ზოგჯერ ქალებს საოცარი სურვილი უჩნდებათ, რომ დაარღვიონ ჩვეული რეჟიმი, ჩავარდნენ ცოდვაში და გამოაღვიძონ მიძინებული ჰორმონები.
და მართლაც ასეა, ამიტომ, ღალატი საოცრად სასარგებლოა სუსტი სქესის წარმომადგენლებისთვის, რადგან მისი საშუალებით ისინი გამაოგნებლად კარგად გამოიყურებიან ხოლმე.
არავითარი სპა პროცედურები, სხვადასხვა სახის კრემები და კოსმეტიკური საშუალებები ისე არ მოქმედებს გათხოვილ ქალზე, როგორც მეგობარი მამაკაცის აკრძალული, მაგრამ მგზნებარე კოცნა - მამაკაცისა, რომელიც ვნებით ლუღლუღებს - „როგორი საოცარი და სიცოცხლე ხარ ძვირფასო...“ ამასთან აღფრთოვანებით შეჰყურებს, სურს იგი და მოთხუპნული აქვს პომადით საკუთარი ლოყები.
ქალი შექმნილია ვნებისთვის, სიყვარულისთვის, ვიბრაციისთვის და ამ ყველაფერს მუდმივად საჭიროებს. ამიტომ, ყველაზე საუკეთესო ქმარიც კი მოსაწყენი ხდება და ქალი იწყებს ჭკნობას - იგი კარგავს ფერს, მატულობს თმების ცვენა, უქრება ბედნიერი შარავანდედი თვალებში, შრევდება ფრხილები...
მოდით აქ თავი დავანებოთ მორალს. ეს არის ჩვეულებრივი ფიზიოლოგია, გარეგნობაზე ზრუნვა.
მამაკაცი ხომ აძლევს ხოლმე თავს ოჯახს გარეთ „ცუღლუტობის“ უფლებას და რით არის ქალი ნაკლები? სინამდვილეში მას ეს უკეთესადაც კი გამოუვა, რადგან არ წავა ნასვამი ბარში ან საუნაში და არ დაუწყებს ძებნას მეძავ მამაკაცებს. თუ მოხდა და ქალს ნასვამს გაეღვიძა ამგვარი სურვილი, იგი წავა მამაკაცთან რომელიც მოსწონს და არა პირველივე შემხვედრთან.
ასე რომ სუსტი სქესის წარმომადგენლებო - თუ შეაატყვეთ, რომ თვალებს ქვემოთ გაგიჩნდათ ჩრდილები ან ნაოჭები, მაშინვე იფიქრეთ ღალატზე.
ღალატი აუმჯობესებს ჰორმონალურ ფონს, კანის ფერს, განწყობას. ყველაზე ძვირადღირებული კოსმეტოლოგიც კი ვერ დაგეხმარებათ ისე, როგორც ხანმოკლე მგზნებარე რომანი.
ალბათ ბევრი გააპროტესტებს - კი მაგრამ ოჯახი? ერთგულება? ჩვეულეები? მაგრამ დამშვიდდით, აქ პრეტენზია არავის აქვს სულიერებაზე და ჭეშმარიტებაზე.
ღალატი - არ ნიშნავს განქორწინებას. ღალატი - არის იმპულსი, თავგადასავალი. ზრუნვა ტონუსზე და ჯანმრთელობაზე. ხედავთ სხვაობას?
გონიერი ქალი კარგ ქმარს არ მიატოვებს. იგი მას აფასებს და არასოდეს აწყენინებს, ამიტომ ისე ვირტუოზულად უღალატებს, რომ ქმარი ამის შესახებ ვერასოდეს ვერაფერს შეიტყობს.
ღალატი - ხელოვნებაა, ხოლო ქალები შესანიშნავი მსახიობები და თვალთმაქცები.
ღალატის ხელოვნება ყველა ქალში თვლემს, უბრალოდ საჭიროა ცოდნა, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა ისე, რომ არ დაწვათ ხიდები და ყველაფერი დარჩეს ისე, როგორც იყო - მხოლოდ პატარა მხურვალე ბედნიერებით თქვენს შიგნით, რომელიც ასე გსურდათ და რომლის შემდეგაც გახდით უფრო მხნე და ენერგიული, გაგეზარდათ თვითშეფასების უნარი...
ამ დროს ქალებს ქმრებიც კი უფრო მხურვალედ უყვარდებათ და გაცილებით მგზნებარედ და თავდავიწყებით გადასცემენ ხოლმე დაგროვილ ენერგიას ვიდრე ადრე.
ღალატი - ფილმია, რომელიც მოითხოვს ძალიან სერიოზულ და მყარ სცენარს. ამით იგი უფრო მიმზიდველია.
ღალატი არ არის მხოლოდ - დაწვე საწოლში და მიეცე ვნებას. ამგვარ პრიმიტიულ საქციელს მამაკაცებიც ახერხებენ. არა, - ყველაფრის გათვლა დეტალებამდეა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები გარდაუვალია და ვის სურს ეს?
თუმცა სუსტი სქესის წარმომადგენლებმა უნდა იცოდნენ, რომ ნებისმიერ მამაკაცში თვლემს „შერლოკ ჰოლმსი“ და ვაი იმ ქალს, ვინც ამ მთვლემარე გრძნობას გამოაღვიძებს. ეს თითქმის დასასრულის მაჩვენებელი იქნება, რადგან თუ ქალებს შეუძლიათ ღალატის პატიება, მამაკაცების მექანიზმი ისეა მოწყობილი, რომ ისინი ამას არასოდეს პატიობენ.
ამიტომ, გსურთ ფლირტი, გართობა და თავდავიწყება ოჯახს გარეთ? კი ბატონო! მაგრამ იმ შემთხვევაში თუ გაქვთ უნარი ეს ყველაფერი სრულიად საიდუმლოდ დარჩეს. არავითარი საიდუმლოს განდობა მეგობრებზე, არავითარი ერთობლივი სელფი, არავითარი ღამით მიმოწერა და უდროო სატელეფონო საუბრები.
თუ ეჭვი მიიტანეს და გაგშიფრეს კიდეც, თუ უკვე „კედელზე ხართ მიყენებული“ - არ დანებდეთ და არ აღიაროთ, თორემ დანდობას და შენდობას არც ელოდოთ, რომ დაგინდონ კიდეც, თქვენი ცხოვრება აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო.
ქალის ღალატი - ცივილიზაციის ძრავია. რომ არა ღალატი, კაცობრიობა მოწყენილობისგან დაიღუპებოდა ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში.
რომ არაფერი ვთქვათ ხელოვნებაზე - დრამატული ქალური ღალატის გარეშე ვერ შეიქმნებოდა - „დეკამერონი“, „მადამ ბოვარი“ „ანა კარენინა“ და სხვა და სხვა...
ბოდიშს გიხდით თუ ეს სტატია ღალატის პროპაგანდაში ჩამითვალეთ, მაგრამ მოდით ჩათვალეთ ფელეტონად...
სინამდვილეში, რა თქმა უნდა არაფერია იმაზე მშვენიერი, ვიდრე ერთგული და მოსიყვარულე ცოლი, რომელიც ცხოვრებაში არასოდეს გაივლებს გულში ღალატს.
გარდა ამისა, ჰორმონალური ფონის შეცვლა, კანის ფერის გაუმჯობესება, თვითშეფასების უნარის ამაღლება და სასიყვარულო თამაშების ახალ დონეზე აყვანა ქორწინებაშიც შეიძლება, საკუთარ მეორე ნახევართან და ამისთვის ღალატი სრულიად არაა აუცილებელი, თუმცა სამწუხაროდ ეს მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ.