კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ივნისი 2025 02:36

 

 

 

ყავლი გაჰსვლოდა ზამთარსა,

მიჩანჩალებდა ჩუმადა…

ქვეყნად არც ერთმა სულდგმულმა

არ გააცილა ძმურადა.


ყველა მისძახდა: „გაგვშორდი,

რაც გვტანჯე, ისიც კმარაო,

ჩვენი ყოფა და ცხოვრება

სულ შენგან დაიცარაო!“


სწორედ აქ ბინა აღარ აქვს,

ადგა და გაიპარაო.

გაზაფხულს ჯარი მოუდის,

მეტი არ არის ჩარაო;

ზამთარმა ჯაგლაგი ცხენით

მთა და მთა შეიარაო.


ძალიან დაღვრემილიყო,

ძალიან გული სტკიოდა,

ვაების გამომხატველი

თვალთაგან ცრემლი სდიოდა.


აღარ იხედავს უკანა,

არ უნდა ნახოს ჭალები:

ცოცხალს რომ ჰნახავს ტყე-ველსა,

ზამთარს დაეწვის თვალები -

გაუდიდებენ კაეშანს

მინდვრის პატარა ქალები.


ერთ პატარა ხევს მიადგა,

იმაზე გასვლა მაუხდა,

და, ვერ უყურებთ თავხედსა,

რომ ისიც მტრულად დაუხვდა!..


გუშინწინ ჩუმი, დღეს ჰყვირის

და გზას უღობავს ბატონსა;

მტრად აეკიდა ნაკადი

კუდალა ცხენის პატრონსა:


ხევზე გასვლის დროს მოხუცსა

კინაღამ ცხენი წაექცა

და სამუდამოდ კინაღამ

ზამთარს ოჯახი დაექცა.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ვაჟა- ფაველა  • • •   ვაჟა-ფშაველას პოეზია/პროზა

შეიძლება დაგაინტერესოთ