გმირი ღვაწლით იცნობა, ბერი - თავის ჭილოფით, თამარ მეფეს ვეახლე ჩემი ხუთი ჭრილობით. ჩემი ხუთი ჭრილობით კოხტაგორაც დავზვერე, ფეხით შემოვიარე მიწიერი საზვერე... ულურჯესი გზები და... ულურჯესი ხატები... და სამხრეთის ქარები, ნამზეური კამარა, კლდეში - ვანის ქვაბები, ვარძია და საფარა. მასპინძელი? - უზადო, ყოვლად დარბაისელი. მაღლა სავსე მთვარე და მთები - ქვეყნის მცველები... თამარ მეფის სარკე და თამარ მეფის ცრემლები. და წყალობა ულევი - უფლის მართლმსაჯულება!.. ისე ბრწყინავს მესხეთი, თითქოს ანგელოზია... დგანან ციხე-ბურჯებად ხერთვისი და ლომსია! მთვარე მოინავანებს, რადგან დიდი ღამეა... რადგან დიდი ღამეა პოეტური შტორმებით, ანტიკური ქარით და ფერებით და ფორმებით, - რადგან მესხმა რუსთველმა ოქროს კალმით იმეფა, რადგან მიწა ირწყვება უკვდავების წყაროთი, რადგან ვცოცხლობთ, რადგან ვართ, - ღვთისმშობელის წყალობით. რადგან ჩემი კალამი ავწიე და დავძარი! - ლექსი სისხლით იცნობა, ბერი - თავის ჭილოფით, თამარ მეფეს ვეახლე ჩემი ხუთი ჭრილობით. |