კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 23 მარტი 2026 09:12

 

 

 

ცურის კერტივით დამსკდარა კვირტი,

შევხარი ვაშლის და ბიის ბრიალს.

აპრილი ცელქი ხბოსავით მიხტის

და ჭალა მიაქვს სულ რია-რია.

მაძალებს ბელტი, მზით მოთესილი,

ირმის ცურივით გაჭექილ სიტყვას

და გაზაფხულის ფიცხი ლექსივით

ალქაჯი წვიმა სახეში მირტყამს.

ატმის ხეებო, ეს რა ბოლია

ან რა ფერების ჭრელი იგავი?!

ყველას ჭკვიანი კაცი ვგონივარ

და, ალქაჯებო, ეს რა მიყავით!

მთაზე ციხეა-წარსულის კლიტე,

ლეგენდისა და აწმყოს ნაპირი,

ძირს კი კერტივით დახეთქილ კვირტებს

ხბოსავით ვღეჭავთ მე და აპრილი.

გარბის აპრილი-თეთრი ბოჩოლა

და საბელივით მიმათრევს გზებზე,

ფეხდაფეხ მომდევს ფოთლის ჩოჩქოლი,

მეხის ხარხარი და ,,კაფე-თესე".

მივსდევ ბოჩოლას -ამ ჭრელფერდებას

და თბილისამდე თუ დავეწევი,

ხარად იქცევა ანუ სექტემბრად

რქებდაყურსული ვაზის ლერწებით.

მაგრამ ქალაქში ხარს ვინ შეუშვებს,

ვინ მისცემს საწყალს ჩალას და მარილს?

და ძილს დაუფრთხობს თბილისის ქუჩებს

ქალაქგარედან ბღავილი ხარის.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