კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ივნისი 2025 00:32

იყო ერთი ზარმაცი ტურა. დილით ადრე ადგომა არ იცოდა, შუადღეზე ძილი უყვარდა საღამოს, მზის ჩასვლამდე - მოსვენება.

სიზარმაცე, აბა, რა ხეირს დააყრიდა და შიმშილით სული ხდებოდა. თვალი მუდამ სხვის ნანადირევზე ეჭირა, მაგრამ მელა იმას ქათმის ჩიაჩიას დაანებებდა? ან მგელი - ცხვრის დუმას?

დათვი კი, მართალია, ბრიყვია, მაგრამ წაბლით,პანტითა და კენკრით იკვებება.

ტურამ იფიქრა (შიმშილი რას არ ჩაგადენინებს!), იქნებ ეს ბაჯბაჯა ვაცდუნო და ცხოველებზე ნადირობა დავაწყებინოო.

- ამისთანა ჯანისა და ღონის პატრონი, დილიდან საღამომდე საჭმელს რომ დაეძებ და მუცელი ვერაფრით ამოგიყორავს, შენი საცოდაო ბით მეც მშიერი ვრჩები და არ ვიცი რა ვიღონოო.

გულუბრყვილო დათვმა დაიჯერა: დახე, როგორ ვყვარებივარო! 

- რა ვქნა, რა გიშველო? თუ გინდა ხეზე ავალ, მაჟალოსა და პანტას დავკრეფავ. შენც ჭამე, არ მოგერიდოს.

- შენ, ამოდენა მხეცს, მაგის ჭამა როგორ გეკადრება, როცა, მე რომ გაქუცული და მშიერი ტურა ვარ, მაგას პირსაც არ ვაკარებო.

- აბაო?... - დაიბნა დათვი.

- შენ რომ მგელს ტორი დაჰკრა, სულს გააფრთხობინებო...

- მერედა, მგლის მყრალ ხორცს რა გვაჭმევსო.

- ღორისა იყოს. ანდა ირმისა და შვლის - პირზე ნერწყვი მოადგა ტურას, - ან ხარ-ძროხას ვინ დაიწუნებს...

გააბრიყვა დათვი. დაერია ეს ვეება ნადირი და ყველაფერს მუსრი გაავლო.

ჩაუსახლდა ბუნაგში ტურა, ჭამს, სვამს და სძინავს. გასუქდა, გაზულუქდა, ტყავში აღარ ეტევა.

მიიწურა შემოდგომა, დაწვა დათვი და აღარ იღვიძებს. 

დამშეული ტურა ჩაჰკივის, უსრესს ყურებს და ასხამს ცივ წყალს, მაგრამ ვის ეყურება. უდევს პირში მძინარეს თათი, წოვს და ბაიბურში არაა.

ტურა რაღას ინადირებდა? გაშლილ სუფრასთან ჯდომით სიარულსაც კი გადაეჩვია.

ეგდო მშიერ-მწყურვალი დათვის ბუნაგთან, ეგდო, დასუსტდა, გაძვალტყავდა და თქვენი ჭირი წაიღო.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ოტია იოსელიანი  • • •   ოტია იოსელიანის პოეზია/პროზა

შეიძლება დაგაინტერესოთ