კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ივნისი 2025 02:16

 

 

 

აბა ვინა ხართ, სადა ხართ,

გამოიხედეთ გარეთა!

გილოცავთ ახალსა წელსა,

იცოცხლეთ, გაიხარეთა.

ძალად მოვდივარ მეკვლედა,

თქვენ ხომ არ დამიბარეთა:

სულით და გულით მოძღვნილი

სალამი ჩაიბარეთა,

რაც ვსდუმდი აქამომდისა,

ამაში გამიბარეთა!..

უპირველესი სალამი

ივერის არე-მარესა, -

მისს სისხლსა და ხორცს - ქართლ-კახეთს

და იმერეთის მხარესა,

ბედი და ბედნიერება,

დღეთამც ნუ ჰნახვენ მწარესა…

ვუსურვებ დღეგრძელობასა

სამშობლოს მზეს და მთვარესა:

ნუგეშსა გვცემენ, გვათბობენ

და გვითენებენ ღამესა…

მერე სალამი მუშათა:

ცულის და თოხის მქნეველთა,

მწყემსთა და ღამის მეხრეთა,

მინდორში ღამის მთეველთა,

თავის მარჯვენის მადლითა

მთელის ხმელეთის მრჩენელთა.

მწიგნობართ – ერის წინამძღვართ,

ქვეყნისთვის კარგის მრჩეველთა:

რა გვარგებს, რა გვაზარალებს, –

დღე-მუდამ იმის მკვლეველთა…

მენამც თავს შამოვევლები

ჩემის სამშობლოს მთა-ველთა!

სალამი მღვდელთა, მოხელეთ,

რომ ივარცხნიან ქეჩოსა!

ვთხოვ ათლეინონ ჩვენსკენა

წალდუნასა და ეჩოსა…

ყველას, ვინც ქვეყნის გულისთვის

გაიძრას, გაიჩეჩოსა!..

არაფერს ვეტყვი საწყენსა

ამ ჩვენს დახლიდარს ხეჩოსა:

იმას მილოცვა რად უნდა,

ოღონდ ფულები ხვეჭოსა…

ვაი თუ ფულების გამო

ბოლოს ჟამს გაიბეჭოსა!..

ვუსურვებ, რო გაემარჯვოთ

მშობელის ქვეყნის დედათა!

ერთს ვურჩევ, თუ დაიჯერეს,

სარგოსა მეტისმეტადა:

შვილთა აღზრდაზე იუბნონ,

რო შეიყარნენ ერთადა;

ლამაზად შვილის აღმზდელი

დედა მიცვნია ღმერთადა…

და ყრმათ, ჯერ დაუბუმბლავთა,

ერთგულნი ჰყვანდენ დედასა

და არ შეუდრკნენ ბოლო ჟამს

ბასრის მახვილის კვეთასა,

როცა-კი მტერი მათ მშობლის

შეურაცხყოფას ჰბედავსა…

დიდიმც ექნება საზღვარი

თქვენთ თვალთ და გულის ხედვასა!..

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ვაჟა- ფაველა  • • •   ვაჟა-ფშაველას პოეზია/პროზა

შეიძლება დაგაინტერესოთ