კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ივნისი 2025 21:27

- ამჯერად, რა თქმა უნდა, იყო დაჩი.

- ბაჩო, მზის ზღაპარი ყველაზე უფრო ძალიან მიყვარს.

- მერე, ხომ გიყვები!

იყო დაჩი და ყველაზე ძალიან, ძალიან უყვარდა მზე. როცა მზე ამოდიოდა, მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. როცა მოიღრუბლებოდა, მოიწყენდა, თუ გაწვიმდებოდა, სულ დასევდიანდებოდა. ჩავიდოდა მზე, დაღამდებოდა და მაშინვე ძილი ერეოდა. ზოგჯერ ძალიან ლამაზი ზღაპრის მოსმენაც კი უჭირდა, ისე ეხუჭებოდა თვალები.

მოდი, თქვა ერთხელ დაჩიმ, წავალ მზესთან და შევეხვეწები, რა კუკუმალულობას თამაშობს, ხან ღრუბლებს მოიხვევს, ხან ქარსა და წვიმას მოიგონებს, ხან მთებსა და მწვერვალებს მოეფერება და გვახვეწნინებს:

მზეო, ამოდი, ამოდი, ნუ ეფარები გორასა,

სიცივეს კაცი მოუკლავს, საწყალი აგერ გორავსა.

კი წახვალ, მაგრამ როგორი მისასვლელია! არადა, მზის ქვეყნის ნახვას და მზის შვილების გაცნობას რა სჯობს!

დაჯავრიან-დასევდიანდა დაჩი, რა გინდა, რომ ქნა?

მაგრამ ადამიანმა იმედი არასოდეს უნდა დაკარგოს, თუ მზე ძალიან უყვარს და მზესთან მისვლას ნატრობს.

ადგა ერთ დღეს, დაიკავა ხანჯალი, გადაიდო მხარზე მშვილდ-ისარი, დაიხურა ქუდი და ფრთიანი რაშის სანახავად გასწია; რასაც ის ზეცაში დაჯირითობს, ან თვითონ მომიხერხებს რაღაცას, ან რაიმეს მირჩევსო.

გადაიარა მინდორი, გასცდა საყანეებს, ჭენჭყობში მუხლამდე ჩამდგარა ბებერი ცხენი და ძუით კოღო-ბუზებს ირეკავს.

- გამარჯობა, მოხუცოო! - მიესალმა დაჩი.

- საითაც პირი გაითქვა, გაგიმარჯოსო! - გაუხარდა მოწყენილ, ღვთის ანაბარა მიტოვებულ ცხენს, - თუ თვალი არ მატყუებს, დაჩი უნდა იყოო!

- დაჩი გახლავარო.

- მაშინ ფრთიანი რაშის საძებრად მარტოდმარტო რომ გაგიშვი, ვითომ გუთანში ვყოფილიყავი შებმული, მას აქეთ ჯავრით არა ვარ, რა ქენი, როგორ წაგივიდა საქმეო?

- ისემც კარგი დაგემართოსო, - დაილოცა დაჩიმ, - ახლაც მადლობის სათქმელად გამოგიარეო.

- მადლობის სათქმელად, თორემ, მე შენ გეტყვი, მზის ეტლში შებმული დაგაქროლებდი და ჩემს პატივისცემას ვერ გადაიხდი. რისი მაქნისი ვარ, მაშინაც მთქნარებით გაგისტუმრეო.

- სიბერეს დაუდგა თვალიო, - გაამართლა დაჩიმ, - მაგრამ, სამაგიეროდ, ამდენი ჭკუა და გამოცდილება ყმაწვილკაცობაში, თუ უკაცრავად არ ვიყო, არ გექნებოდაო.

- აჰ, ჯეელობაში ერთი თავქარიანი კვიცი ვიყავი, ცა ქუდად მევიწროვებოდა, დედამიწა - ქალამნად. რა ამის პასუხია, მაგრამ ახლა საით გაგიწევიაო?

- ბევრის მნახველი და გამგონე ხარ და შეიძლება მაინც გაგიკვირდეს, მზის ქვეყანაში მინდა წასვლა, ხომ ვერაფერს მირჩევო?

- ბევრის მნახველი და გამგონე ვარ, - გაიქაჩა ჯაგლაგი, - მაგრამ მიკვირს და გამკვირვებია და, ჩემი სულის ცხონებამ, ვერაფერს გირჩევო.

- აი, აი, ის მზის ეტლი რომ ახსენე, რა იყოო? - მოაგონა დაჩიმ.

- ის ისე ვთქვი, სიტყვას მოჰყვა, მზის ეტლი კი არა, მთელი ცხოვრება კავში მაბამდნენ და ცალუღელ ურემს დავახრიგინებდიო.

- სიტყვას კი მოჰყვა, მაგრამ რაღა მაინცდამაინც ოქროს ეტლი მოჰყვაო? - არ მოეშვა ბიჭი.

- გაგონილი მაქვს, მზეს წინ მზის ეტლით მზეჭაბუკი მიუძღვის. ცაგამთენიას, ცისკრის ვარსკვლავს რომ ეტყვიან, ის უნდა იყოსო.

- მერე ამ ეტლით სად მიდისო? - კინაღამ პირში ჩაუძვრა დაჩი ამდენის მნახველ და გამგონე ბებერ ცხენს.

- სად მიდის და მზეს ამოიყვანს, გზაზე დააყენებს და მერე თავის მზის ქვეყანაში ბრუნდება, უკეთეს ადგილას სად წავაო.

- უჰ, შენ აგაშენა ღმერთმაო! - გადაირია სიხარულით დაჩი და ჯაგლაგს ქვიქვირზე აკოცა, ჭენჭყობში მუხლებამდე დასველდა.

- ყურმოკრული მაქვს და მართალი თუა, არ ვიციო, - თავი დაიზღვია ჯაგლაგმა და კოცნა ხახვივით შეირჩინა.

- შენი ხნისას განაგონი კი არა, სიზმარიც დაეჯერებაო, - დაემშვიდობა დაჩი და გზას დაადგა.

- იარა, იარა, კინაღამ ცხრა მთა გადაიარა. მიადგა კლდემაღალას, ჯიხვის რძის ჩანჩქერს და იქვე, რბილი ხის ფესვებზე ჩამოჯდა. იჯდა ერთ ხანს, მაგრამ ერთი სული ჰქონდა, მზის ქვეყანაში გასაფრენად ყვირილი აეტეხა.

- გოგო-ფერიააა!

- გოგო-ფერიაა! - გაიმეორა ტყემ.

- გოგო-ფერიაა! ფერიაა! - გაიმეორა მთამ და მთას გადასძახა.

არ გაუვლია ხანს, რომ ბულბულ-იადონების თავბრუდამხვევი ჟრიამული მოისმა და დაჩიმ ზევით ახედვა ვერ მოასწრო, ფრთიან რაშზე ამხედრებული ტყის გოგო-ფერია მის წინ გაჩნდა.

- რა ამბავია, რა გაყვირებსო? - გული საგულეს აღარ ჰქონდა ფერიას.

- მამაშენი როგორ ბრძანდებაო, - თავი დაუკრა დაჩიმ, - ან შენ როგორ გიკითხოო?

- მამაჩემს რომ შენი ძახილი გაეგონა, ჩემი ამბავი მაშინ უნდა გეკითხა, სულ თმებით მათრევდა: ვინ ბიჭებია, რომ ტყეში გეძახიანო.

- შე კაი ქალო, ამას წინათაც კი ვიყავით ჩანჩქერთან, მაგრამ არ შემიჭამიხარო, - წყენა ვერ დაფარა დაჩიმ.

- რომელ ბიჭს შეუჭამია გოგო, მაგრამ მამებს შენ ასე ჰკითხეო, - დაიმორცხვა გოგო-ფერიამ და რაშიდან ძირს ისე მსუბუქად ჩამოცურდა, თითქოს გაპენტილ ბამბაში ჩამხტარიყოს, მერე წუწუნს მოჰყვა:

- როგორ გამიხეთქე გული, აღარ ვიცოდი, რა მექნა, რაშზე შევჯექი და ვაითუ, წვივები გამეღუნოსო.

- მერედა, შენც რომ ბიჭივით გადამჯდარხარ, ფეხები ცალ მხარეს უნდა გადმოკიდოო, - აუხსნა დაჩიმ.

- უი, ეს რა კარგი რამე მასწავლე, აწი ბედაურზე ჯდომას არ მოვიშლი და მამას სადარდებლად აღარ ექნებაო.

„დავიღუპეო, - გაიფიქრა დაჩიმ, - ამან თუ ამ ფრთიან მერანზე ჯდომა აღარ მოიშალა, მზის ქვეყანაში მე იმ ბებერი ჯაგლაგით ხომ ვერ წავალო?!“

- ახლა, ფეხი მიწაზე აღარ ჩამოდგა-თქო, ის კი არ მითქვამს.

- რაო, კიდევ მთვარეზე გასეირნება და სევდის დედოფლის ნახვა ხომ არ მოგენატრაო? - შენ გამოაპარებ რაიმეს გოგოს, ტყეში გაზრდილიც რომ იყოს?

- არა, რავა გეკადრებაო! - ქვა ააგდო და თავი შეუშვირა დაჩიმ, - იქ როცა ვიყავი, აგერ, ამ რაშს რომ არ ემარჯვა, ახლაც იქ ვიქნებოდი და ცრემლად დავიღვრებოდიო.

- ნეტავ, რა ყრია ამდენ ტირილსა და ცრემლების ღვრაშიო? - მხრები აიწურა ფერიამ, თმებიდან ორივე ბეჭისთავი გამოუჩნდა.

- აბა, ვისაც გული არაფერზე სტკენია, სევდა და მწუხარება არ უნახავს, ის რა კაციაო, - არ დაეთანხმა დაჩი.

- სადმე თუ ჩემზე ლამაზი ვინმე მეგულება, ვიტირებ, აბა რა მომივა, მაგრამ, როცა გავიგებ, უკეთესი არავინაა, მერე რაღა უნდა ვიწუხოო.

- ეეხ, ნეტავი შენო! - დარდიანად შენატრა დაჩიმ.

- სატირლად საქმე არც შენ უნდა გქონდეს, თუ მთვარის მზეთუნახავების სევდა არ გადმოგედოო, - შეაქო გოგო-ფერიამ დაჩი.

- ეჰ, ვინ რა იცის, ვის გულში რა ცეცხლი ტრიალებსო, - ყურები ჩამოყარა დაჩიმ.

- რა გიჭირს, აღარ იტყვიო?! - კინაღამ გადაირია ფერია.

- რაღა რა მიჭირს, მზის ქვეყნის ნახვის სურვილი მკლავსო, - ცრემლები ნიკაპთან გაესკვნა დაჩის.

- მზის ქვეყანას შენ კი არა, მამაჩემი ისე დაბერდა, უტრიალა, უტრიალა და ახლოს ვერ მიეკარაო.

- აბა, იოლი რომ იყოს... იმიტომ კი არ ვტირი, რომ სევდა და დარდი ვისწავლეო... - სულ დაისველა დაჩიმ ცრემლებით გულისპირი.

- ნუ ტირი, თორემ მეც ავტირდები, ხომ იცი, გოგო ვარ და ცრემლების ღვარღვარს არაფერი მირჩევნია, - მერე რაშს მიუბრუნდა, - შენ რას იტყვიო?

რაშმა:

- ვერაფერს ვიტყვიო.

- აბა, ასე პირზე ბოქლომდადებული სანამდე იქნებიო? - გაკაპასდა ტყის გოგო-ფერია.

- მზის ქვეყანას ახლოს ვერ მივეკარებით, მაგრამ წაყვანით წავიყვან და ვიფრენ, სანამდე მზე ცეცხლს გაგვიჩენდესო.

- რას იზამ? - მიუბრუნდა გოგო-ფერია დაჩის. - ესე იგი, მიდიხარო? - გოგო-ფერიას თვალები ცრემლებით აევსო.

ფრთიანი რაში ყალყზე შედგა და ბიჭს უთხრა:

- შემაჯექი და აქაურობას მომაცილე, თორემ მალე ხე და ქვაც აცრემლდება და მთვარის სევდის სასახლე მონაგონი იქნებაო.

ავიდა დაჩი ხეზე, დაეკიდა ტოტს, ფრთიანი ბედაური ქვევით შეუდგა, გადააჯდა და მშვიდობით გოგო-ფერიავ, ტყევ და მთავ, დედავ და დედამიწავ!

აიჭრა ზეცაში ფრთოსანი რაში, მისცხო თავი აღმოსავლეთით.

- როგორაა, ახლა, ჩვენი საქმე, შენ რას იტყვიო? - ჰკითხა დაჩიმ.

- რა ვქნა, მომკალი და ისევ ვერაფერს ვიტყვიო, - გადაწურა წყალი ზეცაში მოჯირითე ბედაურმა.

- მაგნაირი თქმა ნუ იცი, - დაარიგა დაჩიმ, - დაფიქრდი, შენი დღე და წუთისოფელი ამ ზეცის თავანზე დატრიხინობ და სულ არაფერი იციო?!

- მზეს რომ მივეფიცხებით და მწვადივით შეგვწვავს, ეს ვიცი და იმედად გამოდგებაო?!

