ადამიანებმა არასოდეს არ უნდა დატოვონ საკუთარ ოთახებში კედელზე ჩამოკიდებული სარკეები, ისევე, როგორც გადაშლილი საბანკო წიგნაკები ანდა წერილები, რომლებშიც საზარელი დანაშაულია აღიარებული.
შეუძლებელი იყო, ზაფხულის იმ დღეს სარკეში არ ჩაგეხედა, რომელიც დიდ ოთახში ეკიდა. სასტუმრო ოთახში დივანზე დაძინებულს სწორედაც რომ ამისთვის გაეღვიძა.
დივნის სიღრმიდან იტალიურ სარკეში არა მხოლოდ საკუთარი ანარეკლის, არამედ ზუსტად მის წინ მდგომი მარმარილოს მაგიდისა და ბაღის ერთი ნაწილის დანახვაც შეიძლებოდა. გრძელ, აბალახებულ გზასაც დაინახავდა, გრძელკისერა ყვავილებით მოფენილ გაზონებს შორის რომ გადიოდა, კუთხეს ჭრიდა და ოქროსფერ რკალს ქმნიდა.
სახლში მის გარდა არავინ იყო და სასტუმრო ოთახში მარტოდ დარჩენილი ზუსტად იმას გრძნობდა, რასაც ნატურალისტი, რომელიც ყველაზე მშიშარა ცხოველების - მაჩვების, წავების, ალკუნების - შედარებით თავისუფალ მოძრაობებს ბალახებსა და ფოთლებში შეყუჟული უთვალთვალებს.
ნაშუადღევს ოთახი სავსე იყო შუქჩრდილთა თამაშით - მორცხვი ქმნილებები, ფარდების ფრიალით, ფურცლების ცვენით - რაც მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ამას ვერავინ ამჩნევს. ქალაქგარეთ მდებარე ძველებური სახლის მყუდრო, ნოხებიანი, ქვის თაროებჩაშენებული ბუხრიანი, წიგნების კარადებიანი და წითელი და ოქრო ცურვილი ძვირფასი ჭურჭლის განჯინებიანი ოთახი უამრავ ღამეულ არსებას იტევდა.
მთელ იატაკს პირუეტით ურბენდნენ, ფეხებს ერთმანეთის მონაცვლეობით გრაციოზულად მაღლა სწევდნენ, კუდებს შლიდნენ და ნისკარტებს ისე მარჯვედ ხმარობდნენ, თითქოს წეროები ან ნატიფი ფლამენგოების გუნდი იყო, რომელთათვისაც ვარდისფერი საღებავები გადაესხათ.
ვერცხლისწყალში კუდებამოვლებულ ფარშევანგებსაც მიამსგავსებდა კაცი. უეცრად, ერთბაშად ჩამობნელდა, თითქოს მელანთევზამ ჰაერი მოულოდნელად მელნის ცრემლებით გაჟღინთა და ოთახი ადამიანური ვნებებითა და მძვინვარებით, შურითა და სიბრალულის გრძნობით აავსო. ყოველწამიერად მასში ყველაფერი იცვლებოდა.
მაგრამ გაღებულ კარს მიღმა ვესტიბულის მაგიდას, მზესუმზირებს, ბაღისკენ მიმავალ გზას სარკე ისე მკაფიოდ და უძრავად ირეკლავდა - გეჩვენებოდათ, რომ მათი რეალურობას ვერსად გაექცეოდი. საოცარი კონტრასტი იყო - აქ ყველაფერი იცვლებოდა, იქ კი ყველაფერი ერთ ადგილზე იდგა. თვალი ხან იქით გარბოდა და ხან - აქეთ.
ცხელოდა და ყველა კარი და ფანჯარა გამოეღოთ. ოთახში ხვნეშის ხმა ისმოდა და ეს წარმავალი და განწირული ხმა, ადამიანის სუნთქვასავით, ერთმანეთის მონაცვლეობით ხან ძლიერდებოდა და ხანაც წყდებოდა. სარკეში კი ყველაფერს სუნთქვა შეეკრა და უკვდავების მორევში ჩაძირულიყო.
ნახევარი საათის წინ, მოოქროვილ სარკეში, თხელ საზაფხულო კაბაში გამოწყობილი ძველი სახლის დიასახლისი იზაბელა თაისონი აბალახებულ გზაზე კალათით ხელში გამოჩნდა და სწრაფადვე გაუჩინარდა. ეტყობოდა, ”ქვედა ბაღში” ყვავილების, ან უფრო სავარაუდოა, მეტი ჰაეროვანის, ფანტასტიურის, ფოთლებით დაფარულის, მიმზიდველის, უხეშ კედლებზე ერთიანად მოდებული, დაგრეხილი, მორჩი ხვართქლის დასაკრეფად წავიდა.
მას ყოველთვის უყვარდა ხვართქლის თეთრი და იისფერი ხორკლიანი ყვავილები და სარივით სწორად აღმართულ ასტრის ცისფერ ყვავილებს, ხასხასა კვირისთავსა და საკუთარი ხელით დარგულ ნათურებივით მანათობელ ვარდის ბუჩქებს ერჩივნა.
ამგვარმა შედარებამ აჩვენა, მიუხედავად ამდენი ხნის ნაცნობობისა, რა ცოტა ვიცით ქალბატონ იზაბელაზე, არადა სულით და ხორცით უკვე ორმოცდათხუთმეტისაა. სხვათა შორის, სამოცი წელს მიღწეულიც ვერ გაიკეთებს გვირგვინს და ვერც ბწკალს გამოიბამს.
ამგვარი შედარება, გარდა იმისა, რომ უსაქმურობაზე უარესი და ზედაპირულია, ულმობელიცაა, რამდენადაც ხვართქლის მსგავსად ხვევადი და რხევადია და მოჩვენებითსა და სიმართლეს შორის ორჭოფობს. სიმართლის არსებობა, ისევე როგორც კედლისა - აუცილებელია; და მაინც საკვირველია, ამდენი ხნის ნაცნობობის მიუხედავად, ვერაფრით იტყოდით როგორია სინამდვილეში იზაბელა.
ეს ისეთივე უშინაარსო სიტყვებია, როგორც ხვართქლი და სამოგზაურო გართობა. ახლა კი ფაქტები; ფაქტი ის იყო, რომ იგი შინაბერა იყო. იყო მდიდარი, ქალაქგარეთ სახლი შეიძინა, მსოფლიოს სხვადასხვა მიყრუებულ კუთხეში მარტო მოგზაურობისას, შხამიანი ნექტრებით დაჩხვლეტის ან რომელიმე აღმოსავლური დაავადებების შეყრის საფრთხის მიუხედავად, ნოხები, სკამები, განჯინები მოაგროვა და რომლებიც, ჩვენ თვალწინ, ღამეული ცხოვრებით ცხოვრობდენ.
ხანდახან ისე ჩანდა, რომ მათ უფრო მეტი იცოდნენ დიასახლისზე, ვიდრე ჩვენ, რომლებიც მათზე ვისხედით და მათზე ვწერდით, მათზე დავაბიჯებდით და სათუთად ვზრუნავდით. თითოეულ განჯინაში რამდენიმე პატარა უჯრა იყო, რომლებშიც, სავარაუდოდ, წითელი ბაფთებით შეკრული, ლავანდის ან ვარდის სურნელით გაჟღენთილი წერილები ეწყო.
მეორე ფაქტიც იყო, თუ ფაქტები გვაინტერესებდა: იზაბელას ბევრი ნაცნობი ჰყავდა; მათ შორის ბევრი მეგობარი და თუკი რომელიმე მათგანს ეყოფოდა გამბედაობა, რომელიმე უჯრას გამოაღებდა და წერილებს წაიკითხავდა, შეიძლება ბევრი ვნებათაღელვის - დანიშნული პაემნების და ამ პაემნების უარყოფის კვალი აღმოეჩინა.
აქვე იყო გრძელი წერილები დაახლოებასა და ერთგულებაზე, ეჭვიანობითა და საყვედურებით აღსავსე წერილებსა და საბოლოო დაშორების საშინელ სიტყვებსაც იპოვიდა კაცი. არადა, არცერთ შეხვედრასა და განცხადებას არაფერი მოჰყოლია - იზაბელა არასოდეს გათხოვილა.
თუმცა, თუ მისი სახის გულგრილი გამომეტყველებით ვიმსჯელებთ, მან ოცჯერ უფრო მეტი იცოდა ვნებასა და განცდაზე, ვიდრე ქალებმა, რომელთა სიყვარულზე მთელ მსოფლიოში ყველას გასაგონად ახმოვანებენ.
იზაბელაზე ჩაფიქრებამ ოთახი უფრო ბნელი და ზღაპრული გახადა. კუთხეები კიდევ უფრო ჩამუქდა, მაგიდებისა და სკამების ფეხები კი თითქოს გაიზარდნენ და უცნაური ნიშნებით აჭრელდნენ.
