კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ივნისი 2025 21:37

ის იყო უფროსმა ძმამ დააპირა მოყოლა, რომ ნამტირალევმა უმცროსმა დაიწყო:

- იყო ერთი ბიჭი და სახელად ერქვა დაჩი...

- მოიცა! - გააწყვეტინა ბაჩომ - ჯერ არავითარი ბიჭი არ იყო.

- მე ვიყავი! - გული დასწყდა დაჩის.

- შენ თუ უფრო იცი, მე რაღას მაწუხებდი. ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინათ, როცა შენ არ იყავი...

- დედიკო და მამიკო იყო.

- არა.

- არავინ არ იყო? - გაუკვირდა დაჩის.

- მაცალე! - გაწყრა ბაჩო, - იყო, იყო ცა და მიწა...

- ცის ზღაპარი მინდა! - მოეწონა დაჩის, - ვარსკვლავების და მთვარის...

- კი მაგრამ, მიწა რომ არ იყოს, ვარსკვლავებზე იცხოვრებდი?

- კი, რატომ არა,.. ბაჩო, ვარსკვლავებზე წამიყვან?

- ჯერ მიწაზე სიარული ისწავლე, კისერს ნუ იტეხ... ვარსკვლავები მომთხოვა!..

- მთვარეზე?

- მთვარეს რაკეტა უნდა, შენ კი ჯერ ველოსიპედისთვისაც ვერ მოგივლია. დაჩიმ იფიქრა, ეს მართლა როგორ დამემართაო და გაჩუმდა.

- ჰო, იყო ცა, მიწა და ადამიანები.

- ადამიანების ზღაპარი მინდა, მიწის არ მინდა! - წამოსცდა ისევ დაჩის.

- კი მაგრამ, მიწა რომ არ ყოფილიყო, ადამიანები ცაზე დაკიდებული იცხოვრებდნენ?

დაჩიმ იფიქრა, დაკიდებული ცხოვრება მართლა გაჭირდებოდაო და ისევ გაჩუმება ამჯობინა.

- იყვნენ ადამიანები. - განაგრძო ბაჩომ - მაგრამ რად გინდა, არაფერი იცოდნენ.

- არც ნადირობა?! - ვერაფრით მოითმინა დაჩიმ.

- არც ნადირობა, მაგრამ იცოდნენ ჭამა-სმა. ჭამა-სმა ადამიანმა გაჩენისთანავე იცოდა. ჭამდა და ჭამდა, რასაც იშოვნიდა: მკვახეს და მწიფეს, ხმელსა და ნედლს, არც თავისი და სხვისი იცოდა, რასაც მოიხელთებდა, შეუჭმელს არ უშვებდა. გაკეთებით კი, კაპიკის საღირალს არ აკეთებდა.

რა გაუძლებდა ამდენ მუქთახორას და ერთ დღეს ყველაფერი გამოელიათ. მოშივდათ, იტაცეს მუცლებზე ხელები, მაგრამ რა დაგიკარგავს რას ეძებ, კბილის გასაკრავი აღარაფერია.

მოუვიდათ გული, გამწარდნენ და დაუწყეს ხეებს მტვრევა: რატომ საჭმელს არ გვაძლევთო. დამტვრეული ხეები რაღას მისცემდნენ და მთლად გადაირივნენ, ბალახების გლეჯა და ჭამა დაიწყეს, მაგრამ არ მოეწონათ.

პირის გემო ადამიანს გაჩენისთანავე ჰქონდა. რაღა ექნათ, აეწვათ კუჭი. კუჭი ისეთი უბედურებაა, რას არ გაკადრებინებს და ახტნენ და დახტნენ, ცას ვერ მისწვდნენ და დაუწყეს ფეხების ცემა მიწას. ურტყეს წიხლები, იყვირეს, ლანძღეს და აგინეს. ლანძღვა-გინებაც მაშინვე ისწავლეს.

განაწყენდა დედამიწა: ეს რა ხალხია, ჩემ ზურგზე დადიან, ჩემს გაზრდილ ხის ნაყოფს და ბალახს ჭამენ და კიდევ მწიხლავენ და მლანძღავენო! - გაგულისდა, ბურთივით გაიბერა.

