რა ხდება, ნეტავ, ენგურს გადაღმა? ამ წლების მწარე წყვეტების შემდეგ? თუ ვახსენდებით მაინც, ხანდახან, მიტოვებულ და დაცხრილულ კედლებს? ტალღა ტალღასთან რაზე კამათობს? ვის ხელში ჩაგვრჩნენ ძმები, შვილები, უსაფლავებოდ, უმისამართოდ? ან მიწა-წყალი, მსგავსი ედემის? არ გავუზრდივართ ჩვენ ყაჩაღებად, ვიყავით კარგი გუთნისდედები. გულით ვხარობდით სხვათა სტუმრობით. არც სულით ჩარჩნი არა ვყოფილვართ, ვიყავით კარგი კირითხურონი. ამ ცეცხლს რა ვუყო, ვის რა შევჩივლო... ჩემი ჩხავერი ხომ არ გადახმა? აფხაზო ძმაო, თვალი გეჭიროს... მამულ-დედული, ლამაზი, ჩვენი? ათა-ბაბადან აკი, ძმები ვართ, ქართლოსისა და ეგროსის ძენი! ცა, გულნატკენი, დამყურებს ცერად. მე მჯერა, შენი მზერაც გამომყვა, ახლობელი და ნაცნობი მზერა. გზა, ჭეშმარიტი, ხომ უნდა ვძებნოთ? ერთნი ვართ, ერთი გორისანი ვართ, არ დაგავიწყდეთ, აფხაზო ძმებო! დრო კითხვებს მაყრის, როგორც ხოშკაკალს, სიტყვა - სიყვარულს! დე მან აშენოს, ის, რაც მტრობამ და შუღლმა მოშალა! ამინ-თქო... ღმერთო, სად ხარ, გვიშველე, რომ დავიბრუნოთ ჩვენი სახლ-კარი, დავსხდეთ ფსოუსთან და დავისვენოთ. |