მე და მაისი მთაში მივდივართ, აქ, ბარში, საქმე გამოგველია; მწვანე ვაწვიმეთ ტყეს და მინდორსაც. ლიხს აღარც გორნი გამოგველიან.
ფერთა ზღვა ვფინეთ ქალაქის კართან, წყალობის თვალით დაბლობს დავხედეთ და დავაბერტყეთ დოვლათის კალთა.
და ზამთრით დამთვრალ უშგულს და არხოტს ლიხს მიუხვავებთ, ფოთოლს მიუსევთ, ჩქერს მივცემთ ზვავთა ღაწვების ნახოკს.
ელვას ჩავკრავთ და ჩავახლით მეხსა, ჯიხვებს დავაფრთხობთ მაღალ ჭაუხზე და მივახიზნებთ საჯიხვე ეხსა.
კლდიდან ვარდნილებს დავუშვებთ შფოთით, დე, არხოტმა და უშგულმაც ნახოს მაისის მადლი და მარიფათი.
ხევსური როცა დაბღუჯავს ერქვანს, - ჩვენ მაშინ იებს დავიბნევთ გულთან, რომ გაზაფხულის მეკვლენი გვერქვას.
ცელს დავლოცავთ და საყანეს დახნულს და კავკასიის დაკბილულ ქედზე დაველოდებით თაკარა ზაფხულს. |