- იყო ერთი ბიჭი და ერქვა დაჩი - დაიწყო დაჩიმ.
ეტყობოდა, დაიას სულ სხვანაირად ჰქონდა მოფიქრებული, მაგრამ ძმას მაინც დაეთანხმა:
- ჰო, იყო ერთი ბიჭი და სახელად ერქვა დაჩი. დაჩის სოფლის ახლოს ჩამოდიოდა მდინარე. ბიჭმა იცოდა, რომ მდინარე თოვლიან მწვერვალებში და მთებში იწყებოდა.
- თოვლი დნება და მდინარეს აჩენს, - თქვა დაჩიმ. - აი, ხომ მართლა მცოდნიაო.
- ჰო, თოვლი დნება და მწვერვალებიდან კისრისტეხით ჩამორბიან თეთრი ჩანჩქერები, უერთდებიან ერთმანეთს, მთაში ცისფერი წყაროები და ნაკადულები ემატებათ და ჩვენ სოფელთან მდინარედ მოედინება.
ერთხელ დაჩიმ თქვა: მოდი, გავყვები ამ მდინარეს და ვნახავ, სად მიდისო. დაიხურა ქუდი, დაიკიდა წელზე ხანჯალი, გადაიდო მხარზე მშვილდ-ისარი და გასწია.
მიუყვება მდინარეს და მიდის. იარა, იარა, ხედავს: მდინარეს ისევ მდინარე შეუერთდა. კიდევ იარა, კიდევ შეუერთდა. კიდევ იარა, და რას ხედავს: გათავდა ხმელეთი და მიადგა ზღვას. არსად არც ნაპირი უჩანს და არც კიდევ - განი. ღელავს ზღვა, წუხს და შფოთავს: ეს რა უშველებელი რამა ვარო.
- ერთი შენც! - უთხრა დაჩიმ. მაგას რა სჯობს, რომ დიდი და უზარმაზარი ხარო.
- მარტო მაგას კი არ ვწუხვარ, - დაიხუვლა ზღვამ, - ჩვენს ქვევით მშვენიერი ქვეყნიერებაა, ადამიანებს კი ჰგონიათ უძირო, მარილიანი წყალი ვარ და მეტი არაფერი.
- ვიცი, რომ ფსკერზე ლამაზ-ლამაზი კენჭები გიყრია!
- მარტო კენჭებიო?! - აღშფოთდა ისევ ზღვა. - ჩამოდი, ნახეო!
- რა ვნახოო? - უკან დაიწია დაჩიმ. დაჩი საქვეყნოდ განთქმული მონადირეა და ვერ გაამხელდა, თორემ ამოდენა ზღვისა კიდეც შეეშინდა, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა, - ახლა, მაგ რიყისთვის ფეხს დავისველებ, მეტი საქმე არა მაქვსო.
- ჰოდა, მასე რომ გგონიათ, ამიტომ ვღელავო, - აიწია ზღვა ყალყზე და ნაპირს დაასკდა.
- კარგი, დაშოშმინდი, ნუ ირევიო! - დაუძახა დაჩიმ. - ვნახავ ერთი, რაც ბრძანდებიო.
ზღვა მაშინვე დაწყნარდა და სარკესავით კაშკაშა, გამჭვირვალე გახდა.
დაჩიმ თავზე მინის ჩაფხუტი-აკვალანგი ჩამოიცვა; შარვალი წინდებში ჩაიტანა, ფსკერზე სადმე შლამი და ტალახი არ იყოსო. გულისპირი შეიბნია და წყალში შევიდა.
ცოტა კი ეუხერხულა დაჩის, ეს როგორ ავმჩატდიო, მაგრამ, სამაგიეროდ აგერ რომ ფეხი დაჰკრა, იქ ათ ნაბიჯზე გადაალაჯა. ასე რომ არა, ამ უკიდეგანო ზღვას შენ გაივლი?
მიდის, მიდის და რას ხედავს: ზღვის ფსკერზე ისეთი წალკოტი გადაიშალა, ისეთი ბაღებია რძის ლამბაქისებური ნიჟარებით, ზღვის ვარსკვლავებითა და უშველებელი ლოკოკინებით მოკირწყლული, და თევზები, ამ შვიდფერ ხეივნებში, ისე შვიდფერად ელვარებენ, დაჩიმ იფიქრა: ასეთი ზღაპრული სილამაზის პატრონ ზღვას კი ჰქონია სამწუხარო და საშფოთავი, მე კი, უბრალოდ, ბევრი მარილიანი წყალი მეგონაო.
რამდენი მიდის, იმდენი უკეთესი და უკეთესი მშვენიერება ხვდება.
ახლა ამ კრიალა, ფიალა ნიჟარებში ძვირფასი ქვები გაერია: მარჯანი, ლალი, ფირუზი და, ეს კიდევ რაა, უეცრად თვალებიც კი დახუჭა, ისე მოსჭრა თვალი მარგალიტების ბრჭყვიალმა, დაჩიმ აბოჭა და ჯიბეში ჩაყრაც კი მოინდომა, მაგრამ მერე იფიქრა: შურდულისთვის ცოდვაა, ამისთვის ქვის კენჭიც კი გამოდგება. ისე კი რად მინდა, ტყუილად ჯიბეებს ჩამომიხევს, იყოს აქ, კიდევ რომ ვინმე მოვა, იმასაც ხომ უნდა მოეწონოსო.
მიდის დაჩი ზღვის ფსკერზე, ასმევს თვალს წყალს და უკან დაბრუნებას არც აპირებს. ამ დროს თევზები თავქუდმოგლეჯილები გაცვივდნენ და გამოცვივდნენ. ატყდა წყლის დგაფუნი და შხუილი. მოიხედა ბიჭმა, ხედავს, მისკენ პირდაღებული ზვიგენი მოექანება.
დაჩიმ ხანჯალი იძრო, გაიელვა ალმასისპირიანმა ხანჯალმა, ზვიგენმა გვერდზე ჩაუქროლა, დაჩიმ ხელი ფარფლის ძირში სტაცა და თან გაჰყვა.
მიშლიგინობს ზვიგენი. დაჩიმ, ამ გალიპულ ფარფლზე ხელი არ დამისხლტესო, ხანჯლით გაუჭრა და შიგ მკლავი გაუყარა: ახლა, შე ყაჩაღო, ირბინე, რამდენიც გაგეხარდებაო. რა ქნას ზვიგენმა, გაიქცა, ბიჭიც თან ახლავს. გაჩერდა, დაჩის მკლავი აქვს გაყრილი და მის გვერდზე წყალში წამოწოლილივითაა. გადაირია ეს მართლა ყაჩაღი, ავარდა და დავარდა.
- ტყუილად ნუ ფხაკურობო! - ხანჯალი ჩააგო დაჩიმ და ზვიგენს ყურის ძირში მუშტი უთავაზა, - რომ დაგიღია პირი და ამ სამოთხესავით ზღვაში რა შეჭამო და გადაყლაპო, მარტო იმაზე ფიქრობ, მე შენ ვინ გგონივარო?
- მე შენ კარგი, გემრიელი ლუკმა მეგონე, რა ვიცოდიო.
- რას ჰქვია, არ იცოდიო! - ისევ უთაქა დაჩიმ. - არც ზღაპარი წაგიკითხავს, არც რადიო მოგისმენია, არც ტელევიზორი გინახავსო?! - გაუკვირდა დაჩის.
- მაგ ზღაპარი, რადიო და ტელევიზორი ხომ არ იჭმევაო? - პირი დააღო ზვიგენმა, - მე მხოლოდ იმას ვეძებ, რა შევსანსლო და გადავყლაპოო.
- კარგი ღორმუცელა ვინმე ყოფილხარ, მე და ჩემმა ღმერთმაო, - უთაქა და უთაქა დაჩიმ.
- მე შენ დელფინი ხომ არ გგონივარ, ზვიგენი ვარო! - გაიქაჩა ყაჩაღი.
- მე დაჩი ვარ და ფეხებზეც არ მკიდია შენი ზვიგენობაო! - პანღური მუცელქვეშ ამოჰკრა დაჩიმ, რაკი სხვანაირად ამ სიგრძე თევზს ვერა მოუხერხა-რა.
- ვინა ხარ ეს დაუპატიჟებელი სტუმარი, რა გინდაო? - გაბრაზდა ზვიგენი, რაკი პანღური იმდენად არ ეტკინა, რამდენადაც ეწყინა.
