კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 05:03
Advertisement

 

 

 

თუ არ გინახავს სიღნაღი -

ძველი ქალაქი მთაზე,

ნუ იტყვი - იცნობ კახეთის

დიდებულ სილამაზეს.

თუ გალავანთან არასდროს

არ ჩაგიმუხლავს დაღლილს,

სიოდ არ შემოგხვევია

ალაზნის სუნთქვა ლაღი.

თუ არ გინახავს გომბორზე

ღრუბლების ბაირაღი,

ნუ იტყვი - ჩვენი მთა-ბარი

არის ოცნების ბაღი.

სიღნაღის ახლოს, წისქვილში

არ დაგათენდა თუკი,

არ გაიღვიძე გომბორზე

მზის ცეცხლისფერი ბუკით.

არ შეგჭახჭახა ხოხობმა,

არ შეგეფეთა შურთხი,

ნუ იტყვი - სულ სხვა შუქია

ჩემი სამშობლოს შუქი.

თუ არ გინახავს ბურჯები

დათოფილ-დაისრული,

თუ არ გიგრძვნია წინაპრის

გაუტეხელი სული.

აივნებჩაწნულ ქუჩებში

ღვინის და თრიმლის სუნი,

ნუ იტყვი, რომ შენ კახეთის

ნახე მშვენება სრული.

თუ არ გინახავს ნახმლევი

მთებზე პატარა კახის,

სიღნაღის ირგვლივ ველებზე

ზვრებს შესეული ხალხი.

სარაჯიშვილის აკვანი

და ფიროსმანის სახლი, -

სად მოისმენდი გარდასულ

დღეთა შორეულ ძახილს.

შემოდგომაზე ჰაერი

ბადაგნარევი, ტკბილი...

კავკასიონი ზაფხულშიც

თოვლის ქათქათა ფთილით.

და მის გადმოსწვრივ ტაძრები

შეთეთრებული კირით,

თუ არ გინახავს, რა ნახე

კახეთში გასაკვირი.

ყველგან უხვი და კარგია

ქართული მზე და მიწა,

მაგრამ თუ დღემდე ვერ ნახე

პირიმზე ალაზნისა.

არ მოგწვდა შუქი სიღნაღის, -

კახეთის დედოფლისა,

მაშ ერთი სხივი დაგაკლდა

დიდი ქართული მზისა.

თუ არ გინახავს სიღნაღი -

ძველი ქალაქი მთაზე,

ნუ იტყვი - იცნობ კახეთის

დიდებულ სილამაზეს.


ლექსები კახეთზე  • • •  პოეზია - იოსებ ნონეშვილი  • • •   იოსებ ნონეშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen