კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ივნისი 2025 04:05

 

 

 

ტყეში შევდივარ და ხედ ვიქცევი,

ხეში შევდივარ და ხის სული ვარ,

ზღვაში შესული ტალღად ვიქცევი,

მთაში ბილიკად გახიზნული ვარ.

მსურს, ყველა ბონდი გადავიარო,

გადავიწვიმო მეტყევის ქოხში,

გადავიარო ის მთა ფრიალო

და სიჩუმისგან დავიხსნა კოკში.

აიზლაზნება ლეგენდა ციხით,

როგორც დამფრთხალი ბებერი ძერა

და სივრცის იქით და დროის იქით,

რაღაც ასტრალურ სივცრეებს ზვერავს.

მსხვილ-მსხვილ, ჟანგისფერ ჭიანჭველებად

ქვებზე მიცოცავს ჯაჭვის პერანგი,

თითქოს ხილვაა ან გახსენება

ძველი სიკვდილის და ფათერაკის.

მინდა, ვაზივით წამოვაყენო

ქვაზე მტირალი ეპიტაფია,

ვკრიფო ყურძენი ქვაზე ნამყენი,

როგორც შაირი ანდა კაფია.

აი გვირაბიც - ღამის სახელო

გარეთ ხელივით ჰყოფს მატარებელს

და მოლოდინში ღელვას ამხელენ

გზები, ხიდები და პატარები.

ზოგი სადგური წითელქუდაა,

ტყე კი მგელივით უპირებს შეჭმას.

სინამდვილეა და ზღაპარს უდრის

და მირაჟივით ცისკიდურს შერჩა.

სადგურებს თითო მუჭა ბაზარი

კალათებივით უდევთ მუხელბზე,

მზე ჩამავალი ტყეს აზანზარებს,

ჩრდილის საბერტყად გადის მუხლებზე.

ხოლო მუხლუხო მუხის ფოთლებთან

გააზრებული მეტაფორულად

დრომ თავის თავში ვერ გამოკეტა,

როგორც მარტივი რაღაც ფორმულა.

იგი ფერს იცვლის, როგორც მირაჟი

და როგორც აზრი სრულყოფას ეძებს,

გადადის უფრო რთულ ფორმულაში

და მატარებლად მიჰყვება რელსებს.

ეს მზე, ეს მითი დამხურეთ ქუდად,

მიწისქვეშ პაპის სული მიცხონეთ,

სინამდვილეა და ზღაპარს უდრის

და აქ სიკვდილი უდრის სიცოცხლეს.

და მაინც ეჭვი, როგორც კოშმარი,

არავინ მკითხოს, რატომ მდევნიდა

თვითნ სიკვდილმაც ვერ ამომშალოს

სამყაროს ამ დიდ განტოლებიდან...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