ლექსო, ამოგთქომ, ტიალო, თორო იქნება ვკვდებოდე!... ხ ა ლ ხ უ რ ი
ახლა ჩემს პატარას უნდა მივეშველო - უნდა ავამღერო უჩუმრად ნაწერი, აქამდე სხვა მყავდა ძნელად გასაზრდელი, მის აკვანს გადავყევ, ულექსოდ გავძელი...
ლექსო ნაბოლარავ, მინდა დავიწყებას, სიკვდილს აგაცილო, მტვერი გადაგწმინდო, გაგთალო, დაგწმინდო, ფეხზე დაგაყენო, ომში გაგაცილო!
უწვრთნელო მიმინოვ - აჰა, გეფერები, გვედრი, მომისმინო... დიდი გზა მოგელის, ბრძოლები ახალი, აიღე, აიღე, აიღე ფარ-ხმალი!
ჩაიცვი ჯავშანი სიტყვის ქართულისა!
გაგზრდი, დაგაპურე, მოგირჩენ იარებს, უსიტყვოდ, უკალმოდ, უჩუმრად ნამღერო, ნუ დამემდურები, თუ ვერ მოგიარე.
შიგ წლობით ნადენი - ზღვა განრისხებული, დედა ხარ, სატრფო ხარ, მათსვით მარტო ხარ, მათსავით მარტო ხარ და დავიწყებული.
სისხლო და ცრემლებო, ნაწილო არსების, ნუ დამემდურები, თუ ვერ მოვიცალე, თუ ვერ მოგიარე - მარცხენით გარწევდი...
მაინც ასე ტკბილო - ბაღო ჩარეგვილო, ვაზო დასეტყვილო, სიტყვავ დასეტყვილო, მაინც ეშხიანო, ლურჯი ჯეჯილივით მუდამ გეშრიალოს! ყვავილო გვიანო, რტოო იმედისა- ისევ გაზაფხულდა ბედმა გიბედისა.
თქმა ვერ გაგიბედე, განა დაგივიწყე, განა გაგიმეტე? აჰა, დაგიბრუნდი, გაგზრდი, გაიმედებ... ლექსით დავიბადე, ლექსით დაგიბერდე! |