როცა ქალაქში საღამო დგება, მოჰქუხს რიონი მთების ნადავლით, წყლის ზედაპირზე აილანდება ჟამგადასული ერთი ჭადარი.
ღრუბლებს გუნდ-გუნდად დაიმორჩილებს და ჩამომხრჩვალი კაცების დარად მთვარე ტოტებზე გაჰკიდებს ჩრდილებს.
ისევ იგონებს გაბოროტებით, მის ქვეშ მახვილებს როგორ ლესავდნენ და სახრჩობელად ჰქონდა ტოტები.
ღამეში სიტყვას ააყვავილებს, ყელს მოიღერებს და რიჟრაჟამდე ანა დედოფალს უმღერს შაირებს.
აღარ უცდიათ ხმალი რა ხანი... ირგვლივ ისრების ფრთები ირევა და ფარ-შუბების ისმის ჯახანი.
რიონის ნელი ჩქამიც გაისმის. მაღლა ვარსკვლავნი ბრწყინავენ თითქოს ზეცის სარკეში სჩანს ქუთაისი. |