- დაუპატიჟებელი კი არა, ზღვამ კინაღამ თავი დაიხრჩო, სანამ დამითანხმებდა. ახლა, რაკი ჩამოვედი, მინდა ეს საუცხოო ქვეყანა დავათვალიერო. ზღვა გადარეულია: კაცმა ხეირიანად არ იცის, რა სიმდიდრის პატრონი ვარო. შენ მაინც საავკაცოდ დაშლიგინებ, ზურგზე შემისვი და მატარეო.
- გატარო რა, მე შენ მართლა დელფინი ხომ არ გგონივარო?!
- არაფერი დელფინი არ მგონიხარ, გიცნობ, რა ვაჟბატონიც ბრძანდებიო, - შემოიძრო დაჩიმ ქამარი, აბზინდში გაუყარა, მარყუჟი გააკეთა და ზვიგენს გრძელ ცხვირზე მოსდო, ბოლო ხელში დაიჭირა და ყაჩაღს ქეჩოზე მოაჯდა.
ცალ მხარეს გაჭრილ ფარფლში ფეხი გაუყარა, მეორე მხარეზეც გაუჭრა და მეორე ფეხიც წაყო შიგ. იშვირა ფეხი ზვიგენმა და ისევ თევზებს გამოუდგა. დაეწია ერთ ოქროსფერს და უნდოდა გადაეყლაპა, მაგრამ, ნურას უკაცრავად, ღრანჭი შეკრული აქვს.
ოქროსფერ თევზს თავისი დაემართა, არაფრით დაიჯერა, რომ გადაყლაპული არ იყო. ბოლოს, კუდზე რომ იკბინა, მიხვდა, ცოცხალი ვარო, სიხარულით კინაღამ გადაირია და ისეთი დავლური ჩამოუარა, ამხედრებულ ბიჭს სულ თავზე ევლებოდა.
მერე სხვებიც მოგროვდნენ: ვერცხლისფერები, სპილენძისფერები, ხაკისფერები და ისეთი მხიარულება შექმნეს, თავი ზღაპარში გეგონებოდა.
მერე ერთი ბებერი თევზი მიუახლოვდათ, ცეკვის თავი აღარ ჰქონდა, მაგრამ, სამაგიეროდ, ჭკუა-გონება უჭრიდა. უყურა, უყურა უცხო სტუმარს და თქვა:
- თუ კაცი ვარ და ქუდი მხურავს, ეს ბიჭი დაჩი უნდა იყოსო.
- საიდან იციო? თვალები გადმოკარკლეს თევზებმა, დაჩის ამბავი მათ მდინარის თევზებისაგან ჰქონდათ გაგონილი.
- ჩემი თვალით მყავს ნანახი, მდინარის მეფესთან, კალმახთან ვიყავი გაგზავნილი ელჩად და იქიდან ვიცნობ. სიბერეს რა ვუთხარი, თორემ, მაშინვე უნდა მივმხვდარიყავიო.
- აკი, არ გამიკვირდა, ეს ვინაა, ამ გაუმაძღრისთვის პირი აუკონავს და ზედ მოჯდომია-მეთქი? კვერი დაუკრა ოქროსფერმა, ახლაც რომ არ სჯეროდა, გადაყლაპული რომ არ იყო.
- არა, დელფინებს ვკითხოთ, ისინი ჭკუით სავსე არიან, თუ ეცოდინებათ, იმათ ეცოდინებათო, - მაინც შემოიტანა წინადადება ვერცხლისფერმა თევზმა, რომელიც უფრო ოქროსფერ თევზებში დაცურავდა.
- მაგაზე რა დელფინების შეწუხება გინდათ, დაჩი რომ ვარ, მე უკეთესად არ ვიციო?! გაიღიმა დაჩიმ.
- მეფესთან უნდა მივიყვანოთო! - თქვა ისევ მოხუცმა თევზმა.
- მეფე თვალით არ დამენახვებაო! - იყვირა დაჩიმ. - იმ ქონად და ლეშად ქცეულ ვეშაპს თუ არ ვეახლე, ისე არ დავდგებიო.
- ამ შეჩვენებულ ზვიგენს წასვლისას ეგ ქამარი ხომ უნდა შემოხსნაო? - ჰკითხა უხუცესმა.
- აბა, უქამროდ ხომ არ ვივლი, შარვალი ხომ ჩამძვრებაო! გაიცინა დაჩიმ.
