ჩვენს ხალხს ცხვარი იმდენად სასარგებლო ცხოველად მიაჩნია, რომ ფიქრობს, სადაც ცხვარი იმრავლებს, იქ სიღარიბე გაქრებაო.
ეს აზრი ხალხს ზღაპარშიაც გამოუთქვამს.
იაკობ გოგებაშვილი
![]()
ცხვარი შევიდა სახლში, დაინახა სიღარიბე, ფეხები დაუბაკუნა და დაუყვირა:
- ადე, სიღარიბევ, გამეცალე აქედანაო!
- რად უნდა გაგეცალო? ეს სახლი ჩემიაო!
- შენი კი არა, ჩემთვის უფრო უპრიანია, ახლავე უნდა გამეცალოო!
რომ გაუჭირა საქმე ცხვარმა, სიღარიბემ სთხოვა:
- სახლის ნახევარი მაინც დამითმეო
- არა, ვერ დაგითმობო
ბოლოს სიღარიბე შეეხვეწა:
- ერთი კუნჭული მაინც დამითმეო
- ვერ დაგითმობ, მთელი სახლი უნდა დავისაკუთროო
- რად გინდაო?
- ერთ კუთხეში მე უნდა დავდგე, მეორეში ჩემი ბატკნები უნდა დავაყენო, მესამეში დაკრეჭილ მატყლს დავაგროვებ და მეოთხეში კი ჩემი რძის ყველსაო.
ადგა სიღარიბე და გაეცალა. მთელი სახლი ცხვარს დარჩა.