- ვერაფერი იმედია, მე და ჩემმა ღმერთმაო, - თავი სინანულით გადააქნია დაჩიმ, - მაგრამ ერთ რამეს გეტყვი და შენი აზრი მითხარიო.

- მითხარი და გეტყვიო.

- წინ რომ რაიმე ჩამოვიფაროთ, ის დალოცვილი მზე რაღას გვიზამსო?!

- რა უნდა იფარო, ისეთი, მზემ არ დაწვასო?! - გაუკვირდა რაშს.

- რაკი მასეა, აბა, ერთი ღრუბლებისაკენ გადაუხვიეო.

რაში შიგ ღრუბლებში შევარდა. აი, აგერ გაიკლაკნა და ის ისაა უნდა გასკდეს მეხი, რომ ეცა დაჩი, დაითრია ელვის მათრახი ტარით და პერანგის კალთა შემოახვია.

- რად გინდა ეს ცხელი მათრახი. ქაჯის სახლში დავიბადე, ქაჯის ხელში გავიზარდე, ამნაირი ჩემს თვალებს არაფერი უნახავს, - კორკიმელის სიმსხო ცრემლები გადმოყარა რაშმა ქლიავისფერი თვალებიდან.

- ახლა, სადაც ძალიან სქელი და შავი ღრუბელი იყოს, იქ მიადექი! - უჯღავლა დაჩიმ.

გასწია რაშმა და ტყვიასავით მძიმე, შავ ღრუბელს მიადგა.

დაჩიმ ეს ელვის მათრახი დაჰკრა ამ შავი ღრუბლის ტოტს, ერთი და ორი, ერთი და ორი, გადაჭრა, მოწყვიტა ქარავანს და გაიგდო წინ. მოენთო და მოენთო, მოსცხო და მოსცხო, როგორც შავი ცხვრების ფარას, ისე მიერეკება, მიფრინავს რაში მთელი ძალ-ღონით, ძლივს ეწევა.

მიერეკებიან და მისდევენ, მიერეკებიან და მისდევენ.

ასე მამლის მესამე ყივილამდე იქროლეს. დედამიწა მთვარეზე უფრო დაპატარავდა და რიჟრაჟი კი ჯერ არ ჩანს.

ბოლოს აღმოსავლეთით ამოანათა.

- რაა ის, რომ ანათებსო? ჰკითხა მხედარმა ზეცაში მოჯირითე ფრთოსან მერანს.

- ცისკრის ვარსკვლავია, ცაგამთენიაო.

- აბა, ახლა სწორედ მაგასთან მივდივართ და თუ ვარსკვლავია და მეტი არაფერი, მაგასაც ნახავო.

ეს თქვა და, აღმოსავლეთით რომ ამოვარდა ცხრა მზის ცხენი და მზის ეტლი რომ ამოაქროლეს, ფრთიანი რაში აჭიხვინდა:

- მძინავს, სიზმარში ვარ და სასწაულს ვხედავო!

- რა დროს სიზმარი და სასწაულია, ღრუბელს ჩამოეფარე და ისე მიუახლოვდი, თორემ ისე დაგფუფქავს, შენი ფერფლი ცალ ჯიბეში ჩამეტევაო.

- უკვე დაცხაო! - გაიოფლა რაში, - მზე რომ ამოვა, მერე რაღა იქნებაო.

- ღრუბელს მიუახლოვდი და შუბლის კვრით წინ წაისროლე. ის შენი ცისკრის ვარსკვლავი რომ მზეს ამოიყვანს, გზაზე დააყენებს და მზის ეტლს უკან მიაბრუნებს, ღრუბელი მივაგდოთ, შიგ გავახვიოთ. მაშინვე იმარჯვე, უკანა ბორბლებთან მივარდი, ეტლს შემოვახტები და მერე დარდი ნუ გაქვს. მზე და მზეჭაბუკი სხვას წვავს, აბა, თავისი თავი და ეტლი რომ დაეწვა, აქამდე დასწვავდაო.

- მე რას მიბარებ, როგორ მოვიქცეო?

- პირში ეს ელვის მათრახი დაიკავე, ხვალ დილით მზის ამოსვლამდე აქ იყავი და ღრუბელი მწყემსე, არ გაიფანტოსო! - დაუბარა დაჩიმ და მათრახი გადასცა.

- გისმენ და გემორჩილებიო, - თავი დახარა ფრთიანმა მერანმა და ის იყო, მზეც ამობრძანდა.

კი, მოგეხსენებათ, ცხრათვალა მზე დედამიწიდანაც როგორი სანახავია და ახლოდან რა იქნება! ისვრის კაშკაშა ცეცხლის მთის ოდენა ბურთებს, ფერად-ფერად უშველებელ შუშხუნებს, ნაკვერჩხლებს, ბჟღვიალა ნაპერწკლებს. ნაპერწკალი უთხარი შენ, თითოეული საბძლის ან ზვინის ტოლა მაინც იქნება. მთელი სამყაროს დღესასწაული დადგა.

ბედაურმა გრძელი კისერი მოაბრუნა, დაჩის ყურში უჩურჩულა:

- მზეჭაბუკმა ეტლი შეაჩერაო.

- არიქაო! - მოაგონდა სიხარულით გონდაბნეულ დაჩის.

მერანმაც თავი გაიქნია, ღრუბელს შუბლით მიასკდა და ეს შენი მზის ეტლი, მზის ცხრა ცხენი და მზეჭაბუკი ამ შავ ღრუბელში გახვია.

- ეს რა ამბავია, ვერაფერს ვხედავო! - შეშფოთდა მზეჭაბუკი. ფრთიანი რაში ეტლის ბაჯაღლო ოქროს უკანა ბორბალთან მიიჭრა, ისკუპა დაჩიმ და ღერძზე დახტა. მარცხენა ფეხიც კი ჩამოუცდა, მაგრამ მარჯვენა ხელი რესორს წაავლო და მზის ეტლიც უკან, თავდაღმართში დაეშვა, ღრუბელს მალე თავი დააღწია და წავიდა.

ჰაერში დედამიწაზე უფრო ღრმა ორმოებია. ვარდება შიგ ბორბლები, მიჰქრიან ეს ცეცხლოვანი რაშები, მიაგლიჯინებენ ამ ბაჯაღლო ოქროს ეტლს, ვინ იცის, დაჩი რა დღეშია.

უცებ გაუხვ-გამოუხვიეს ამ მთებივით ცეცხლოვან ბურთებსა და ანთებული დირიჟაბლივით შუშხუნა ნაკვერცხლებში, ცეცხლმოდებული ზვინებივით ნაპერწკლებში გზა იპოვეს და მზის ზედაპირისკენ გაქანდნენ.

- მძინავს, სიზმარში ვარ და სასწაულს ვხედავო!

- მოიცათ, მოიცათო! - დაუძახა ცეცხლოვან რაშებს მზეჭაბუკმა და ეტლი შეაჩერა. მერე ფეხსაცმელი გაიძრო და ოქროთი მოსირმულ სავარძელზე შედგა, ეტლის გადმოკეცილ სახურავს შიგნიდან მოადგა და გადმოიხედა:

- შენ, მანდ ვინა ხარ, რა სიზმარში ხარ და რომელ სასწაულს ხედავო?

- დაჩი ვარო! - ახედა ღერძზე ჩაცუცქულმა და საზურგეს ჩაფრენილმა დაჩიმ მორცხვად.

- მერე მანდ სად შემომჯდარხარ, რომ გადავარდე და რაიმე მოიწიო, შენს პატრონს რა პასუხი მივცეო? - შიშით მთლად ბაიასავით გაყვითლდა მზეჭაბუკი.

- ჰო, ეს ვერ მომივიდა მთლად კარგადო, - თავი ჩაღუნა დაჩიმ.

- დედას გაფიცებო, ხელი მომეცი, მეც მოგეშველები და იქნებ ეტლში გადმოძვრეო.

- თუ შემომიშვებ, მანდ გადმოძრომას რა უნდაო? - ხელი აუწვდინა დაჩიმ.

- იმე, შემოგიშვებ რა ადგილი არა მაქვს, თუ ცხენები არა მყავს ნაპატივებიო?! - გაუკვირდა მზეჭაბუკს.

- შენ აგაშენა ღმერთმაო! - გაუხარდა დაჩის, აფოფხდა მაღლა. ფეხით რომ ჩავხტე, მოსირმული სავარძელი არ დავუსვაროო და ეტლში კისრით გადაეშვა.

- თუ კაცი ხარ, არაფერი მოიწიო! - ისევ ბაიისფერი დაედო მზეჭაბუკს.

- შე კაი დედ-მამის შვილო, ამ ბუმბულის სავარძელზე რა უნდა მოვიწიო, ბოლოს და ბოლოს, მე დაჩი ვარ, რა მთხლე მნახეო.

- იმ ღერძზე რამ დაგაძინა, რომ გადავარდნილიყავი, რას მიპირებდიო?!

- იქ რა დამაძინებდა, კინაღამ ნაღველი ჩამექცაო, - გაეცინა დაჩის.

- აბა, სიზმარს ვხედავო, რატომ იძახდიო?

- ახლაც ვიძახი, აბა, ცხადში ოქროს მთები სად გაგონილაო? - ქვევით გადაახედა სტუმარმა მასპინძელი.

- ჩვეულებრივი კლდეებიაო... - ვერაფერი გაიგო მზეჭაბუკმა.

- ზურმუხტის მთებიც ჩვეულებრივია? - გაეღიმა დაჩის.

- რა თქმა უნდა, აბა, როგორი უნდა იყოსო? - მთლად დაიბნა მასპინძელი.

- აი, მწვანე ფირუზის ტყეები რომ ჩანს, იმაზე რაღას იტყვიო? - თვალებში შეხედა დაჩიმ მოსაუბრეს.

- რა თქმა უნდა, ტყეა, მეტი რა მეთქმისო.

- მერე შეშა რომ გინდათ ზამთარში, ფირუზის ხეებს ჭრით, რომელი მეტყევე გაძლევთ მაგის ნებასაო?

- მზის ქვეყანაში ზამთარს რა უნდა, - როგორც იყო გაეცინა მზეჭაბუკს და ადამიანის ფერი დაუბრუნდა, - ან მეტყევე ვინღააო?

- ვინ და, ტყეს რომ იცავს, არავინ გაჩეხოს, ან ცეცხლი არ მოუკიდოს და არ დაწვას, ან ბრაკონიერებმა ნადირი რომ არ გაჟლიტონო.

იცინა, იცინა მზეჭაბუკმა, იცინა და იცინა, კინაღამ გალურჯდა.

- შე კაი კაცო, სულ არ ამოვიღებ ხმასო, - ეწყინა დაჩის, - ნეტავ ასეთი სასაცილო რა ვთქვიო.

- ეს რაა, წელზე და მხარზე რომ გკიდიაო? - დაინტერესდა მასპინძელი, სიცილით გული რომ იჯერა.

- ხანჯალი და მშვილდ-ისარიო! - აუხსნა დაჩიმ.

- მერე, რად გინდა, გამშვენებსო? - ხელიც კი შეახო მზეჭაბუკმა ხანჯლის ვერცხლის სევადას.

- არც მაუშნოებს და, ამის გარდა, ათას ბოროტთან და ავაზაკთან რას გააწყობო?

- ბოროტი და ავაზაკი რაღააო? - ცნობისმოყვარეობად იქცა მასპინძელი.

- ბოროტია - მავნე და ეშმაკი, ავაზაკი - ქურდი და მამაძაღლიო, - განმარტა დაჩიმ.

- ეშმაკი და ქურდი რაღააო? - დაიბნა მზეჭაბუკი.

- შენ, შე კაცო, სად ცხოვრობ? - გამოვიდა მოთმინებიდან დაჩი.

- მზის ქვეყანაშიო.

- ჰოო!.. - ახლა დაჩი დაიბნა ბრინჯივით, - ღამე, ქვეყანას რომ სძინავს და ზოგიერთები საავკაცოდ დაწანწალებენ, მითხარი, თქვენებურად რას ეძახითო?

- ღამე რაღააო? - დააღო პირი მზეჭაბუკმა.

- აბა, დღეს და ღამეს თუ ვერ არჩევ, რაღა უნდა გელაპარაკოო, - ხელი ჩაიქნია სტუმარმა.

- არ ვიცი და ჩვენ წესადა გვაქვს, რაც არ ვიცით, სხვას უნდა ვკითხოთ და ის სხვაც ვალდებულია, გვასწავლოსო.

- მზე რომ ჩადის და რომ ბნელდება, ისააო, - ასწავლა დაჩიმ.

- მზე მზის ქვეყანაში როგორ ჩავაო? - მხრები აიჩეჩა მასპინძელმა.

- ჰოო... - ისევ ბრინჯივით დაიბნა დაჩი. მაგრამ მაშინვე მოაგონდა, - მეც მაგისთვის წამოვედი, დედამიწაზეც მასე მოგვიწყოთ საქმეო, - გამოტყდა სტუმარი.

- მოიცა, მოიცაო! - მოიბოდიშა მასპინძელმა, - ერთი ამ ეტლს იპოდრომზე დავსვამ... - და კოფოზე გადადებულ სირმით ნაქსოვ აღვირს მისწვდა, დაქაჩა, ცეცხლოვან ცხენებს თავი დაუდრიკა და ფირუზის თვალუწვდენელ მინდორზე დაეშვნენ. მიაგელვა ცეცხლოვანი რაშები თავლასთან და შეაჩერა.

