მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი
სატრფოო ჩემო, სატრფოო ჩემო, დაუნდობელო სატრფოო ჩემო, ხან განზე მდგომო და შორებელო, ხან ახლობელო სატრფოო ჩემო!..
მწუხრში ბრწყინდები, ვით გაინთიადი, ჭირში იმედი შენ ხარ დიადი, უწვიმრობისას ღრუბელო ჩემო.
განკურნე თუ რამ დაგიხვდა ავად, რწმენის ზღვა ხარ და მიჩნიე ნავად.... ზღვაო, ჯავართა მშობელო ჩემო.
ჩემს სულს ვამოყვრებ მე შენს სულთან და სულ შენთვის ვიწვი, დაგდევ სულ თან და ვერსად გცნობ მაინც, მცნობელო ჩემო.
გონის სინათლის რამაც გვახარა, ყიბლა ხარ ჩემი, გზა ხარ და შარა, სახლო ჩემო და სოფელო ჩემო.
მზეც ხარ, მთვარეც ხარ და მუშთარიც ხარ, საფიქრალიც ხარ და გუმანიც ხარ, ო, საუნჯეთა მფლობელო ჩემო.
გეძებ და თვალებს ცრემლით ვიოსებ, მე ჩემს მისრეთში გულს ვერ ვიოხებ.... მოდი, დამიპყარ, მპყრობელო ჩემო.
გეტყვი - "რა გითხრა?! მე შენთვის ვინ ვარ?!" მეტყვი - "შენ გამკობ, მე ხომ შენს წინ ვარ!....." შემამკე, შემამკობელო ჩემო.
თქვი - "ყველასათვის არ ვარ ცნობილი, შენი სული კი მაქვს მოხმობილი".... ვთქვი - შემიბრალე, მხმობელო ჩემო.
და თუ სიყვარულს - სული გაწირე და ჩემი ხვედრი გაინაწილე! შენ გელი, თანამდგომელი ჩემო. |