კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ივნისი 2025 02:21

 

 

 

ახალ-წელია. თოვლი დევს,

ჰყინავს და ცივა ძლიერა,

გაონავრებულს მინდვრებზე

მგლის ჯოგი დაძრწის მშიერა.

ჩვენ ვსტკბებით ტკბილეულობით,

მცენარეები გლოვობენ:

არვინ აბერებს „ტკბილადა“,

საჩუქრებს ვერა შოვობენ.

ბაღში და მინდვრად ყვავილნი

ჩამხმარან, ვეღარ ხელობენ,

ხეები, ფოთოლ-გაცვრცილნი,

მათ ნაცვლად თოვლსა მცველობენ.

ყვავილთა ახალი წელი

მაშინ იქნება მხოლოდა,

როცა ეს ცივი ზამთარი

გაქრება საბოლოვოდა,

როცა დადგება მაისი,

ჟუჟუნა წვიმა დაუშვებს,

როცა პირიდან ვეშაპი

მზეს დატყვევებულს გაუშვებს.

იმ დროს არს ბუნებისათვის

ახალის წელით ლაღობა

და დაეტყობა მთა-ბარსა

სიკისკასე და ბალღობა,

თაფლი წყლად მოდის მიწაზე,

უამს იმითი დატკბობა.

აყვავდებიან მინდვრები,

მწვანე ამოხეთქს ხშირადა,

ტყე ფოთლით გაიბურება,

ჭალების, მტების პირადა,

მეკვლედ მერცხალი მოუვათ

მილოცვის დასაჭყივლადა:

„გილოცავთ ახალსა წელსა

თქვენ, მიქცეულნო ძილადა,

მთებო, ჭალებო, მინდვრებო,

ერთად - ვინცა გყავსთ შვილადა:

წვრილმანა მწერებიანად

ყველა დაბერდით ტკბილადა!“

მაშ დღეს ჩვენ ვიმხიარულოთ

და მოითმინონ იმათა.

გაზაფხულამდე ეკიდოსთ,

რაც ტვირთი ადევსთ კისრადა!

სულის ცხონება თუ უნდათ,

ცოტა ხანს იყვნენ მწირადა;

ტკბილი ისაა მუდამა,

რაც იშოვება ძვირადა.

ხვალ გაითბობენ წელ-გულსა,

თუ დღეს არიან ცივადა,

უხინკლოდ, უგოზინაყოდ,

დაღონებულნი, მწკრივადა.

რომ არც თავადა ჩქარობენ!

მყუდროდ არიან, ფრთხილადა,

ზამთარ-ზაფხული, ეტყობა,

მათ ეჩვენებათ ხილადა,

არ ეძახიან ერთმანეთს

საშფოთრად, ასადრტვინვადა.

დედ-მამის ხელში არიან,

ორი ჰპატრონობს წყვილადა:

მამა საწვრთნელად გულცივობს,

მრისხანობს თავის წილადა;

დედა კი ულოლიავებს

შვილებს, ეპყრობა ტკბილადა,

და ახალ-წელიც მას მოჰყავს

ოჯახის მოსალხინადა.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ვაჟა- ფაველა  • • •   ვაჟა-ფშაველას პოეზია/პროზა

შეიძლება დაგაინტერესოთ