ჩამოხტა მზეჭაბუკი, ორივე ხელი გაშალა და დაჩი მიიპატიჟა.

- მობრძანდით, კეთილი იყოს თქვენი ფეხი მზის ქვეყანაშიო!

ჩამოვიდა დაჩი, ამას რას ხედავს ჩემი თვალებიო: თავლა სულ ოქროს ზოდებითაა ნაგები, ზოდსა და ზოდს შორის ზურმუხტის ტალახით ამოლესილი.

- ამდენი ოქროს ლოდები რამ თოვა და რამ წვიმაო?! - არაფრით დაიჯერა დაჩიმ.

- ზევიდან ამოდენა ოქროს მთებს რომ უყურებდი, რა ჯანდაბად გვინდა, თუ თავლა და საღორე ავაშენეთ, აბა, თითზე ბეჭდად ხომ არ გავიკეთებთ, ან საყურეებად ხომ არ ჩამოვიკიდებთო?! - თქვა ეს, ისევ მოიბოდიშა და ეტლიდან ცხენების გამოხსნას შეუდგა.

- კი მაგრამ, შენ მზეჭაბუკი ხარ თუ მეჯინიბეო? - ჰკითხა სტუმარმა.

- მეჯინიბე რაღააო? - ცქვიტა ყურები მასპინძელმა.

- ვინც ცხენებს უვლისო.

- ცხენებს ვინც ხედნის, ის უვლისო.

- მაშინ მზეჭაბუკი ვიღააო?

- მზეჭაბუკი ყველაა, ვინც ბიჭიაო.

- მაშინ ყველა გოგო მზეთუნახავი ყოფილაო! - იხუმრა დაჩიმ.

- ნეტავ აქ სახუმარო რაა, ყველა მზეთუნახავია, აბა, ვინ უნდა იყოსო? - მხრები აიჩეჩა მზეჭაბუკმა, ცეცხლოვანი რაშები გამოუშვა, თავლაში შერეკა, ხმელი ფირუზის თივა და ქარვის ჩალა დაუყარა, გამოიხურა კარი, დაჩის ხელი ჩაჰკიდა და გზას გაუდგნენ.

იარეს, იარეს, დაჩი იქაურობის ყურებით ვერ ძღება.

- უკაცრავად ვარ, მაგრამ წისქვილში საფქვავი მაქვს დატოვებული და უნდა გავიაროო, - მოიბოდიშა მასპინძელმა.

- შენ, მზეჭაბუკო, წისქვილში საფქვავს დაათრევ? - გაკვირვება ვერ მოიშალა სტუმარმა.

- აბა, ვინ დამიფქვავსო?

წისქვილიც უშნო უზარმაზარი ოქროს ლოდებით იყო ნაგები, გარედან - შეულესავი, როგორც თავლა.

მზეჭაბუკმა სირმის ტომრით ფქვილი გამოიტანა, ორად გარწყო, მხარზე მოიგდო და ოქროს რიყით მოკირწყლულ ქუჩას დაადგნენ.

ქალაქის გარეუბანში ოქროს რიყისა და ნატეხებისაგან აკოწიწებული ქოხმახები ჩანდა, მაგრამ რაც ქალაქს მიუახლოვდნენ, თანდათან გაქრა ეს უშნო ხუხულები და ქალაქი ქალაქს დაემსგავსა.

მიდის დაჩი და უკვირს, არავის მათთვის არ სცალია, ყველა საქმეზე გარბის, ყველა გაფაციცებული მიიჩქარის, ერთი უსაქმური რაა, ამ მშვენიერ ფირუზის ხეებზე მიყუდებული არ ჩანს. არსად არც პაპიროსის ნამწვი აგდია. მთვრალს კი არა, შექეიფიანებულსაც არსად გადაყრია.

- ბოლოს და ბოლოს, მეფე თუ გყავთ თქვენო? - ვეღარ მოითმინა დაჩიმ.

- აბა, უმეფო ქვეყანა სად გაგონილაო?! გვყავს, ის შავ დღეზე გაჩენილიო, - თვალები ცრემლებით აევსო მასპინძელს.

- რაიმე უბედურება ხომ არ შეემთხვაო? - დასევდიანდა სტუმარი.

- მეტი რაღა შეემთხვევა, მეფეა, ის ბნელ ვარსკვლავზე დაბადებულიო.

- თუ არ უნდოდა, ვინ აძალებდა იმ მამაცხონებულსო?! - გაიკვირვა დაჩიმ.

- რომ არ დაეძალებინათ, რომელ ჭკუათმყოფელს უნდა მეფობაო?! - ისევ დაენისლა თვალები მზეჭაბუკს, - ჩვენთან შვილი დედას რომ გააჯავრებს, ასე წყევლის: შენ გამინისტრდი, შვილო, შენ დაგადგი თავზე გვირგვინიო!

- კი მაგრამ, მეფედ რომ აირჩიოთ, მაინც როგორი კაცი უნდა იყოსო? - ჰკითხა დაჩიმ.

- ვისაც ყველაზე მეტად უყვარს ქვეყანა, მეფეც ისაა. არც მეტი, არც ნაკლები. რომ იცოდე, რამდენ ხანს ვიყავით უმეფოდ, - ამოიოხრა მზეჭაბუკმა, - კაციშვილს ვერ ათქმევინებ სამშობლო მიყვარსო.

- კი მაგრამ... თქვენს ახლანდელ მეფეს როგორ გაუგეთ, რომ სამშობლო უყვარდა?

- საბრალოს ოქროს ქვიშაში ერთი მუჭის სიმსხო რიყის ქვა ეპოვა და ბანკში მიეტანა, ქვეყანას გამოადგებაო. თურმე, თვითონ არც სახლი გააჩნდა და არც კარი. გაუგეს, სტაცეს ხელი, გაქაჩეს, უთხრეს: ქვეყანა ყველაზე მეტად შენ გყვარებიაო. არაო, გაუსავსავებია შეშინებულს ფეხები, ჭირივით მძულსო, მაგრამ ვინ დაუჯერა, რაც მაგას ურტყეს, ძლივს გატეხეს და სამაგალითოდ დასაჯეს, - მეფედ გაამწესეს.

შეცდა, სიალალით დაემართა. უბედურს ფოსტით უნდა გაეგზავნა და არც სახელი და გვარი უნდა დაეწერა, არც თავისი მისამართი. მას აქეთ წერს განცხადებებს და პატიებას თხოულობს, მაგრამ რას გააწყობს, კანონი კანონია. ვინმემ რომ გაბედოს და დაარღვიოს, ისიც დაისჯება და, თუ უფრო უარესს არა, მინისტრობას მაინც მიიღებს. წავიდეს მერე და უყაროს კაკალი.

- მაინც რითაა ეს აქაური მეფე ასე უბედური და წყალწაღებული? - ენა პირში ვერ დაატია დაჩიმ.

- რით არაა, - გული ამოუჯდა მზეჭაბუკს, - რაც ამოდენა ქვეყანაზე გაჭირვება და უსამართლობაა, რაც უბინაო და უმუშევარია, ყველაფერი მეფეს ბრალდება და ისიც კაცია, რამდენს გაუძლოს! ამის გარდა სახლი, თავშესაფარი იმას არ აქვს და კაბინეტი.

- მაგი, მეფე კი არა, დამლაგებელი ყოფილა. შენ, მზეჭაბუკო, რაღაც გეშლებაო.

- არაფერი მეშლებაო! - იწყინა მასპინძელმა, - აბა, მეფემ თუ სასახლეები და აგარაკები აიგო, ბაღები და ბაღჩები გაიშენა, ზანდუკები თუ რიყის ქვებით აავსო და იქეიფა, საქვეყნო საქმეს ვიღა გააკეთებსო?

- მერე აკეთოს, რაც დრო დარჩებაო, - არ დაეთანხმა დაჩი.

- მორჩენილი დროით რომ მომართავს, ცხვირი ისე იმას დაუმშვენდება, სახელმწიფო იმას ექნებაო! - გაცხარდა მზეჭაბუკი და შუაზე გარწყული ტომარა მხრიდან მხარზე გადაინაცვლა.

- აბა, მშიერ-მწყურვალი და შიშველ-ტიტველი მეფე სად გაგონილაო?! - არ დაუჯერა დაჩიმ.

ჯერ ყველას უნდა ჰქონდეს და მერე მეფეს, მეფე ხალხისთვისაა და არა ხალხი მეფისთვის. ყველაზე ნაკლები ხელფასი მეფეს აქვს. თუ მას ჰყოფნის, ესე იგი, ხალხი უზრუნველყოფილიაო.

მზეჭაბუკმა მთავარი ქუჩიდან გადაუხვია და აღმართს აუყვა.

- თქვენი ამბავი რომ ვიცი, მეფე არც მოსირმულ-მოვარაყებული გეყოლებათო, - თვალი ჩაუკრა სტუმარმა მასპინძელს.

- სამკერვალო ფაბრიკა რა წუნსაც და აჩაჩულ-დაჩაჩაულ ტანსაცმელს უშვებს, მეფე იცვამს. აბა, ბიჭო, მაგან თუ საზღვარგარეთული მოდური ტანსაცმელი ჩაიცვა, მის სახელმწიფოში შებუჯულს მე მაცმევსო?! - აღშფოთდა მზეჭაბუკი, კინაღამ ისევ გალურჯდა.

- ისე, მეფე რომ გატყავებული და მშიერ-მწყურვალი იქნება, თვითონ ხალხისა და ქვეყნის თავისმოჭრააო! - შეაპარა დაჩიმ.

- აბა, ერთი მეფე რომ მორთულ-მოკაზმული და ნაპატიები გეყოლება და ხალხი გაღლეტილ-გაქუცული, ეს უფრო სახელიაო?! - მთლად ლილისფრი გახდა მზეჭაბუკი.

- ნუ ბრაზობ, თუ კაცი ხარ, საწყენად კი არ მითქვამსო, - მოუბოდიშა სტუმარმა.

ეზოში შევიდნენ, სამოთხის ბაღი გეგონებოდა. მიიწვია სტუმარი, მიირთვი რა გინდა, სულო და გულო! მერე კიბეზე აუძღვა და კარღია სახლში შეიპატიჟა, - არ მოგერიდოს, შინ არავინაა, ყველა სამსახურშია, მობრძანდითო.

- მერე, ეს კარი ღია რომ დაუტოვებიათ, რაიმე რომ დაგეკარგოთ, პასუხს ვინ აგებსო? - უკვე აღარ აპირებდა არაფრის თქმას, მაგრამ წამოსცდა დაჩის.

- რაიმე დაიკარგოს და მეფე დადგება ამ ქვეყანაზეო?! - განრისხდა მასპინძელი.

- ამ ბედდათუთქულმა მეფემ შენს სახლს უდარაჯოსო?! - ვეღარ მოითმინა დაჩიმ მეფის ასე მასხარად აგდება.

- აბა, მეფობა რომ ასე იოლი იყოს, სასჯელის უმაღლესი ზომა კი არ იქნებოდაო, - განმარტა მასპინძელმა, - დაბრძანდიო, დაუდგა დაჩის ხის სავარძელი, თვითონ ოქროს მონჯღრეულ ტაბურეტზე ჩამოჯდა.

- სხვა როგორა ხარ, მგზავრობამ ხომ არ დაგღალაო? - იკითხა მასპინძელმა, როგორც წესია, - შინ ხომ ყველანი კარგად დატოვეო? მერე, უცებ შუბლზე ხელი შემოიკრა - გეშიებაო. წამოხტა, - ახლავე ხაჭაპურს გამოვაცხობ, ვჭამოთ და მერე მშენებლობაზე უნდა წავიდე, შენ გინდა წამოდი, გინდა დაისვენე, შენი ნებააო.

- რას აშენებო? - დაინტერესდა დაჩი.

- თოჯინების თეატრს ვაშენებთ, ახალი სეზონისათვის უნდა მოვასწროთ, მეფიან-მუშიანად იქაა მისული მთელი ქვეყანაო.

- მეფე, ალბათ, თვალყურს ადევნებს, რომ კარგი და ლამაზი აშენდესო, - მოიწონა დაჩიმ.

- თვალყურის დევნებას და ავსა და კარგს ბეციც კი გაარჩევს, მეფე რომ დაადგეს და მხოლოდ თვალ-ყური ადევნოს, კირსა და ცემენტს ხეიბრები მოზელავენო?! - აღშფოთდა მასპინძელი.

- აბა, თუ მეფეს აზელინებთ კირსა და ცემენტს, აგურებს ათრევინებთ და ამოდენა ქვეყნის ცოდვა-ბრალსაც იმას აკისრებთ, მოგიკლავთ ის შავდღიანიო! - კაკალი გული დაეწვა დაჩის.

- აბა, ბიჭო, მე ვზელ, ვათრევ, ვაშენებ და მერე ლენტს მეფეს გავაჭრევინებ და ტაშსაც დავუკრავო? - ნაკვერჩხალივით წამოენთო სახე მზეჭაბუკს.

- თუ ძმა ხარ, არც ჭამა მინდა, არც სმა, წამიყვანე და, ერთი ის ბედდათუთქული მაჩვენეო, - შეეღმერთა დაჩი.

მასპინძელმა თავისი მაინც არ დაიშალა.

- მაშინ ხელს წავიბანდი, ონკანში წყალი თუ იქნებოდაო.

- წყალსაც წაუღია ისეთი მეფე, რომლის ქვეყანაშიც ონკანი მშრალია, - განაწყენდა მზეჭაბუკი და სახეზე აპილპილდა, - როგორ გვაკადრე, წყალი რაღაა, უწყლობა რა უნდა იყოსო!

უმასპინძლა, რასაკვირველია, და თოჯინების თეატრის მშენებლობაზე წაიყვანა. მართლაც ყველაზე ლამაზ და სანაქებო ადგილას აშენებდნენ თეატრს. დიდი და პატარა ისეთი მონდომებით და გულისყურით შრომობდა, გეგონებოდათ, თოჯინების თეატრს კი არა, მეფის სასახლეს აშენებენო.

გარედან შავი და უხეში სილით შეელესათ, შიგ სულ რიყის ქვით მოეპირკეთებინათ, შესასვლელში ნაჯახით გამოჯორკნილი კორძიანი ხის კარი აეკიდებინათ. სახურავიდან მაგრად გამომწვარ ტალახის კრამიტს ახურავდნენ. ამ კრამიტს ხელიდან ხელში ისეთი მოწიწებით და სიფრთხილით აწოდებდნენ ერთმანეთს, თითქოს ბროლისაა და ეშინიათ, ხელიდან არ გაუვარდეთ და არ დაემსხვრეთო.

- ესაა თქვენი გადასარევი თეატრი? - მოთმინებასაც საზღვარი აქვს, და ვეღარ გაუძლო დაჩიმ.

- ამ უძვირფასეს მშენებლობას გადაჰყვა ჩვენი ქვეყანა და ამის არქიტექტორებმა პირველი პრემია და რიყის ქვის ორდენი მიიღესო, - ამაყად აუხსნა მზეჭაბუკმა და სახეზე მაისის ვარდის ფერი გადაეფინა.

- ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთო! - დალოცა დაჩიმ, - მაგრამ ის შავი სილა, რიყის ქვა და ალიზის კრამიტი მართლა ამისთანა ძვირფასია, თქვენ რომ გგონიათო?

- ამდენ იშვიათ მასალას რომელი ქვეყანა გაუძლებს. ის კი არადა, ამისათვის შეიძლება არქიტექტორსაც მოხვდეს, ის რიყის ქვის ორდენიც დაკარგოს და მეფეს ხომ მოხვდება და მოხვდება, ასე ძვირი პროექტი რომ დაამტკიცაო.

- კი მაგრამ, მეტს რაღას უზამთ, მეფობაზე დიდი სასჯელი რომ აღარა გაქვთო?

-- ეს მშენებლობა რომ წამოიწყო, ეგონა, კარგად დავამთავრებ, ხალხი შემიწყალებს და გამათავისუფლებსო, მაგრამ გადახარჯვას ვინ აპატიებს?

- ბოლოს და ბოლოს, ამაზე უარესს რას უპირებთო?! - აღშფოთდა დაჩი.

- რას ვუპირებთ და კაციშვილი არ შეიწყალებს, მთელი მისი გაძაღლებული ცხოვრება მეფედ ეგდება და მეფედვე ჩაკვდებაო.

- სადაა ის ბედგამწყრალი, დამანახვე, ერთი, თუ კაცი ხარო! - შეეხვეწა აცრემლებული დაჩი.

- მე შენ გეტყვი, კარისკაცები დაგიშლიან მაგის ყურებას. ეგერ ხარაჩოზე რიყის ქვით დატვირთულ საზიდარს რომ მიათრევენ, მეფე და მშენებლობის მინისტრია. აბა, იმოდენა ტვირთს მუშა წაგიღებსო?! - გაუკვირდა მზეჭაბუკს, ამისთანა გონიერი ბიჭი ამას უჩემოდ როგორ ვერ მიხვდიო.

- მაგის გაჩენაზე ღმერთი არ ყოფილაო! - ამოიოხრა დაჩიმ, რიყის ქვით აპირთავებულ საზიდარში შებმული მშენებლობის მინისტრი და მეფე რომ დაინახა. მშენებლობის მინისტრს კიდევ რა უშავს, აღმა მიმავალ ხარაჩოზე ნაკლები ტვირთი აწვება და თან წინ გზას მაინც ხედავს. მეფეა შავ დღეში: სახეზე ხვითქი გადასდის, ამ გაზუზნულ, უშნოდ შეკერილ პერანგს, ცალი სახელო ოთხი თითის დადებით მოკლე რომ აქვს, და მუხლებამდე დაკოტავებულ, გადაღლეტილ შარვალს, ოფლი წურწურით გასდის.

- უნდათ, რომ იაფი დაუჯდეთ მშენებლობა და თავს იკლავენო, - აუხსნა მზეჭაბუკმა.

- გამიშვი, წამიყვანე აქედან, თქვენი არაფერი მინდაო! - აბღავლდა დაჩი.

- რა დროს წასვლაა, ეს-ეს არის მოვედით. მე შენ გდიო, ჩემს გასაკეთებელს ვინ გააკეთებსო? - მხრები აიჩეჩა მასპინძელმა.

- მაშინ, მეც მომიხმარეთ, იქნებ ეს დასაქცევი, უფრო იაფი დაჯდეს და ამ ღვთისა და კაცისაგან მოძულებულ მეფეს ოდესმე მაინც უშველოსო! - გული ამოუჯდა დაჩის. - მაგრამ სადმე, მშენებლობის სხვა მხარეს მამუშავეთ, აქ მაგისი საცოდაობის ყურება არ შემიძლიაო.

- ბატონი ბრძანდებიო, - თეატრს მეორე მხრიდან შემოუარეს და ორივემ ხელში ნიჩაბი აიღო, სილის გაცრას შეუდგნენ.

დაჩის აღარ მიუხედ-მოუხედავს, არც რაიმე უთქვამს, ისე თავდაუზოგავად ცრა და ცრა სილა. მე შენ გეტყვი, ღამდება ან თენდება, არის გაკაშკაშებული მზით ეს მზის ქვეყანა.

- კარგი, გვეყოფა, წასვლის დროაო, - ნიჩაბი სილის გროვაში ჩაასო მზეჭაბუკმა.

- წამიყვანე, თუ ხათრი გაქვს, აქაურობას მომაცილეო.

- მეფე მაინც გაიცანი, ისე როგორ წახვალო? - გაუკვირდა მასპინძელს.

- არა, თუ ძმა ხარ, ეგ ახლა ბანკეტს გამიმართავს და საბრალოს სმის და ქეიფის თავი სადღა აქვს, - ხელები გაასავსავა დაჩიმ.

- ბანკეტს არა, ეგეც დამლაგებელი, მეეზოვე და მეკურტნე მყავსო, - გაეცინა მზეჭაბუკს, - იჯრას ხმელ პურზე და უშაქრო ჩაიზე გადადის. რა ებანკეტება და ექეიფებაო.

წამოიყვანა სტუმარი და როცა მეფემ და მშენებლობის მინისტრმა ცარიელი საზიდარი რიყის ქვით სავსე ოქროს ყუთებთან დადგეს, სანამ დატვირთვას დაიწყებდნენ, მზეჭაბუკმა ისე უხეშად გასძახა, დაჩის გაუკვირდა, რა ენა-პირიდან ამოსდის ასეთი უზრდელობაო.

- მეფე ხარ თუ ბუს კვერცხები, მოეთრიე აქ და უცხო სტუმარი გაიცანიო! საცოდავმა მაშინვე გააგდო რიყის ქვიანი ოქროს ყუთის გასახსნელი ძალაყინი და ჯღანში წაყოფილ ფეხზე დაირტყა. უბედური საძაგლად დაიჭყანა და ფეხი აიკაუჭა.

- ახლა შენ გელოდოს სტუმარი კაცი, როდის მოიგუნებებ მოჩანჩალებასაო?! - შეუჯაჯღანა მზეჭაბუკმა.

- მზეჭაბუკო, როგორ ელაპარაკები, არ გრცხვენიაო? - და მეფეს მიუბრუნდა, - მე, მე გეახლებითო! - თვითონ დაჩიმ დააპირა გაქცევა.

- იმოდენა პატივი დავდე, მზის ქვეყნის სახელით მაგას გაცნობ და კიდევ ვეახლები არა, თავზე დავისვამო! - ნაბიჯი არ გადაადგმევინა მზეჭაბუკმა და სიბრაზისაგან მთლად ნაცრისფერი გახდა.

- ახლავე, ახლავეო! - წამოვიდა კოჭლობით მეფე და სტუმრის წინაშე წელში მოხრილი მორცხვად დადგა.

- გამარჯობა, მეფეო! - დაჩიმ ორივე ხელი გაუწოდა.

- აჰ, რავა გეკადრებათო! - ამოიბლუკუნა ბედდათუთქულმა, დასვრილ-დახეთქილი ხელები შარვალზე გაისვა, მერე დაჩის მარჯვენას ჩააფრინდა, ჩაიჩოქა, ოფლიანი ტუჩები სახელოზე გაისვა და მოკრძალებით ეამბორა.

- წამიყვანე აქედან! - იღრიალა გულგახეთქილმა დაჩიმ, მეფეს ხელი გამოგლიჯა და მოუსვა, მაგრამ რა მოუსვა, ამ ოქროს რიყით მოკირწყლულ ქუჩაში. მისდევს მზეჭაბუკი, ვერ ეწევა. სული არ მოუთქვამს, ისე მივარდა ლოდებით ნაგებ თავლასთან, ცეცხლოვან რაშებს კარები გაუღო.

მოვიდა ნარბენი მზეჭაბუკიც და სანამ იგი სამ ცხენს შეაბამდა, დაჩიმ ექვსი შეაბა.

- არიქა, თუ ღმერთი გწამს, არ დაზოგო ცხენებიო! - შეევედრა აღრიალებული დაჩი.

მოსცხო და მოსცხო მზეჭაბუკმა ცეცხლოვან რაშებს და გასწია ზეცაში. ვარდება, ხტება, ჭრიალებს, ზრიალებს ოქროს ეტლი. დაჩი სავარძელზეა დამხობილი და ტირის, მეფის საცოდაობით იწვება. არც ოქროს მწვერვალებს ხედავს, არც ზურმუხტის მთებს, არც ფირუზის ტყეები ხიბლავს. არც ცეცხლოვანი მთების ტოლა კაშკაშა ბურთები დაუნახავს, არც დირიჟაბლისოდენა შუშხუნები, არც ცხრასართულიანი სახლივით ნაკვერცხლები და არც ცეცხლწაკიდებული ზვინივით ნაპერწკლები.

სანამ ცხრა ოქროსმფრქვეველი ბედაური შავი ღრუბლის ფარაში არ შევიდა და იქვე, პირში ელვისმათრახიანი, ფრთიანი რაში ეტლს არ მოადგა, თავი არ აუღია.

მერეც, როცა ფრთიან რაშზე გადაჯდა და მათრახი ხელში დაიჭირა, მზეჭაბუკს ეს მიაძახა:

- იმ მეფის ცოდვა, იცოდეთ, კარგს არ დაგმართებთო! - და ელვის მათრახი მერანს გადაუჭირა. დატოვა ღრუბლებში გახვეული მზეჭაბუკი ისე, რომ მადლობაც არ უთქვამს და დედამიწისაკენ გამოეშურა.

როდის-როდის, ღრუბელთან რომ მიაღწიეს, ფრთიან რაშს ესღა უთხრა:

- რაც შეიძლება შორს გაუარეო! შემოხსნა ცხვირსახოცი, მოიქნია ელვის მათრახი და ღრუბლებში სტყორცნა. ატყდა მეხის ცემა და გრგვინვა-გრუხუნი, მთლად გააყრუა იქაურობა.

ჩაეშვა კლდემაღალას ჯიხვის რძის ჩანჩქერთან, ჩამოხტა ბედაურიდან. ქაჯთან და გოგო-ფერიასთან მადლობაც არ დაუბარებია, ისე გასწია შინისაკენ.

- აი, ესეც შენი მზის ზღაპარი და მზის ქვეყანა, - დაასრულა ბაჩომ და ოთახიდან გამოსვლისას ისევ და ისევ გაახმაურა კარი.

გარეთ კი ზეცა ისე იყო ვარსკვლავებით მოჭედილ-მოვარაყებული, თითქოს დაჩის მართლა უშველებელი კოდი ოქრო ჰქონდეს და ორივე მუჭით ებნიოს და ეთესოს, მერე, თვითონ რომ ვერ ამოელიოს, და-ძმანი - მანო და ბაჩო მიშველებოდნენ, მერე ბიძაშვილები - ვაჩე და რატი, ბოლოს მეზობლის ბიჭი გოჩა და მეზობლის გოგო ცაცო. და მთელი ამოდენა ზეცის თავანი სულ ბაჯაღლო ოქროთი მოეთეს-მოეკირწყლოთ.

ძილი ნებისა, დაჩი!

მზიანი დილა, დაჩი!


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ოტია იოსელიანი  • • •   ოტია იოსელიანის პოეზია/პროზა

შეიძლება დაგაინტერესოთ