ადამიანებს შიათ, გაბერვა-გაგულისებას ვინ დაგიდევს. ისევ დასცხეს და დასცხეს მიწას ფეხები. - საჭმელი მოგვეციო!

დედამიწა ბოღმით გაიბერა, გასივდა, ამდენ ცეცხლსა და ვარამს ვერ გაუძლო. მანამდე მთები და გორები არ იყო, მაშინ კი ისე შემოასკდა გულს, თავის კანში ვეღარ დაეტია და სწორი ზედაპირი ამობურცა - გორები გააჩინა.

აირბინეს დამშეულებმა, იფიქრეს: ამოდენა მთა საჭმელი თუაო, მაგრამ ნახეს, ესეც მიწაა. ისევ დასცხეს წიხლები. კიდევ უფრო გადაირია მიწა, უფრო მოაწვა ბოღმა გულზე და ახლა მაღალი კლდოვანი მწვერვალები ამობურცა.

- მწვერვალები და კლდეები ვჭამოთო? - ტლინკები ჰყარეს ადამიანებმა. - შე ასეთო და ისეთოო?

მაშინ იყო, რომ იჭექა მიწამ და ცეცხლი და კვამლი ამოანთხია. ახლა კი იკადრეს კუჭს აყოლილებმა უკან დახევა, მაგრამ გაცეცხლებულ დედამიწას სახე სულ დაეღარა, დაუნაოჭდა - უფსკრულები და ხევები გაჩნდა.

- აბა, რა ვქნათო? - შეშინდნენ ადამიანები.

- რა ჰქნათ და ხელი გაანძრიეთო! - გადმოსძახა ვულკანის ცეცხლის ენით.

- კი, კი, ხელი უნდა გაანძრიოთო! - გაიმეორეს მთებმა.

- ოღონდ ნუ დაგვწვავ, ან უფსკრულში ნუ გადაგვჩეხავ და ბატონი ხარო! - და დაიწყეს ხელებისა და ფეხების ქნევა.

- ეს რა ვარჯიშობა გამომიგონესო?! - ცეცხლი ჰყარა ვულკანიდან მიწამ. - ხელი გაანძრიეთ, ესე იგი, საქმე ჰქენით-მეთქი!

- რა საქმე ვქნათ, რომ არ ვიცითო?! - პირი დააღეს ადამიანებმა.

- რა და, მიწა მოხანითო!

- მიწა მოხანითო! მოხანითო! ხანითო! - დაიგუგუნეს მთებმა და მწვერვალებმა, გაიმეორეს ხევებმა და უფსკრულებმა.

მოცვივდა კაცი და ქალი და მიწას ფრჩხილებით დაუწყეს პოტნა და თხრა. მაგრამ ვერაფერი გააწყვეს, სულ დაუსისხლიანდათ თითები, დასხდნენ და გულხელი დაიკრიფეს.

- რა გულხელდაკრეფილი სხედხართ, კავი და გუთანი გააკეთეთო!

წამოცვივდნენ, გააკეთეს კავი და გუთანი, შიგ კაცები გაებნენ, უფრო ღონიერები ვართო, ქალები კი გუთნისდედებად დააყენეს. ხნეს და ფარცხეს, მაგრამ მზე რომ საშუადღეოზე წამოვიდა, დასცხათ, დაიღალნენ. თანაც, ადამიანი თავიდანვე ზარმაცი იყო, მიატოვა ხვნა-თესვა, ჯოხზე ქვა დაამაგრა, დაიკავა ხელში, შეუვარდა მეზობელს გამოქვაბულში, მაშინ ადამიანები გამოქვაბულში ცხოვრობდნენ, მოიყვანა გული და უთხრა: წამოდი, შენ უღელში უნდა შეგაბა, მე კი ჩრდილში წამოვწვეო.

- არ წამოვალ! - ქვა ააგდო და თავი შეუშვირა მეზობელი გამოქვაბულის ადამიანმა.

- აბა, თუ არ წამოხვალო! - თუთქა თავში ქვის ჩაქუჩი და გააცხებინა სული. დანარჩენები შეშინდნენ, წამოიყვანა და უღელში შეაბა.

- კაცმა კაცი მოკლაო! - იბღავლა დედამიწამ და იძრა, მთლად დაანგრია გამოქვაბულები. მწვერვალები ბრაზით სულ დაიბზარნენ, ქვა და ლოდი ამოყარეს და თავი შეუშვირეს.

მანამდე მიწისძვრა და ქვათა ცვენა არავის გაეგონა.

- ან კაცის უღელში შებმა სად გაგონილაო?! - ვულკანის ცეცხლის ენა გადმოაგდო დედამიწამ.

- სად გაგონილაო, სად გაგონილაო! - შეიცხადეს მთებმა და მწვერვალებმა და ისევ ლოდები გადმოყარეს.

შეშინდნენ ადამიანები, ვეღარც გამოქვაბულში დაიმალნენ, თავზე ჩამოგვენგრევაო:

- არიქა, რა ვქნათ, რა გადაგვარჩენსო!

სანამ ტრაქტორის გაკეთებას გასწავლიდეთ, მანამ აგერ, ტყეში რომ ხარია, ის დაიჭირეთ და შეაბით! - ამოიოხრა დედამიწამ.

დაიჭირეს ხარი და ძროხა და შეაბეს.

- ხარი შეაბით, თქვე ოხრებო, ძროხა მოწველეთ და ბავშვებს რძე დაალევინეთ!

- რძე ბავშვებსო, რძე ბავშვებსო! - დაიგუგუნეს მთებმა და გაიმეორეს ხევებმა.

ასეც ჰქნეს, მაგრამ მაინც გაუჭირდათ, რაკი ქალებს ახვნევინებდნენ და კაცები ძროხებს წველიდნენ.

- არც ეს შეიძლება, თქვე უჭკუებო! კაცებმა მოხანით და თესეთ, ქალებმა ძროხა წველეთო.

ესეც გააკეთეს, მაგრამ რა გამოვიდა, ქალებს პურს ამკევინებდნენ და კაცები ხაჭაპურებს აცხობდნენ.

- კაცებმა მომკეთ და გალეწეთ, თქვე ბატისტვინებო, ქალებმა აცხეთ ხაჭაპურები და კვერცხის გული წაუსვითო.

გამოაცხვეს კეცსა და კეცს შუა კვერცხისგულწასმული ხაჭაპურები და ჭამეს და ჭამეს. ერთმანეთს გლიჯეს ხელიდან და დაუღეჭავად ყლაპეს.

ადამიანს გაჩენის დღიდან უზომო ჭამა უყვარდა, ვინც ნამეტანი გაუმაძღარი იყო, თიხის პატარა კეცში გამომცხვარი რას მეყოფაო და დიდი ქვის კეცი გააკეთა. რაღა თქმა უნდა, ქვისკეციანს ფქვილი, ყველი და კვერცხი მალე გაუთავდა და ვისაც ჯერ კიდევ ჰქონდა, იმას მიუვარდა.

კუჭს თუ აჰყევი, რა საძაგლობას არ ჩაგადენინებს. მიუვარდა და წვრილი, შემხობილი კეციდან ხაჭაპური ააგლიჯა, სულწაუბერავად შეჭამა, სულ დაითუთქა პირი.

- ეს ჩემი იყოო! - გაიქაჩა პატრონი, აიღო ქვის ჩაქუჩი, დაჰკრა მოძალადეს და მომხდურმა თქვენი ჭირი წაიღო.

- არიქაო! - გადაირივნენ უხაჭაპურო ქვისკეციანები და წვრილკეციან ხაჭაპურიანებს დაერივნენ. რა თქმა უნდა, ისინიც არ დარჩნენ ვალში და ატყდა ხოცვა-ჟლეტა.

- ეს რა ამბავიაო! - ცოფი ჰყარა დედამიწამ და ისე იძრა, სულ გაასწორა მიწასთან ყველაფერი და ატირდა.

- ომია, ომია, ომიაო! - დაიგრიალეს მწვერვალებმა, მთებმა და ხევებმა. ადამიანებზე გული გაუცივდათ და დედამიწის ცრემლი თავზე გაეყინათ - ჩამოათოვათ, გაჭაღარავდნენ.

მანამდე დედამიწა მწვანე - ახალგაზრდა იყო.

კიდევ უფრო შეშინდნენ ადამიანები. ხაჭაპურიანები ტყეში შეცვივდნენ, დაიმალნენ და ჩუმად დაიწყეს ჭამა. უხაჭაპუროებმა მშვილდ-ისარი გააკეთეს, შორიდან ესროლეს და ცხელი ხაჭაპურები ხელიდან დააყრევინეს. ხაჭაპურიანებმა ჭკუა იხმარეს, ტყეს მაღალი მესერი შემოავლეს და დარაჯები დააყენეს.

- რას შვრებით, ამ ჩემს ზურგს რომ ღობავთ, რა გინდათ, რას მერჩითო! - ისევ ცოფი ჰყარა მიწამ.

- ნუ ღობავთ, თორემ თქვენს შორის მტრობა არ მოიშლება, არ მოიშლებაო! ზვავები წამოვიდა მთებიდან, მწვერვალებიდან და ხევები და უფსკრულები აავსო.

- არაო! - ხელები გაასავსავეს და კინაღამ ცხელი ხაჭაპურები გაუცვივდათ ხაჭაპურიანებს.

- ახლა ჩვენ რაღა ვქნათო! - გადაირივნენ ქვისკეციანები.

- რომ მიდექით და იმ დიდ-დიდ ქვის კეცებში აცხვეთ და აცხვეთ, ხვალინდელ დღეზეც გეფიქრათო... - ჩაიქნია ხელი ჭაღარა დედამიწამ. - ხვალინდელ დღეზე უნდა იფიქროთ, უნდა იფიქროთო, უნდა იფიქროთო! - გაიმეორეს მიწის სიბრძნე მთებმა და ხევებმა.

დასხდნენ ადამიანები, არც საზღვრები მოშალეს, არც ღობე დაანგრიეს, დაიწყეს ფიქრი და ოცნება, ვიღაც-ვიღაცეებმა ლექსებიც კი შეთხზეს:

მიწა ვართ ნიადაგ ჩვენა,

ბეჩავი მიწის შობილი,

მიწაა ჩვენი დედ-მამა,

ჩვენი ძმა, ჩვენი დობილი.

- არაო! - კინაღამ ორად გასკდა დედამიწა. - აგრე ხომ შიმშილით და სიცივით დაიხოცებითო. სახლი ააშენეთ, საბძელი, ხულა და ნალია დადგით, შეინახეთ შიგ ჭირნახული, გამოიზოგეთ წლიდან წლამდე და მერე, ჯანდაბას თქვენი თავი, თუ გინდათ ის ლექსებიც წერეთ, რაკი არ იშლით. ის კი არა, თუ გინდათ, ხატეთ კიდევაცო.

- ჩვენ დაგვხატეთო, ჩვენ დაგვხატეთო! - გაუხარდათ მთებს და მწვერვალებს.

ადამიანებმა ააშენეს სახლი, დაიდგეს ნალია და ბეღელი, მერე საქათმეც კი მიადგეს, მელიამ ჭრელი ვარია არ მოგვპაროსო, რაკი ქათმის ჩიჩია ადამიანს მელაზე უფრო უყვარს.

ბოლოს თონეც გააკეთეს, ლავაშები ჩააკრეს და ვითომ გამოზოგვით ჭამეს: საუზმე, სადილი, სამხარი, ზარმელი, ვახშამი. დღეს, ხვალ, ზეგ, ამ კვირაში, იმ თვეში... გასუქდნენ, ქონი და სისხლი მოეძალათ, ვერ დაეტივნენ საზღვრებში და მეზობელს მიადგნენ.

- ხომ ხედავთ, რა ღონეზე ვართ, დავმსხვილდით, ქვეყანა გვევიწროება და ეს მესერი გადაწიეთო.

ღვთის წინაშე, მელექსეებმა კი თქვეს, მეზობელმა რამდენიც უნდა მისწიოს ღობე, ჩვენ ისე გავსუქდებით, მაინც არ დავეტევით. ჯობს ცაზე აფრენაზე ვიოცნებოთ, ცა უსაზღვროა და ყველას გვეყოფაო.

მიწაზე ვეღარ ვეტევით,

ცოდვა ისე გაგვიდიდდა,

ცის ლაჟვარდში გასაფრენი

ფრთები გვინდა, ფრთები გვინდა!

- ესენი გიჟები არიანო! - სიცილი დააყარეს, ვისაც ლექსი თვალით არ დაენახვებოდა, - ცაზე ავფრინდეთ რა, ტოროლები ვართო? - და ისევ მეზობელს მიუბრუნდნენ: გინდა თუ არა, საზღვარი მისწიე, ქვეყანაზე ვერ ვეტევითო.

- შენც არ მომიკვდეო! - მიასო ფეხი ღობის ძირში მეზობელმა. - მივწიო კი არა, თვითონ მეცოტავება ჩემი ტყე და მინდორიო.

- ამას ხომ ხედავო?! - დაანახეს მეზობელს გაპრიალებული ხანჯალი.

- კი მაგრამ ამასაც შეხედეთო! - დააძრო მეზობელმა ხმალი.

თურმე, ერთი რომ ჩუმად ხანჯალს ჭედავდა, მეორეს ხმალი გაუკეთებია. ღმერთმანი, მელექსეებმა კი თქვეს: მაგ ხანჯლების გაჭედვას, კალმები გაეკეთებინათ, ფრთით ვწერთ, გავპუტეთ ბატებიო. მაგრამ ვინ უგდო ყური! იშიშვლეს ხანჯლიანებმა ხანჯლები და მისწიეს საზღვარი. იძვრეს ხმლიანებმა ხმლები და მოსწიეს საზღვარი.

პოეტებმა, ღვთის წინაშე, ისიც კი თქვეს: ცისთვის ჰო და, მიწისთვის ერთმანეთის ხოცვა არ ღირს, ყველანი ერთი ბაბუის - ადამის შვილები ვართო. მაგრამ ვინ გაუგონათ, თითო-თითო ჩააფარეს თავში და ერთმანეთს მიესივნენ.

ატყდა სისხლის ღვრა. ხმლიანებმა ხანჯლიანებს აჯობეს, რაკი ხმალი ხანჯალზე გრძელია, და საზღვარი მოსწიეს.

ხანჯლიანებმა თავში ხელი წაიშინეს. თავი იმისთანაა, თუ ორივე ხელს წაიშენ, არ შეიძლება რაიმე უბედურება არ მოიფიქროს და გრძელი შუბი მოიგონა.

დასცხეს შუბიანებმა და სულ ცხვრებივით გადარეკეს ხმლიანები.

ახლა ხმლიანებმა დაიცხეს მუშტები თავში და თოფი გამოამეცნიერეს.

თოფი რომ გავარდა, შუბიანებმა იკადრეს უკან დახევა და თავში მარტო ხელი კი არა, ქვა და ლოდი დაიშინეს და, ხომ გითხარით, თავი ისეთი მანქანაა, თუ უსაშველოს გაუჩენ, რა უბედურება გინდა, რომ არ მოიგონოს და, ზარბაზანი დააქუხეს!.. ზარბაზანს ბომბი მოჰყვა და...

- აუუუ! - ზარბაზნის ქუხილზე აქუხდნენ მთები და მწვერვალები, აღრიალდნენ ხევები და უფსკრულები.

- ესენი რა გამიჩნდნენ, რომ გამიჩნდნენ, ერთმანეთს დაწყვეტენო! - ვულკანი ჩამქრალი იყო და ისევ ამოიფრქვა.

- აბა, რა ვქნათ, ქვეყანაზე რომ ვერ ვეტევითო! - თავი იმართლეს მეომრებმა. - თან, მხოლოდ ჭამა და ძილი მოგვწყინდაო. ატირდნენ.

- რა მოგივიდათ, რა დაუტევარი დაგემართათ. თუ მოგწყინდათ, ნუკი ტირით, იმღერეთ, იცეკვეთ, მეზობლებს სირბილში გაეჯიბრეთ, აბა, თქვენ იცით, რომელი რომელს გაასწრებთ! - ამოიგმინა დაღლილმა, ჭაღარა დედამიწამ.

- უნდა იმღეროთ, უნდა იმღეროთო! - დაიგუგუნეს მთებმა და ადამიანს სიმღერა ასწავლეს.

დასცხეს და დასცხეს სიმღერა, მაგრამ რა გინდა, ხმა ვერ ააწყვეს. ვის რა მოეპრიანება, იმას ბღავის.

ღვთის წინაშე, პოეტებმა კი თქვეს...

- ყურები ნუ გამომიჭედეთო! - ისევ ამოიგმინა ქანცგაწყვეტილმა მიწამ.

- აბაო?

- აბაო და, ვენახი მოაშენეთ, ყურძენი ბავშვებს აჭამეთ, ღვინო დააყენეთ და დალიეთ, იქნებ რაიმე გეშველოთო.

- დარგეს ვენახი. მიესივნენ ყურძენს ბავშვები. მერე დაკრიფეს, დაწურეს და ქარვასავით ღვინო დააყენეს. სვეს ცივი ღვინო, დააყოლეს ცხელი ხაჭაპური, ტყემალში ამოწებული, კეცებს შუა შემწვარი წიწილი და, მოგეცათ ლხენა. სიმღერა დააგუგუნეს. ბოლოს კარგი ბუქნიც ჩამოუარეს და ისევ დასცხეს მიწას წიხლები.

- რა გინდათ, ახლა მაინც რას მერჩით, ეს წიხლების ცემა და მალაყები რატომ არ მოიშალეთო! - ამოსძახა მიწამ, რაკი ადამიანის გული ვერაფრით გააძღო.

- რას გვერჩით, რას გვემართლებითო! - გაიმეორეს სევდიანად ხევებმა და უფსკრულებმა.

- არაფერს, შე კაცო, კარგ გუნებაზე ვართ და გესიყვარულებითო.

- მერე, ეგაა სიყვარულიო?

- ეგ რა სიყვარულია, ეგ რა სიყვარულია!.. ისევ და ისევ გამოექომაგნენ მთები და მწვერვალები მიწას.

- მაშინ, კარგიო, - და ადამიანებმა თითის წვერებზე - ცერებზე დაიწყეს სიარული...

- მაგრამო!.. - წამოსცდათ, რაკი ჩუმ-ჩუმად თოფ-ზარბაზნის კეთება ვერ მოიშალეს.

- რა მაგრამო!! - ცეცხლი კინაღამ წაეკიდა მიწას. - კიდევ რა „მაგრამ“ აგიტყდათო!..

- რა მაგრამო, რის მაგრამო!.. - შეტორტმანდნენ მთები და სერები. აღმუვლდნენ ხევები და უფსკრულები.

- რაო, და ადამიანის გული ხომ იცით, საზღვრებში რომ არ დავეტიოთო... საზღვრები რაა, მიწაზე რომ არ დავეტიოთო?

- რა ღმერთი გაგიწყრათო! - აბღავლდა მრავალტანჯული მიწა. - ჯანდაბას თქვენი თავი, თუ უსაშველო გაგიჩნდათ, ირტყით თავში ხელი, თვითმფრინავები გააკეთეთ. ჰაერში აფრინდით, სამყარო უსასრულოა, იქ მაინც დაეტევითო!

- ჰაერში იფრინეთ, იფრინეთო! - ბანი დააწიეს მიწას მთებმა, მწვერვალებმა და ხევებმა.

თუ სიმართლე გინდათ, პოეტებმა თავის დროზე კი თქვეს.

- უჰ, შენ აგაშენა ღმერთმაო! - დაიდგეს ადამიანებმა რადიო და ტელევიზორი და დასცხეს ხმაშეწყობილი სიმღერა, მერე, თითის წვერებზე, ცერულით ჩამოუარეს და შიგადაშიგ ფეხის გასმაც კი დაიწყეს, იქნებ მიწას შეეხიცინოს და გაეცინოსო.

- შენ უბრალო მიწა კი არა, დედა ხარ ჩვენი! ისეთი სიკეთე გვიქენი, დედამიწა უნდა დაგიძახოთო!

- მერე, მასე ჰქენით, თქვე ოჯახაშენებულებოო! - ცოტა გულს მოეშვა საწყალ დედამიწას.

- დედამიწაო, დედამიწაო, დედამიწაო! - გაიხარეს მთებმა, მწვერვალებმა, ხევებმა და უფსკრულებმა.

- გასაგებია, დაჩი? - ჰკითხა ბაჩომ ნაბოლარა ძმას.

- დე-დე-და-მიწა! - მთქნარებით თქვა დაჩიმ და დაიძინა.

ბაჩომ ვერ იქნა და კარი უხმაუროდ ვერ გამოიხურა, მაგრამ დაჩი, ალბათ, მიეჩვია და არც გაუგონია.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ოტია იოსელიანი  • • •   ოტია იოსელიანის პოეზია/პროზა

შეიძლება დაგაინტერესოთ