კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:15
Advertisement

 

 

 

შენ წაგიყვანეს უცხო ბილიკით,

უცხო მტვერი და ბორკილი ზიდე.

პირაქეთ გსურდა, დარჩი პირიქით

და ვერ დაბრუნდი ვერაფრით გზიდან.


როგორც ლაჟვარდში წასული ბოლი

მშობლიურ ქოხის საკვამურიდან,

შენ მზერა ცისკენ გაგექცა თრთოლვით,

როცა მოგწყვიტეს ქართლის გულიდან.


ქართლში დასტოვე მაისის სუნთქვა,

გაზაფხული და ვარდების მტვერი

და სულში ღამე შეიცან უტყვად

შენი მიჯნურის თვალების ფერი.


როგორ აჰკაფა ვერაგმა ვაზი

და როგორ მოსრა ლურჯი ყანები.

გაგონდებოდა მიმავალს გზაზე

დედის ცრემლები სათაყვანები.


ცისკენ გაგექცა მზერა დაღლილი;

მთვარე გაჩრილი ჩანდა ღრუბლებში,

როგორც ნატეხი შენი მახვილის

გულმკერდშელეწილ თათრის უბეში.


შენ წაგიყვანეს ირიბი გზებით,

გკლავდა წყურვილი,

გახრჩობდა სიცხე.

დაივიწყეო - გიბრძანეს ცემით,

სამშობლო მაინც არ დაივიწყე.


მეხვაშიადე არავინ გყავდა,

ასე გატარეს დიდხანს და დიდხანს,

როცა დაეცი შირაზის კართან,

შენ გაიგონე ქართული სიტყვა.


გრძნობდი: საგულეს აღარ გეტევა

გული ჭმუნვაში, დარდში ნათრევი.

იქნებ წამოდგა მკვდრეთით ქეთევან

და დაიკივლა - ნუ გათათრდები!


იქნებ ის იყო სული უკვდავი

შანთით დასერილ წმინდა სხეულის?!

იქნებ ის იყო სული უკვდავი

იმ სხეულიდან გამოქცეული?!


და შენაც სული აზიდე ცამდის

დაცემულმა და გზაზე ნათრევმა…

- ნეტა რას ერჩი, თათარო, მაგ ბიჭს,

ქართველია და არ გათათრდება!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - არჩილ სულაკაური  • • •   არჩილ სულაკაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen