სხვა სული გაქვს და სხვა ფერი, სხვანაირად მელი... ალიონზე მაფშალია სხვანაირად მღერის... სხვა მზე გათბობს... სხვანაირი იცი წვიმაც, ნისლიც... სხვანაირი ფერება და სიყვარული იცი... გულს გაუღებ, როგორც ჭიშკარს, ჩაიხუტებ უმალ... მამაპაპურ ტაბლას გაშლი, იმ დალოცვილ ტაბლას, არ იკმარებ ქაცარსა და ჩამოკიდებ ქაბლას... დარდს და წუხილს გაგვიქარვებ, დაგვავიწყებ დაღლას... სამცაცხვიდან სხვანაირი გეფინება მადლი, ფეხშიშველა მაცხოვარი თეთრ ღრუბლებზე დადის... სხვანაირად მორაკრაკე შენი ნაკადული... სხვანაირი ენგური და სულ სხვა ჭანისწყალი, სხვანაირი გუთნისდედა, ქედგამწევი ხარი... სხვანაირი ბავშვობა და ჩემი ბედისწერა... გენთოს, როგორც კელაპტრები - შენ ხომ ტაძარიც ხარ - ჩემი ლექსის სტრიქონები, ჩემო წალენჯიხა. |