, ძელო ცხოვრებისა ხეო,

შენზედ ბმულით შეიმუსვრის ჩემი წარწყმენდის მახეო;

შენს ჩრდილთ ქვეშ დავჯდომილვარ, ჩემო სამოთხის დამრხეო,

განმაშორე მავნეთაგან, ავსა ნურას შემამთხვეო!


დავითიანი / პოემა  • • •   დავითიანი - შინაარსი  • • •   დავითიანი / შინაარსი

შეიძლება დაგაინტერესოთ