- მერე, მაგას ენაზე რაიმე დაამაგრდება?! ვეშაპს ამბავს მიუტანს, გაიგებს, რომ აქ იყავი და ვერც ერთი ცოცხალი ვერ გადავურჩებითო! - აბღავლდნენ თევზები.
საიდანღაც უშველებელი ზღვის კუც მოვიდა. ბარე ოთხასი წლის იქნებოდა. იმანაც ის დაადასტურა, თან დაჩის შესთავაზა: მაგ ყაჩაღზე რომ ამხედრებულხარ, მე შემაჯექი ზურგზე და წაგიყვანო.
- მაგ ხნის კაცს ამას რავა გკადრებო, - იუარა დაჩიმ. ის აღარ უთხრა, შენ როდის მიბობღდები იქამდეო, - აბა, გავსწიოთო! - დათანხმდა დაჩი, - იმ თქვენმა დოყლაპია მეფემ ჩემს ბარობაზე არაფერს მოგწიოთო.
დაადგნენ გზას. დაჩის ზვიგენი დასცხებს ბოლოს, გავარდება წინ, შენ დაეწევი? თევზები გაწყდნენ წელში. მოქაჩავს დაჩი, მოუგრეხს კისერს, ზვიგენი ადგილზე დატრიალდება, წამოეწევიან. კუ სულ დაიკარგა თვალთაგან.
იარეს, იარეს, შორიდანვე ამ კამკამა ზღვის ფსკერზე რაღაცამ ისე გაიელვა, ათასმა და ასი ათასმა მარგალიტმა ერთად გამოანათა.
- ეს რა ამბავიაო?! - იკითხა დაჩიმ, - აქ ბევრი სილამაზე ვნახე, მაგრამ ამისთანა არაფერი დამსიზმრებიაო.
- მეფის სასახლეო! - მაშინვე უპასუხა ოქროსფერმა, არაფრით რომ არ სჯეროდა, გადაყლაპული რომ არ იყო.
- გაგვწყვიტა წელში მაგის აშენებამო, - ამოიკვნესა უხუცესმა თევზმა, მაგას შევალიე ჩემი სიყრმე და ახალგაზრდობაო.
მივიდნენ ახლოს, რა ზღაპარი, რის ზღაპარი. სასახლის კედლებში, ქვის მაგივრად, წითელი ლალი, ცისფერი ფირუზი, აგურებივით გამოთლილი მარჯანი, ბადახში და საფირონია და ყველაფერი ისე ელავს, რომ დაჩიმ იფიქრა, ჯადოსნურ კალეიდოსკოპში ხომ არ ვიჭვრიტებიო.
კარებთან ზღვის ლომები აჩენენ წვერწათლილ ფანქრისტოლა კბილებს. დაჩიმ ხანჯალი ნახევრამდე ამოსწია, ახლა აქ ამათ არ დამიწყონ: გაგიშვებთ, არ გაგიშვებთო.
მიადგნენ კარს. ისმის, მაგრამ რა მუსიკა ისმის! ასე გგონია, გამდნარ მარგალიტს გასხამენ ყურში.
დაჩიმ ზვიგენი ქამრით სიზმრის სვეტს გამოაბა, ჰკრა წიხლი და შეაღო კარი. ხედავს, რას ხედავს: ჭერზე ყურძნის მტევნებივით ჰკიდია მარგალიტის ჭაღები. ბდღვრიალებს უშველებელი დარბაზი, ამ იისფერ ზღვის წყალში ათასი ცისარტყელა ირევა.
მუსიკა, ხომ გითხარით, ადნობს მარგალიტს, გასხამს ყურებში და ეს კიდევ რა იქნებოდა, ამ საოცრებათა საოცრებაში დალივლივებენ სადაფისფერი გოგო-თევზები, რომელთაც ბაჯაღლო ოქროს ბოლოები და თმები აქვთ. ცეკვავენ არგაგონილ, თვალით უნახავ ცეკვას.
მერე, ამ წყალში ხომ ეს ბაჯაღლო ოქროს თმა ყოველ მხარეს იშლება, იტალღება და ხმაურზე რომ ყველამ ერთად მოიხედა, დაჩიმ იფიქრა, ასმა მზემ ერთად შემომანათაო. თვალებზე ხელები აიფარა, ბუდეებიდან არ გადმომცვივდესო, ბეწვზე მოუსწრო, თორემ ამის დამნახავ თვალებს რა დაამაგრებდა?!
