კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 23:46
Advertisement

 

 

 

რად სხვანაირობს შენი ცქერა და რად მაწვალებს,

გული, პირბადით  დაბინდული, რად მენავსება?

იდუმალ თრთოლვით მე ვუცქერი შენს ცისფერ თვალებს,

მაშინებს მუდამ საკვირველი მათი მსგავსება.


და ამ ორ თვალში რომელია ყალბი, მართალი,

ჩემმა ოცნებამ ვერასოდეს ვერ გაარჩია!

არ გიყვარს მთვარე - ვარსკლავების ნაზი სარდალი,

არ გიყვარს ღამე - სასიკვდილო შავი არშია.


შენს თვალს ჩაჯენილს მზის სხივებში გაათბობ, ალბათ,

გედის პროფილით დაიმონებ ბევრ მამაკაცებს.

ო, რა უცხოა შენი თვალი, მხიბლავი ყალბად -

ნეტავი იმას, ვინც ამ თვალზე ნაზად გაკოცებს!


თვალის მაგივრად შენ ძვირფას ქვას მუდამ ატარებ,

რომ მე ყოველთვის ვიოცნებო ხელოვნურ თვალზე;

შეშლილ ქალაქის ავხორციან სფინქსს შეგადარებ,

და გული ლექსში ატირდება თავის ფრიალზე!


შენ როცა გძინავს, გაღებული გაქვს თვალი ერთი,

მაგრამ მე მაშინ... მე არა ვარ შენს სარეცელზე;

და მე არ ვიცი შენი ცრემლი, ხმა გასაღმერთი,

მხოლოდ სიზმარში ვეამბორე ბეჭედს შენს ხელზე!


მე არ მაგიჟებს შავგრემანი შენი ღლიავი,

და კლავიშებით მოთენთილი, გრძელი თითები.

მე მათრობს, მათრობს გამოუცნობ თვალთა ნიავი,

მაგრამ ყოველთვის მედიდურად მომერიდები!


რარიგ მწყურია საფირონი, თვალში რო ბრწყინავს,

ო, როგორ მინდა შენს წამწამებს შევეხო კბილით!

ეგ შენი თვალი დაუნდობი გულს გამიყინავს,

ეგ შენი თვალი იამაყებს ჩემი ტკივილით!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ვალერიან გაფრინდაშვილი  • • •   ვალერიან გაფრინდაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen