კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ივნისი 2025 21:57

 

 

 

საქართველოს

ყელყარყარა ლამაზებო,

ერთი წუთით

მიანებეთ საქმეს ხელი,

ამოიღეთ,

შენახული საგანგებოდ,

ფარჩისა და

აბრეშუმის სამოსელი.


გამოეწყვეთ საზეიმოდ,

თვალს ნუ ნაბავთ,

ყელსაკიდით დაიმშვენეთ

ბროლის ყელი,

ოქრომკედით ამოქარგულ

ქართულ კაბას

ზედ სარტყელიც დასჭირდება

ოქროსფერი.


ჩამოდექით,

მიჯნურებო ალვისტანა,

ვისაც წრფელი სიყვარულით

გული გიცემთ...

დაიფიცეთ ვაჟკაცების

მკლავის ძალა,

მათი ხმალის ნაპერწკალი

დაიფიცეთ.


მოიგონეთ შავგრემანი

თქვენი ძმები,

ვისი გულიც

სამშობლოზე ფიქრით ღელავს,

ვინც აოტა

სისხლიანი რაზმი მტრების

და თავისი

ქართველობა ასახელა.


აღუღუნეთ

ჩონგურები,

აღუღუნეთ,

დაე, გულზე მოგვეკიდოს

ტრფობის ალი...

თუმც ათასჯერ

არბიეს და ანადგურეს,

საქართველო

ისევ ისე ლომი არის.


სხივგაშილი გადმოჰყურებს

ქართულ ზეცას,

მშობელ ზეცას

მზე ნათელი,

შუქმარადი...

საზარელმა მტრის ურჩხულმა

ვერ შელეწა

გოლიათი

კავკასიის მუზარადი.


ჩამოდექით,

გოგონებო ალვისტანა,

ვისაც წრფელი სიყვარულით

გული გიცემთ,

დაიფიცეთ ვაჟკაცების

მკლავის ძალა,

გამარჯვების ტკბილი წუთი

დაიფიცეთ.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ ნონეშვილი  • • •   იოსებ ნონეშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