კოდალამ, ტყეს რომ გულდაგულ უმკურნალა, დაღლილმა ბებერი ცაცხვის ფუღუროს საძრომზე დააკაკუნა.
- ვინაა, რომ მყუდროებას მირღვევს? - გაანჩხლდა ბუ. - არ იცით, რომ ბრძენი ვარ!
- ვიცი, ბრძენთა ბრძენი ხარ, მაგრამ ამდენი არაფრის მაქნისი რომ აღმა-დაღმა დაფრთხიალობს, დაწრიალობს, უსტვენს და გარეწრობს, გამოდი და დაარიგე, ჭკუა ასწავლე, ფუღუროში ნუ იმალები.
- ვინც ჭკვიანია და სიბრძნე უნდა, ფუღუროშიც მომძებნის და ვისაც არაფრის გაგონების და გაგების უნარი არა აქვს, დღე და ღამე რომ უქადაგო და ეჩიჩინო, მაინც სულელად დარჩება! - გამოსძახა ბუმ.