კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ივნისი 2025 22:15

 

 

 

ა, ესეც შენი პანტიანი,

ნისლი ორბეთის,

დაბლა, ხევებში,

შემოდგომა გიზგიზით მოჩანს...

და როგორც ჩვენი

არაერთი წინამორბედი,

შემოვუსხედით

ხინკლით სავსე ვეება ხონჩას!


დგას ოშხივარი,

მოგონილი ისმის ჟარგონი,

ვიღაც ხვადაგი,

გალეშილი,

იმნაირს როშავს,

მინდა

წამოვდგე ამ ხნის კაცი,

ამის გამგონე,

და ალიყური ვუთავაზო

ვირივით ოჩანს!


რისი ოცნება,

ყველაფერი გათავდა, მორჩა,

რის საქართველო,

რა სამშობლო,

რისი მამული?!

ირგვლივ ამდენი იდიოტი

ხორხოცებს როცა

და მუცლებს ასდით

ცხელი ორთქლი,

ლოყებს ალმური!


მეზობელ სუფრას

გოგონები უსხედან ჭარბად,

სვამენ არაყს და

არც რაიმე აქვთ დაფარული,

დაშხოშიანად აყოლებენ

ნაფაზზე ნაფაზს,

რის საქართველო,

რა სამშობლო,

რისი მამული?!


აქ ერთი-ორი შავი "ვოლგაც"

მოვლანდე კართან

და დახლიდარის ფაცი-ფუციც

ვნახე მარულით...

ცალკე ოთახში

"ენისელით" იხსნიან მადას,

- რის საქართველო,

რა სამშობლო,

რისი მამული?!


არის ღადღადი,

ხინკლის ყლაპვა,

სასმელის წრუპვა,

და წამღერება უცხო ჰანგის

თვალის წალულვით,

რამოდენიმე სუფრა უკვე

მიბარდა უფალს,

- რის საქართველო,

რა სამშობლო,

რისი მამული?!


კაცმა რომ მკითხოს

ახლა ამათ რითი ვჯობივარ?

რის მაქნისია

ახლა ჩემი ცრემლი მალული?!

მეც მშვენიერად შევეგუე

დუქნის ოშხივარს,

- რის საქართველო,

რა სამშობლო,

რისი მამული?!


ერთი პოეტი მეგულება

ჩვენი ამქარის,

საქართველოზე იმნაირი

იცის ქაქანი,

თითქოს ხმლით ხელში,

ტანზე ჯაჭვით,

თავზე ჩაჩქანით,

გადაერეკოს საზღვარს იქით

თურქთა ლაშქარი!..


თუ არ ტკივილი,

მხატვარს ფერი, პოეტს მოლბერტი,

თუ არ განჭვრეტა ხვალინდელ დღის

აწმყოს მოვლისა,

რად ვხატო მაშინ

შემოდგომის ნისლში ორბეთი,

თუ პირში სათქმელს

არ მოგახლი პირველ ყოვლისა?!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - რეზო ამაშუკელი  • • •   რეზო ამაშუკელის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