მოულოდნელად ფიქრები ერთბაშად, თუმცა უხმაუროდ, შეწყდა. სარკეში რაღაც ფართო და შავი გამოჩნდა, ყველაფერი გააბუნდოვნა, მაგიდაზე მარმარილოს რუხი და ვარდისფერი დაძარღვული აბები მოაბნია და გაქრა.
უცებ სურათი ერთიანად შეიცვლა. გარკვეული დრო რთულად შესაცნობი, უაზრო გახდა და გაიდღაბნა. ტაბლეტები ისევ მაგიდაზე ეყარა და არანაირ ადამიანურ მიზანს არ უკავშირდებოდა.
გარკვეული დროის შემდეგ ყველაფერი თანადათანობით ლოგიკას დაექვემდებარა, რაღაც ძალამ ნივთები წესრიგში მოიყვანა და ბუნებრივი სახე დაიბრუნა. მიხვდა, უბრალოდ წერილები იყო, რომლებიც მოსამსახურეს მოეტანა.
მარმარილოს მაგიდაზე წერილები იდო, რომლისგანაც ნედლი და არშთანთქმული სინათლე და საღებავები წვეთ-წვეთად ერთმანეთთან შეურევლად იღვრებოდა.
რამდენიმე ხანში საოცარი რამ ხდებოდა, წერილებიში ერთმანეთში გადადიოდნენ, ერთმანეთს უერთდებოდნენ, ერთიანი სურათის ნაწილი ხდებოდნენ და და სარკის ნაბოძებ მარადიულ სიმშვიდეს ჰპოვებდნენ.
მაგიდაზე დაწყობილებს ახალი სიცოცხლე და მნიშვნელობა შეეძინათ და ისე დამძიმებულიყვნენ, რომ იფიქრებდინ მაგიდიდან ასაღებად მოქანდაკის სატეხის გამოყენება იქნებოდა საჭირო.
არ ვიცით იყო თუ არა მათში რამე ფანტასტიური, მაგრამ სავარაუდოდ, შემთხვევით მაგიდაზე დაყრილი ერთი მუჭა წერილები როდი იყვნენ. უფრო მარადისობის მომნიჭებელი აბები იყვნენ, რომლებზეც არა მხოლოდ იზაბელას შესაცნობად აუცილებელი სიმართლე იყო ამოტვიფრული, არამედ საერთოდ, მთელ ცხოვრებაზე.
წერილები, რომლებიც ერთი შეხედვით მარმარილოს კონვერტებში განეთავსებინათ მსხვილი და გამოკვეთილი ასოებით უნდა ყოფილიყო დაწერილი და ღრმა შინაარს ჰქონოდათ. ცოტა ხანში იზაბელა ოთახში შემოვა, კონვერტებს ერთი მეორის მიყოლებით ხელში ნელ-ნელა აიღებს, სათითაოდ გახსნის, სიტყვა-სიტყვით გულდასმით წაიკითხავს, შემდეგ თითქოს საქმის მთელ არს ჩაწვდაო ღრმად ამოისუნთქებს და კონვერტებს ნაკუწებად აქცევს, წერილებს ერთად შეკრავს და განჯინის რომელიმე უჯრაშიიმ განზრახვით ჩაკეტავს, რომ დაემალა ის რაც სხვებმა არ უნდა გაიგონ.
დამალვის განზრახვა გამოწვევას ჰგავდა. იზაბელას არასოდეს ჰქონია სურვილი ცნობილი ყოფილიყო. მაგრამ უკვე სხვა გზა აღარ არსებოს და მისი ასეთი ქცევა უკვე უაზრო და საშინელი გახდა. რადგან ამდენს მალავდა და იცოდა, აუცილებელი გახდა პირველივე ხელში მოგდებული ბერკეტით - წარმოსახვით - უნდა გაეხსნა, აზრი დაუყონებლივ უნდა შეექმნა და გაემყარებინა.
წამითაც არ უნდა გადაედო, ისე როგორც აქამდე, ათასგვარი მიზეზით - სადილობა, სტუმრიანობა, ზრდილობის გამო საუბრები - აკეთებდა. თავი იზაბელას ადგილზე უნდა დაეყენებინა, რომ იტყვიან “მისი ფეხსაცმელები უნდა მოერგო”.
გამონათქვამს სიტყვასიტყვით თუ გავიგებდით, თვალნათლივ დავინახავდით ფეხსაცმელს, რომელიც ”ქვედა ბაღში” მოფუსფუსე იზაბელას ეცვა. ფეხსაცმელები ძალზე ვიწრო, გრძელი და მოდური გახლდათ და ურბილესი, ძალზე მოქნილი ტყავისგან დაემზადებინათ; ზუსტად ისეთივე უზადო იყო როგორც ყველაფერი რასაც ატარებდა.
იგი ”ქვედა ბაღში” მაღალ მესერთან იდგა, ხელში წელზე გამობმული მაკრატელი ეჭირა და რამდენიმე გამხმარი ყვავილისა და ზედმეტად გაზრდილი შტოს მოჭრას აპირებდა. მზე სახეს უნათებდა და თვალებში უჭყიტინებდა. უფრო და უფრო შემაწუხებელი ხდებოდა და სწორედ ამ დროს ღრუბლები ჩამოეფარა.
ნეტა, რაღას გამოხატავდენ იზაბელას ეჭვჩამდგარი თვალები - იმედგაცრუებას თუ სინაზეს, სიხარულსა თუ გაურკვევლობას? ერთადერთი რისი დანახვაც შეიძლებოდა მისი გაურკვეველი მოხაზულობის ოდნავ დამჭკნარი ცისკენ მზირალი სახე იყო.
შეიძლება იმაზე ფიქრობდა, რომ მარწყვის კვლებისთვის ახალი ბადის შეკვეთაა საჭირო, ან ჯონსონის ქვრივისათვის ყვავილების გაგზავნა, იქნებ ჰიფსლეებისთვის ახალმოსახლეობის მილოცვის დროც დადგა. სხვათაშორის სადილობისას სწორედ მათზე საუბრობდა, თუმცა რაზეც საუბრობდა მოსაწყენი რამ გახლდათ.
საინტერესო მისი ღრმა შინაგანი მდგომარეობის შეცნობა და სიტყვებით გადმოცემა იყო, რომელიც მისი სულისთვის იგივეა, რაც სხეულისთვის სუნთქვა და რასაც ბედნიერებას თუ უბედურებას უწოდებენ. ამ სიტყვების წარმოთქმამ სრულიად აშკარა გახადა, რომ იგი ბედნიერია.
იგი მდიდარიცაა, ცნობილიც და უამრავი მეგობრით გარშემორტყმული. ბევრს მოგზაურობს, ხალიჩები თურქეთში იყიდა და ცისფერი ლარნაკები სპარსეთში. სიამოვნებათა ნაკადები ზუსტად იმ ადგილიდან იფრქვეოდნენ, სადაც მაკრატლით ხელში იდგა, მთრთოლვარე რტოს ჭრიდა და არშიაშემოვლებული ღრუბლები სახეს უჩრდილავდა.
იზაბელამ კატაბარდას მორჩი დაინახა, მაკრატლის ერთი სწრაფი მოძრაობა და იგი უკვე მიწაზე ეგდო. რაღა თქმა უნდა სინათლემ მოიმატა და მის სულში ცოტა უფრო ღრმად შეღწევა კიდევ უფრო შესაძლებელი გახდა; სული კი ახლა სავსე იყო სინაზითა და მწუხარებით…
გული გწყდება, როდესაც მცენარეს ზედმეტ რტოს აჭრი; იგი ხომ ცოცხალი იყო და ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე წაართვი. ამასთან რტოს მიწაზე დაცემა შეგახსენებს, რომ შენც მოკვდავი ხარ და ყველაფერი ამაო და წარმავალი.
ვირჯინიამ სიცოცხლის ამაოებაზე ფიქრე სწრაფადვე შეწყვიტა და კეთილგონივრულად დაასკვნა, რომ ცხოვრება მას მშვენივრად ეპყრობა და და თუ მაინც დაეცემა, ესეც არაფერი - მიწაზე იწვება და ისიამოვნებს, როცა დაიშლილი იის ფესვებს შეერევიან და გააძლიერებენ.
ახლა კი დგას და ფიქრობს. საერთოდ, ყველაფერს რასაც ფიქრობს იშვიათად გადმოსცემს - რადგან იგი იმ თავდაჭერილ ადამიანებს მიეკუთვნებოდა, რომლებიც თვლიან, რომ უმჯობესია თავინთი აზრები სიჩუმის ღრუბლებში გახლართონ - არადა მისი გონება აზრებითაა გამოტენილი.
იზაბელას გონება მის ოთახს ჰგავდა, რომელშიც ლანდები აქეთ-იქით მოძრაობენ, პირუეტს აკეთებენ, უზადოდ დააბიჯებენ, კუდებს იშვერენ, გზადაგზა რაღაცებს უნისკარტებენ და შემდეგ იზაბელა მთელი მისი არსით, ისევე როგორც ოთახი აივსება ღრმა ცოდნით, გამოუთქმელი მწუხარებით და დაემსგავსება წერილებით სავსე განჯინის ჩაკეტილ უჯრებს.
საუბარი იმაზე, რომ თითქოს იგი ხამანწკაა და "პირველივე ხელში მოგდებული ბერკეტით გახსნი“ ბიწიერია და აბსურდული - ყველაზე დახვეწილი, ყველაზე ფაქიზი და ყველაზე მოქნილი ინსტრუმენტი თუღა გამოგადგებათ. წარმოიდგინეთ, რომ მას სარკეში უყურებთ და აქედან დაიწყეთ.
თავიდან ისეთი შორეული იყო, რომ ხეირიანად თვალსაც ვერ მოჰკრავდით. მოვიდოდა, სვლას შეანელებდა, ვარდს გაასწორებდა, მიხაკს თავს წამოუწევდა და დაყნოსავდა, მაგრამ არასოდეს ჩერდებოდა.
სარკეში უფრო და უფრო იზრდებოდა, და ბოლოს სრულად გამოჩნდებოდა ადამიანი, რომლის სულში ჩახედვასაც ყველა ასე მოთმინებით ცდილობდა. ყოველი მათგანი ნაბიჯ-ნაბიჯ ამოწმებდა თუ რამდენად შეესაბამებოდა მათ მიერ დანახული იზაბელას სხეული მის თვისებებს.
აი ახლა კი ნაცრისფერ-მწვანე კაბასა და გრძელ ფეხსაცმელებში გამოწყობილს ხელში კალათი უჭირავს და რაღაც მის ყელზე ბრჭყვიალებს. სარკის წინ ისე ნარნარად ჩაივლის, რომ არსებულ სურათს მყუდროებას არ დაურღვევს. უბრალოდ მასში რაღაც ახალს შეიტანს - უკვე არეკლილ ნივთებს მსუბუქად გადაადგილებს და ადგილს ისე შეუცვლის, თითქოს თხოვნის შემდეგ თავაზიანად დაუთმესო.
მომლოდინე წერილები და მაგიდა, ამწვანებული ბილიკი და მზესუმზირები სარკეში ისე განლაგებულიყვნენ, რომ მზად იყვნენ ვირჯინია შუაში ჩაესვათ. როგორც იქნა იგი დიდ ოთახში შემოვიდა. მკვდარივით გაშეშდა. შემდეგ მაგიდას დაეყრდნო და ისევ გაშეშდა.
მის უმოძრაო სხეულს სარკემ შუქი მოაფრქვია და როგორც ჩანდა ადგილს საბოლოოდ მიაჯაჭვა. ეს მცირე დოზით მჟავის დასხმას ჰგავდა, რომელიც არარსებითსა და ზედაპირულს ამოჭამს და მხოლოდ ნამდვილს დატოვებს.
თვალწარმტაცი სანახაობა გახლდათ. ყველაფერი მიწას დაენარცხა - ღრუბლები, კაბები, კალათი, ბრილიანტი - რასაც ყველა საბოლოოდ ხვართქლსა და კატაბალახაში მოისაზრებს. და აი უხეში კედლები, რომლებსაც ისინი ეხვევიან. აი თვითონ ქალიც, რომელიც ულმობელი შუქის ქვეშ შიშველი დგას და მისთვის აღარაფერი არსებობს, იზაბელა სრულებით დაცლილია. თავში არანაირი აზრი აღარ მოსდის და აღარც მეგობრები ჰყავს.
ისინი უკვე არავისზე აღარ ზრუნავენ. რაც შეეხება წერილებს ისინი მხოლოდ ქვითრებია. შეხედეთ, აი დგას იგი თავისი გრძელი ცხვირითა და დაჭმუჭნული კისრით, დგას ბებერი და მოუქნელი, დაძარღული, დანაოჭებული და აზრადაც არ მოდის წაიკითხოს.
ადამიანებმა არასოდეს არ უნდა დატოვონ საკუთარ ოთახებში კედელზე ჩამოკიდებული სარკეები.