კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ივნისი 2025 22:03

 

 

 

გამთბარ გულიდან სხივს ამოვიტან,

რომ გავანათო ჩემი ჭაღარა

რადგან აპრილის სითბო მოვიდა

და ყვავილები გადმომაყარა.

სხივებმა მიწას თოვლი გაჰხადეს,

წყალი წკრიალით იწყებს გალობას.

გახარებული გული ღაღადებს

ამ სიხარულის გარდუვალობას.

ატმის ყვავილი გუნდივით მღერის

ზამთრის ლეშისთვის გათხრილ ხაროზე.

დამისახელეთ თუნდ ერთი მწერი,

რომ გაზაფხული არ უხაროდეს!

და ჩემს გულშიაც მღერით შემოდის

წყაროს ჩხრიალი დაუცხრომელი,

ვინ დაიჩემებს წყურვილს ჩემოდენს:

კაცი, ფრინველი ან ხე რომელი?

ზაფხულის პირზე მუდამ ასეა:

მზემ ერთხელ ფრთები თუ შეარხია, -

მიწის სურნელით სივრცე სავსეა

და ვარსკვლავებიც თითქო ბაღია.

ნუშის კვირტები თვალებს ახელენ,

მზე არ ენახოთ თითქოს აროდეს.

თუნდ ერთი ჩიტი დამისახელეთ,

აპრილის მოსვლა არ უხაროდეს!

მეც ხომ ამ ბაღის ერთი მწერი ვარ,

ყვავილთა მტვერით ფრთაშეგლესილი?

მეც ჩემი ქვეყნის ცაზე ვწერივარ

შვიდსტრიქონიან ფერად ლექსივით.

მუდამ შრიალა მწვანის მძებნელი,

მეც ხომ ამ ბაღის ერთი ჩიტი ვარ?

ყელში გალობა - დაულევნელი

ყვავილშემოსილ ტოტზე ვკიდივარ.

და დღეს ჩემს გულსაც ეს უხარია,

რომ ეგ სინათლე ასე დიდია,

რომ არც თოვლია, რომ არც ქარია,

და მზეც სამშობლოს ცაზე ჰკიდია.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ალექსანდრე აბაშელი  • • •   ალექსანდრე აბაშელის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