უცებ ამ საოცრებათა დარბაზში შადრევანი ამოსკდა, მღვრიე წყალი და ჰაერი ამოვარდა. ფერიები სულ გალურჯდნენ. დაჩიმ აკვალანგში ხელი ვერ შეიყო, თორემ ცხვირზე უნდოდა თითების მოჭერა.
- ეს რა ამბავიაო? - იყვირა დაჩიმ. დაიხედა ქვევით და რას ხედავს! - შავი მარგალიტის იატაკზე გაუგიათ ბროწეულისფერი სტავრა-ატლასი და ამ ძვირფასეულობაზე აგდია უშველებელი ვეშაპი - მეფე. უშვებს მყრალ ამონასუნთქს. დაჩიმ მხრიდან მშვილდი გადმოიღო, მაგრამ რომ დაინახა, ირგვლივ ჟანგბადის ბალონები აქვს შემოწყობილიო, იფიქრა, ალბათ მომაკვდავიაო და კაპარჭიდან ისარი აღარ ამოუღია.
თურმე ნუ იტყვით: ვეშაპი ხომ მაღლა, წყლის ზედაპირზე უნდა ამოვიდეს, რომ ჰაერი ჩაისუნთქოს. ამ ტირანს უთქვამს: აბა, ახლა მაღლა-დაბლა ვირბენ ჰაერისთვისო. ჟანგბადის ბალონები მომართვით, აქვე ვისუნთქებ, აქვე ვჭამ და ხელსაც არ გავანძრევ, ვიძინებ და ვიძინებო.
- თუ სძინავს, თქვენ ამ არნახული და არგაგონილი ცეკვით თავს რაღად იკლავთო?! - თავი დაუკრა დაჩიმ ბაჯაღლო ოქროს და სადაფისფერ ფერიებს.
- რა ვიცით, რა დროს გაიღვიძებს, გაჩერებული რომ დაგვინახოს, გათავდა ჩვენი საქმე, მაშინვე... - ვეღარ დაამთავრა სათქმელი მზის სხივებივით თმააელვარებულმა ფერიამ და თვალთაგან ჭინჭრაქის კვერცხის ტოლა მარგალიტები გადმოუგორდა.
- მე უკვე ქანცი გამწყდა, ალბათ, უკვე ჩემი ჯერიაო, - თქვა მეორემ, რომელმაც ჭინჭრაქა რაა, თვალთაგან მტრედის კვერცხის ტოლა მარგალიტები გადმოყარა.
- თქვენ რომ გიყურებთ, მე ზღაპარი ნამეტანი მიყვარს, მაგრამ ზღაპარშიც არ გამიგონია ასეთი სილამაზე, თვალებზე ხელებს ვიფარებ და ეს არამზადა თავისი მყრალი პირისა და მუცლის ამოსავსებად გიმეტებთო? - გადაირია დაჩი. ვერა კაცმა ვერ დაამაგრა, მოზიდა მშვილდი და ისარი, ვეშაპს პირდაპირ შუბლში გაურჭო. შეშინდნენ თევზები და ობოლი მარგალიტების ჭაღებში მიიმალნენ.
ვეშაპს შუბლში აქვს ჩარჭობილი ისარი, მაგრამ ცარიელ თავში გინდა მოარტყი, გინდა არა. მე შენ გეტყვი, ტვინს დაუზიანებ. გაიღვიძა და ერთი ისეთი დაამთქნარა, ახლომახლო რომ ვინმე ყოფილიყო, გადაუყლაპავი ვერ გადაურჩებოდა.
დაჩიმ ხანჯალი იძრო და მისკენ გავარდა: იქნებ გადამყლპოს და ახლავე მუცელს გავუფატრავო. მაგრამ ვეშაპი ძველი გაიძვერა და მამაძაღლი აღმოჩნდა, კისერში გამეჩხირებიო. გარდა ამისა, ფერიები თავზე საყრელად ჰყავდა და ამ აკვალანგიან ბიჭს რატომ გადაყლაპავდა, აუტკივარ თავს რატომ აიტკივებდა?
რა გინდა რომ ქნა?
მოუქნია დაჩიმ ხანჯალი და ზურგში ვადამდე ჩასცა, ქონში ვერ გაატანა.
გადაბრუნდა ვეშაპი და ახლა გვერდი მიუშვირა: მანდ მეფხანება და ეგ შენი საურველი ახლა მუცელზე მომიფხაჭუნეო.
გადაირია დაჩი, აქეთ ეცა, იქით ეცა. აგერ, რეზინის მილებს არ გამოედო? ეს რაღააო, დახედა, თურმე ნუ იტყვით, მილები ჟანგბადის ბალონებზეა შეერთებული. აქეთ-იქით ყბებში აქვს მეფეს ამოდებული და სუნთქავს.
აბა, მასე არ უნდაო, დაჩი მივარდა კარს, ჩაკეტა შიგნიდან, მოუბრუნდა, ხანჯლით რეზინის მილები გადასხიპა, ამოვარდა ბალონებიდან ჟანგბადი და ბუყბუყით მაღლა წავიდა.
წამოვარდა ვეშაპი, ეცა გასასვლელს, რომ ზღვის ზედაპირზე აასწროს, თორემ უჰაეროდ გაიგუდება. უკაცრავად, კარი ჩარაზულია. დაჩიც იქვე გაჩნდა ხანჯლით, ვინ უშვებს, თორემ კი.
- არიქა ვიხრჩობიო! - იბღავლა ვეშაპმა.
- ჩემი სადარდებელიც ეგ იყოსო, - იქვე, ძოწის სავარძელში ჩაჯდა დაჩი და ფეხი ფეხზე გადაიდო.
- ვკვდები, კაცი არა ხარო! - მის წინ დაეხეთქა ვეშაპი.
- შენ რომ კაცი იყო, იმ ფერიებს მე ყურებას ვერ ვუბედავ და შენ შენი მყრალი მუცლისთვის როგორ იმეტებო?! - წიხლი ჰკრა დაჩიმ უშველებელ დრუნჩში.
- რას მოითხოვ ჩემგან, მითხარი, უჰაეროდ სულს რომ მხდიო.
- რას არ მოვითხოვ, მთელი ეს უზარმაზარი ზღვის ქვეყანა შენ დაგიქცევია და კიდევ მეკითხებიო?
- მიბრძანე, რაც გინდა და, ხომ ხედავ, მეტი ჯანი არა მაქვს, ამსრულებელი ვარო.
- თევზებს ხელი არ ახლო!
- არა, არ ვახლებო.
- ეს სასახლე შენისთანა მყრალს რად უნდა, ამ ფერიებს უნდა დაუტოვო, იცეკვონ არნახული ცეკვა და უკრან ჯერ გაუგონარი მუსიკაო.
- აუ, ამის დატოვება როგორ შემიძლია!
- თუ არ შეგიძლია, ეგდე მანდ! - ფეხი ფეხზე გადაინაცვლა დაჩიმ.
- მერედა, სად ვიცხოვროო? - დასცხო და დასცხო ვეშაპმა ეს უშველებელი თავი შავი მარგალიტის იატაკს.
- აბა, ბიჭო, შენ თუ აქ არ გამოიჭიმე, ისე არ დამიდგეო! - ცხვირი აიბზუა დაჩიმ. - თან, ბალონებით თუ არ ისუნთქეო!
- მერედა, რა ვჭამოო?
- შლამი, ტალახი და დღესასწაულებზე ხავსის და ლაყაპოს ჭამის ნება მომიციაო.
- არიქა, ვიგუდები, კარი გამიღეო! - გალურჯდა შავი ვეშაპი.
- ჯერ ეს მითხარი, თანახმა ხარ თუ არაო.
- არ ვარ, მაგრამ რა ჯანი მაქვსო...
- შენ თუ გგონია, ახლა თავს გაიშვებ და მერე ისევ შენსას იზამ, არ დაგავიწყდეს, მე დაჩი ვარო! - დაჩი ახლოს მივიდა და თვალში ჩახედა. კარგად დაიმახსოვრე, მერე არაფერი შეგეშალოსო.
შენ ყოფილხარ, რაც ყოფილხარო! - დაჩის ფეხებთან ჭიასავით დაიგრიხა ეს უშველებელი ვეშაპი.
გაუღო დაჩიმ კარი, მუცელში პანღური უთავაზა და გააგდო, მაგრამ რომ მოიხედა და დაინახა, ამდენი ფერია უყურებდა და თვალთაგან სიხარულით თხილის სიმსხო მარგალიტებს ჰყრიდნენ, შერცხვა, ამათ პანღური როგორ დავანახვეო.
მერე იქ რომ მუსიკა და ცეკვა იყო, ენა-პირი ხომ ვერ იტყვის და ვერ იტყვის. კაცმა არ იცის, დაჩი სანამდე დარჩებოდა, იმ უხუცეს თევზს რომ მკლავში არ მოექაჩა და მისკენ არ მიეხედებინა.
- შენ დედ-მამა გეყოლება, და-ძმა, ბებია და ბაბუა.
- ბიძაშვილებიც მყავსო, - დაუმატა დაჩიმ.
- შენისთანა კაცს მეგობრებს და მოსიყვარულეს რა დაულევსო.
- მერეო? - რა უნდა ამ ბრძენ თევზსო, გაუკვირდა.
- თუ კაცი ვარ და ქუდი მხურავს, წასვლის დროაო.
- აუჰ, აბაო! - შემოიკრა თავში ხელი დაჩიმ და მაშინვე ადგა, რომ გოგო-თევზებისკენ არ მიეხედა - წასვლას ისევ ვერ მოვიფიქრებო. - აბა, წავედიო! - თავი დაუკრა ფერიებს ბიჭმა.
- სად, სად გაგიშვებთო?! - ეს ასი მზე რომ შემოესია და შემოანათა, დაჩიმ ისევ თვალებზე აიფარა ხელები.
- სად და სახლში, სახლი დამწვარი კი არა მაქვსო!
- მაშინ ჩვენც თან წაგვიყვანე, ასივე შენთან ვიქნებით და სახლობანას ვითამაშებთო.
- სახლობანასო? - გაეცინა დაჩის. - სახლობანა! ერთი მეზობლის გოგო მყავს, იმასთან თამაშმა გამიშრო სისხლი და ახლა თქვენღა მაკლიხართო. თანაც, მე ხმელეთზე ვცხოვრობ და თქვენი ბაჯაღლო ფარფლებით რა გინდათ, იქ რომ გააწყოთო.
- უშენოდ ჩვენ რა გაგვაძლებინებსო?.. - ისევ თხილის სიმსხო მარგალიტები გადმოყარეს თვალებიდან.
- ვეშაპის მუცელში ყოფნას, უჩემობა როგორ არ სჯობსო, - იხუმრა დაჩიმ, მაგრამ თვითონაც ცრემლებით აევსო თვალები. როგორი დასატოვებელი იყო ეს ენით აუწერელი ზღვის ქვეყანა?!
ახლა, თუ ამათ ვუყურე, მეც გული ამიჩვილდება და თავი მომეჭრებაო, დახუჭა თვალები და გარეთ გამოვარდა. ამ დროს კართან რაღაცას წამოედო, ყირაზე გადატრიალდა. მოიხედა და ის კაი ოთხასი წლის კუ მოსულიყო და ის-ის იყო შემოსვლას აპირებდა.
- მაპატიე, ბატონო, ამ ხნის კაცს ეს რა გაკადრეო! - მოუბოდიშა დაჩიმ და სიზმრის სვეტზე გამობმული ვეშაპი ახსნა. უკან არ მოუხედავს, ისე მოახტა და მოსცხო და მოსცხო ქუსლები. მოუსვა და მოუსვა.
ნაპირთან რომ მივიდა, ზვიგენი აუშვა, ქამარი წელზე მოიჭირა და ყაჩაღს შეუღრინა:
- ახლა შენს გუნებაზე არა ვარ, მაგრამ დადგება დრო და შენთვისაც მოვიცლიო.
ამოვიდა ნაპირზე და ზღვას უთხრა: კი გქონია საშფოთველად და საბობოქროდ საქმე, შენ ადგილზე რომ სხვა იყოს, იღელვებდა კი არა, ქვეყანას წალეკავდა, მაგრამ მამაძაღლები და ღვთისპირისაგან შეჩვენებულები შენც გყოლიაო.
დაკრა ფეხი და წამოვიდა სახლში.
როცა მანო ოთახიდან გამოიპარა, დაჩი უკვე სიზმრებში იყო, მაგრამ კაცმა არ იცის, მისი სიზმარი უფრო ლამაზი იყო, თუ ზღვის ზღაპარი.