კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ივნისი 2025 02:22

 

 

 

ძვირფასო, გახსოვს?

იდგა ზამთარი

და თეთრი თოვლით აგვივსო სული,

იყო ცივიც და იყო დამთბარიც, -

თითქოს იკლავდა ჟინსა და სურვილს.

ვუსმენდი ფიფქთა საამო შრიალს

ქუსლებით ვწვდებით უცნაურ ანბანს,

მაგრამ ქარბუქი შლიდა და შლიდა,

ტანზე გახევდა პალტოს და კაბას.

და როცა ჩადგა კორიანტელი,

ქუჩემი ჰგავდნენ წაკითხულ ფურცლებს,

მერე ბრჭყვიალა თოვლის ფანტელი

ვერცხლის ფულივით დაცვივდა უცებ.

და ჩვენი კვალი გაბმულ თოვაში

იკარგებოდა ვით კვალი წყალში,

და ჩვენ აღმოვჩნდით თოვლის გროვაში,

როგორც თეთრ ქაფში ჩამჯდარი ბავშვი.

თითქოს ობობას ქსელში გავებით,

ისე დაგვიგო ზამთარმა მახე,

ჩამობარდნილი სახურავები

მწყემსის ქუდივით ეხურა სახლებს.

და გვეშინოდა გარეთ გათევის,

თუმც ერთმანეთთან არ გვაკლდა სითბო,

იდგნენ ნაძვები, როგორც სანთლები, -

ელოდებოდნენ ანთებას თითქოს.

თოვლის ეკრანი გაგვიკრა ზეცამ

და მბრძანებლობდა თეთრწვერა ღმერთი,

ქუჩებს და ბაღებს სითეთრე ეცვათ

და ღამეც იყო თოვლივით თეთრი.

მე ის დღე როგორ დამავიწყდება, - 

ზამთარი შენი ზიარი მქონდა.

თოვდა და თოვდა თავდავიწყებით...

თავდავიწყებით თოვდა და თოვდა....

შეიძლება დაგაინტერესოთ