კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 15:56
Advertisement

 

 

 

ბავშვობაში განა ვინმეს დარჩა განუცდელი

კარუსელი, კარუსელი, დიახ, კარუსელი!


ნუთუ იყო განგებასთან წილნაყარი ხვედრი,

დირიჟაბლი, სირაქლემა, მანქანა თუ ეტლი?


ზოგს ხომალდი იტაცებდა, ზოგს კი - ტახტრევანი,

კუზიანი კვიცი იყო ჩემი არჩევანი.


რა თქმა უნდა კარუსელს ჰგავს წუთისოფლის ბრუნვაც,

ვისთვის მხოლოდ გართობაა, ვისთვის ცდა და ზრუნვა.


მაგრამ ბრუნვა წუთისოფლის არის აუხსნელი

კარუსელი, კარუსელი, დიახ კარუსელი!


ვინ სიჩქარეს შეეწირა და გაექცა საჭე,

ვერ გაექცა, ვერ დაუსხლტა ბედისწერის სასჯელს.


ვის თვალები აუჭრელდა, უზანგს დაეკიდა,

ვინ ცხენიდან ჩამოვარდა და ვინ ტახტრევნიდან.


ზოგი შერჩა დავიწყებას, ზოგი ავანსცენას,

ზოგი ითქმის ფოთოლცვენად, ზოგიც - ვარსკვლავთცვენად.


და ტრიალებს კარუსელი. დროის კარუსელი,

წაღმა ბრუნავს თუ უკუღმა - ბევრმა გავუძელით.


ბრუნავს, ბრუნავს დედამიწა, ბრუნავს, ბრუნავს, ბრუნავს,

ვარსკვლავების კარუსელი კვეთს კოსმიურ ბურანს.


ასეთია წუთისოფლის უცნაური სრბოლა,

ვისთვის მხოლოდ გართობაა, ვისთვის მხოლოდ ბრძოლა,


ასეთია ეს საწუთრო, ჯერაც აუხსნელი,

კარუსელი, კარუსელი, დიახ კარუსელი!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen